არაადეკვატური, უკანონო, პროვოკაციული, კონტექსტიდან ამოვარდნილი, მოულოდნელი და გაუმართლებელი - ასე შეფასდა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მიერ 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მომიტინგე ადამიანების გაუფრთხილებლად, წყლის ჭავლით დაშლის ფაქტი. ხელისუფლების ქმედების მიმართ არაერთი მწვავე განცხადებაც გავრცელდა.
რატომ მოიქცა ხელისუფლება ასე?
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი ამას უწოდეს ხელისუფლების გაურკვეველ ფობიას - აქციის მონაწილეების და ზოგადად, შეკრების თავისუფლების მიმართ.
„ეს არის აზრის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ხელისუფლება სჯის განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს“, - გვითხრა მან.
ალეკო ცქიტიშვილი იხსენებს, რომ 8 ნოემბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 ნოემბრის აქციაზეც,ისევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანები მსგავსი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს - ქვებით და მუშტებით აბრახუნებდნენ ცესკოს წინ აღმართულ მესერზე.
მისი შეფასებით, თუკი ეს ქმედება ითვლება თავდასხმად და კანონსაწინააღმდეგოდ, რატომ მაშინაც არ გამოიყენა ხელისუფლებამ სპეცსაშუალებები წინასწარი გაფრთხილებით და კანონის დაცვით?
ან, რატომ შემდგომ არ გაკეთდა შსს-ს თუ სხვა შესაბამისი უწყების მხრიდან განმარტება, მკაფიო მოწოდება, რომ ასეთი ქცევას მოჰყვებოდა რეაგირება?
ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც 8 ნოემბერს ცესკოსთან იმყოფებოდა, გვეუბნება, რომ წყლის ჭავლის პირველად გაშვების დროს, იქ ჯერ კიდევ არ იყვნენ მისულები პოლიტიკური ლიდერები - ხალხი თავისი ინიციატივით გამოხატავდა პროტესტს არჩეული ფორმით.
Your browser doesn’t support HTML5
ვიდეოკადრებს, რომლებიც მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა და რითიც ახსნა ძალის გამოყენების გადაწყვეტილება, ალეკო ცქიტიშვილი დამონტაჟებულ კადრებს უწოდებს და ამბობს, რომ იქ ერთმანეთშია არეული აქციაზე მოგვიანებით მომხდარი, წყლის ჭავლის გამოყენების შემდგომი შეხლა-შემოხლა და საწყისი მოვლენები. თან, იმგვარად არის დამონტაჟებული, თითქოს ეს უძღოდა წინ მათ გადაწყვეტილებას.
თუმცა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი აცხადებს, რომ ამით სპეცსაშუალებების გამოყენება ვერ გამართლდება:
„მე 15-20 მეტრში ვიდექი იმ ადგილიდან, სადაც აქციის მონაწილეები ბარიერს აწვებოდნენ. ვხედავდი, რომ ბარიერი არ გარღვეულა, არავინ გადასულა ცესკოს ეზოში. სწორედ ამ დროს უცებ გამოვარდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა და გაუფრთხილებლად მიუშვა მათ წულის ნაკადი. ეს არის ცალსახად კანონის დარღვევა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს - ასამდე მონაწილე და სამასამდე ძალოვანი იდგა იქ. და მეორე - არავინ გააფრთხილა ეს ხალხი. მესამე - ეს მოხდა ცივ კლიმატურ პირობებში, პანდემიის დროს, რაც როგორც ევროპული სტანდარტებით, ასევე ჩვენი კანონმდებლობით დაუშვებელია“.
ასევე ნახეთ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ცესკოს შენობის წინ აქციის მონაწილეების წინააღმდეგალეკო ცქიტიშვილი მოგვითხრობს, რომ ადგილზე მისთვის ჯერჯერობით უცნობი სახის ნივთიერებაც გამოიყენეს - არამასობრივად, ადგილ-ადგილ. მან თავისი თვალით იხილა, როგორ ეწვოდათ ადამიანებს თვალები და უჭირდათ ნერწყვის გადაყლაპვა.
ცქიტიშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ეს არ იყო ცრემლსადენი გაზი, არამედ რაღაც სხვა საშუალება, რაც, მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
9 ნოემბერს, შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განმარტა, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ. მისი თქმით, „თანამშრომელთა აღჭურვილობაში,რომელიც მასების მართვაში მონაწილეობენ, არის სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი, აეროზოლი და ის საჭიროების მიხედვით შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ“.
