დაკითხვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს გამოძიებამ არ დაუსვა არც ერთი კითხვა მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც დავით-გარეჯს შეეხებოდა. სალომე ზურაბიშვილი ჩვენებაში მხოლოდ იმ პერიოდზე პასუხობს კითხვებს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა (2004-2005 წლებში) და ამბობს, რომ სადაო საზღვრის ნაწილების შეთანხმება მაშინ მიაჩნდა, რომ პრეზიდენტების დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო. მას არც გამოძიება ეკითხება და არც თვითონ ამბობს არაფერს იმაზე, რა გააკეთა უკვე პრეზიდენტის რანგში თუნდაც სადაო მონაკვეთების ბედის გადასაწყვეტად.
“მე უშუალოდ არ ვიყავი ჩართული ამ კომისიის საქმიანობის პროცესში. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ვიღებდი მხოლოდ მაშინ, როცა იგეგმებოდა შეხვედრა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რომლის გვარიც იყიო მამედიაროვი. ვიზიტები როგორც მახსოვს იყო სულ ორჯერ, ერთ-ერთი ვიზიტის წინ როდესაც ინფორმაცია მოვისმინე, აღმოჩნდა რომ იმ დროისათვის არსებობდა განსხვავებული პოზიციები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ვთვლი, რომ მეზობელ ქვეყანასთან საზღვრის დადგენა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან მეორე შეხვედრის დროს, ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მხარეთა შორის იყო შესათანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციების სხვადასხვაობა და აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა დელიმიტაციის პროცესს, დავაყენე საკითხი, რომ ხსენებული საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა და აუცილებელი იყო შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულიყო ორივე ქვეყნის პირველი პირების მიერ, რაზეც იგი დამეთანხმა. მე ჩემის მხრივ აღნიშნულის შესახებ გადავეცი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჩემთვის უცნობია გადასცა თუ არა აღნიშნული საკითხი ჩემმა კოლეგამ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩემთვის უცნობია ასევე, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხს შესაბამისი პირების მხრიდან, ვინაიდან მე ამ შემთხვევაში მალევე დავტოვე დაკავებული თანამდებობა” - ამბობს სალომე ზურაბიშვილი თავის ჩვენებაში.
საქართველოს პრეზიდენტი ჩვენებაში ამბობს, რომ არათუ კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს, არამედ ზოგადად საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობასაც კი არ იცნობს ახლოდან, არც ჩართული ყოფილა მის მუშაობაში და ერთადერთი, რაც იცის, ისაა, რომ “დელიმიტაცია დემარკაციის კომისია ხელმძღვანელობდა 1938 წლის ადმინისტრაციული რუკით, რომლის გამოყენებაზეც პოსტ საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმდნენ.” სალომე ზურაბიშილი ამბობს იმასაც, რომ მან არც რუკების მასშტაბების შესახებ იცის რაიმე და არც კომისიის მუშაობის ფარგლებში შედგენილი ალბომების შესახებ ფლობს ინფორმაციას.
“ერთადერთი შემთხვევა, როცა ზოგად ინფორმაციას კომისიის საქმიანობის შესახებ ვიღებდი ეს იყო აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვიზიტის წინ. სავარაუდოდ ამ შეხვედრას დაესწრებოდა კურატორი მოადგილე და სავარაუდოდ კომისიის თავმჯდომარე. ასევე, როგორც მახსოსვს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მე დელიმიტაცია დემარკაციის კომისიის სხვა წევრებთან რაიმე შეხება არ მქონია” - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი გამომძიებლის კითხვას იმასთან დაკავშირებით, განიხილავდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრობისას კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრების თანდასწრებით კომისიის მიერ მომზადებულ კარტოგრაფიულ მასალებს, რომელზეც საქართველოს მხარის პოზიციის შესაბამისად ასახული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმებული ან შესათანხმებელი მონაკვეთები.
ასევე ნახეთ საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები - ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთანსალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რომ ის უშუალოდ ჩართული არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთის შეთანხმების საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ოქმების მიხედვით, 2005 წლის 31 აგვისტოს მხარეები რამდენიმე მონაკვეთზე არიან შეთანხმებულები - ეს თარიღი ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს ემთხვევა.
“აღნიშნული შეთანხმების მიღწევის პროცესში მე უშუალო მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა შესაძლებელია მოგვიანებით მივიღე ინფორმაცია მირებული და გადაწყვეტილების შესახებ და ლოგიკურად, სწორედ ამის შემდგომ მოხდა ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ვინაიდან ამ დროისთვის არსებობდა შესათანხმებელი სხვა მონაკვეთები, რომლებზეც იყო მხარეთა პოზიციების სხვადასხვაობა. ამიტომ, ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან აღნიშნულ საკითხზე მქონდა საუბარი ნიუ-იორკში გაეროს ანსამბლეაზე 2005 წლის შემოდგომაზე” - იხსენებს სალომე ზურაბიშვილი. ამ შეხვედრისგან განსხვავებით მას არ ახსოვს, მონაწილეობდა თუ არა 2005 წლის 24-25 მაისს ბაქოში პრეზიდენტების შეხვედრაში, სადაც საზღვრის დელიმიტაციის საკითხებიც განიხილებოდა. სალომე ზურაბიშილი იმ დროს, როცა გამომძიებელი ამ შეხვედრის დეტალებს ეკითხება, ამბობს მხოლოდ იმას, რომ “იმჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან რამე სახის დავალება აზერბაიჯანსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არ მიუღია.”
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელი არაერთხელ გამოჩნდა სადავო კონტექსტში დავით გარეჯთან და საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთთან დაკავშირებით.
მაგალითად, 2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ხელისუფლების ოპონენტებმა შეზღუდვა სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს. ამ დროს აზერბაიჯანული მხარე ამბობდა, რომ სურთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფად დასრულება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კი პროცესის გაჭიანურებას კომისიაში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირებდა. სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის გაზაფხულზე ამბობდა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის ნაწილში საქართველოს პოზიცია ძალიან მკაციოა და პრეზიდენტის მიერ ისტორიული ძეგლის მონახულებამ არ შეიძლება ვითარება დაძაბოს სახელმწიფოებს შორის.
“ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები.”- კითხულობდა 2019 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხში ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიოუდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვამდე ცოტა ხნით ადრე, 2019 წლის თებერვალში სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში და ილჰამ ალიევთან საუბრის ერთ-ერთი თემა ამ ვიზიტის დროსაც დავით-გარეჯი და საზღვრის დადგენის საკითხი იყო. ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიებას მისთვის კითხვა არ დაუსვამს.
“ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უნდა მივცეთ სადელიმიტაციო კომისიას მითითება, რომ განაახლონ თავიანთი მუშაობა და მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობების, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ“, - განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.
ამ დროისთვის დავით გარეჯის საქმეზე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან გამოძიებას დაკითხული ჰყავს მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე. გამოძიებას ამ დრომდე დაკითხული არ ჰყავს საქმის მნიშვნელოვანი მონაწილე, ბიძინა ივანიშვილი, რომლისგანაც მიიღო ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჯერ რუსეთის არქივებიდან რუკების ჩამოტანის დავალება, შემდეგ კი საჯარო მადლობა.
კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს არის დანიშნული. სასამართლო სხდომამდე ერთი კვირით ადრე პროკურატურამ გაასაჯაროვა 2020 წლის სექტემბერში ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში გაკეთებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერი.
ასევე ნახეთ ვინ უკეთ გამოიყენებს "კარტოგრაფების საქმეში" აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებს - ბრალდება თუ დაცვა?