ასევე ნახეთ შსს აცხადებს, რომ აქცია წყლის ჭავლით "გადაუდებელი აუცილებლობის" გამო დაშალესთუმცა „წიწაკის სპრეის“ გამოყენებიც მიღმა, განსაკუთრებული შეშფოთების საგნად ალეკო ცქიტიშვილი იმას მიიჩნევს, რომ ხელისუფლება იმეორებს თავის შეცდომებს, რისი დასტურიც არიან ის ადამიანები, ვისაც ამჯერადაც თვალები დაუზიანდათ, თან ისევ დამიზნებით, წყლის ჭავლის მოხვედრის გამო.
„ჩვენ ჯერ კიდევ 20 ივნისის მოვლენების შემდგომ ვაცხადებდით, რომ დაუსჯელობა და ის, რომ მაშინ არც ერთ დაზიანებულ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს, იქნებოდა სამართალდამცველების წახალისება და ისინი ისევ გაიმეორებდნენ ამ ქმედებას, რაც მოხდა კიდეც. ფაქტია, რომ ყოველ ჯერზე, სანამ არ იქნება გამოძიებული ასეთი უკანონო ქმდებები და არ დაისჯებიან კონკრეტული სამართალდამცველები, ეს მათ ყოველთვის წაახალისებს“.
8 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში აახლებდა ინფორმაციას ტვიტერზე ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და შუა აზიაში, გიორგი გოგიაც.
რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც გოგიამ აღნიშნა, რომ 8 ნოემბერს დაირღვა ნაკლებად ლეტალური ძალის გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი. მათ შორის, ორი უმნიშვნელოვანესი:
- ძალის გამოყენების საჭიროების და
- პროპორციულობის.
გიორგი გოგია ამბობს, რომ მართალია, საუბარია ნაკლებად ლეტალურ საპოლიციო საშუალებაზე, წყლის ჭავლზე, მაგრამ ისიც კი, პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის პირობებში და არა როგორც ვინმეს დასჯის და დაჩაგვრის იარაღად. ამ დროს - ყველა სხვა საშუალება უნდა იყოს ამოწურული.
„იყო კი ამოწურული ეს სხვა საშუალებები? ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - ამბობს გიორგი გოგია.
მისივე სიტყვებით, არ არსებობდა კარგად შეიარაღებული, რამდენიმე ასეული პოლიციელისათვის რამდენიმე ათეული შეუიარაღებელი მომიტინგის მხრიდან მყისიერი საფრთხე.
მეორე - პროპორციულობის პრინციპი პირდაპირ ებმის პირველს - როცა დამიზნებით უშვერ ადამიანებს წყლის ჭავლს, ეს არ არის სავარაუდო საფრთხის ადეკვატური და პროპორციული ზომა - ამბობს გიორგი გოგია, მითუმეტეს, რომ მყისიერი საფრთხე, იმ კადრებით, რაც ყველამ იხილა, არ დასტურდება.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: - უშინაარსო გაფრთხილება.
გიორგი გოგია შენიშნავს, რომ მართალია, მოგვიანებით, მოსალოდნელი ძალის გამოყენების მიზნით, გაფრთხილების ხმა გაისმა, მაგრამ მასში არ ისმოდა მიზეზი, თუ რატომ უნდა შეზღუდულიყო შეკრების თავისუფლება.
„გაფრთხილება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება პირდაპირ დაშალოს ან დაარბიოს აქცია. მე მინდა, რომ თქვენ დაიშალოთ, გაფრთხილებთ, თუ არადა, ვიყენებ ძალას - ეს არაადეკვატური მოთხოვნაა. მითუმეტეს, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, ხოლო თუ აქციის რაღაც მონაკვეთი გადაიქცა ძალადობრივად, პასუხიც უნდა ყოფილიყო პროპორციული“.
და ბოლო, კიდევ ერთი დარღვეული პრინციპი - პასუხიმგებლობა.
ეს ის პრინციპია, რომელიც ჯერ 20 ივნისის მოვლენებზეც დაირღვა, - აცხადებს გიორგი გოგია.
„ამაზე უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება, თუ რატომ და ვისი მითითებით, ვინ გამოიყენა ეს ძალა“.
გიორგი გოგიას შეფასებით, სამწუხაროა ისიც, რომ 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გამოიყენა არა დიალოგის რესურსი, არამედ ძალის და გადაწყვიტა უხეშად ჩარეულიყო გამოხატვის და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში.
„ხელისუფლების დაკარგვის შიში“ - მოკლედ ასეთია კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეფასება.
ის ამბობს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის იყო მზად, თუმცა პასუხად მიიღო დაცინვა ხელისუფლებისგან, როდესაც საგანგებო ბრიფინგზე მათ თქვეს, რომ სადავო საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლის შედეგად, ყველა პრობლემა მოგვარდა.
„ეს იყო პროვოკაცია მათი მხრიდან. ხოლო ის, როგორც მოიქცნენ შემდეგ - ხელისუფლების დაკარგვის შიში. რადგან თუ შენ ხარ მართალი, თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, თუ ნამდვილად სურთ მოლაპარაკებებზე დაჯდომა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, ასე არ უნდა იქცეოდნენ. ახლა უკვე ჩვენთვის გასაგებია რით აიხსნება მათი წუხანდელი ქმედება, ეს ემსახურება იმას, რომ აქ არ დალაგდეს არეული სიტუაცია, ხოლო მღვრიე წყალში მათ მეტი შანსი აქვთ შეინარჩუნონ ძალაუფლება. შეკრების და მანიფესტაციის უფლების უხეში დარღვევის გარდა, ეს იყო პროვოკაციაც, რადგან ხელისუფლებამ წითელი ნაჭერი აუფრიალა იმ გაღიზინებულ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანად აპროტესტდებდნენ არჩევნების შედეგებს“, - უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.
მწვავეა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) 9 ნოემბრის განცხადებაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო
„სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა“.
GDI განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური საშუალებების გამოყენებას გააჩნია კონკრეტული წინაპირობები და მკაცრი სტანდარტი, რომელთა ზედმიწევნით დაცვაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.
მაგალითად:
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით:
- წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუკი იგი მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას.
- პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.
- არ გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან.
- ამავე კანონით პოლიციას ეკისრება ვალდებულება, წყალსატყორცნის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წერს, რომ 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია. კერძოდ:
- ცესკოს მიმდებარე ტერიტორაზე გამართული აქციის დინამიკა არც ერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა;
- პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონვირული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს;
- შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და ამავდროულად ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში;
- გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას.
9 ნოემბერს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, დაიწყონ მოლაპარაკება კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად.
ასევე ნახეთ 3 არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიებს მიმართავს, კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკება დაიწყონ“ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს”, - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
დემოკრატიის ინდექსი-საქართველოც მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ ხელყო მშვიდობიანი პროტესტის უფლება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ სერიოზული საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი.
"წყლის ჭავლის გამოყენებას თან ახლავს სპეციფიკური რისკები, კონკრეტულად - ჰიპოთერმიის (გადაციება), ცივი წყლის შოკის ცივ ამინდში, მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებსა ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკები. რამდენადაც აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია მასობრივ დარღვევას და არც ძალადობის მყისიერი საფრთხე იყო სახეზე, მასობრივად წყლის ჭავლის გამოყენება პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, იყო არაპროპორციული", - წერს "დემოკრატიის ინდექსი - საქართველო".
9 ნოემბერს მომხდარს გამოეხმაურა "ღია საზოგადოების ფონდიც", რომლის განცხადებაში წერია, რომ 8 ნოემბერს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებებ -, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, "ღია საზოგადოების ფონდი" აუცილებლად მიიჩნევს შემდეგს:
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
- ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
- ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
- მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
- საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ გასწიონ ძალისხმევა, რომ მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
ჯერ კიდევ 8 ნოემბერს ღამით, გავრცელდა სამოქალაქო სექტორის რამდენიმე მწვავე განცხადება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებდა, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. პოლიტიკური კრიზისები კი ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერდა, რომ იმ პირობებში, რაც 8 ნოემბრის ღამით ცესკოს შენობასთნ ხდებოდა, შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წერდა, რომ ცესკოს წინ მიმდინარე აქციაზე არ მომხდარა კანონით გათვალისწინებული არცერთი ისეთი შემთხვევა, რომელიც გაამართლებდა წყლის ჭავლის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ:
„მოქალაქეები ცესკოს წინ არსებულ ლითონის მესერზე აბრახუნებდნენ მუშტებით და სხვადასხვა საგნით, რაც არ შეიძლება შეფასდეს ძალადობრივ ქმედებად“.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლებამ გუშინდელ ამბავს „შტურმის მცდელობა“ უწოდა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას და „მის ზონდერ ჯგუფებს“ შტურმის მოწყობაში ადანაშაულებსმის მოთავედ კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები“ დაადანაშაულა.