Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ აქცია წყლის ჭავლით "გადაუდებელი აუცილებლობის" გამო დაშალეს


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე აცხადებს, რომ ცესკოსთან აქცია წყლის ჭავლით "გადაუდებელი აუცილებლობის" გამო დაშალეს. აქციის დაშლის პირველ ნაწილში რადიო თავისუფლების რამდენიმე ჯგუფს შესაბამისი გაფრთხილება არ გაუგია.

"აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი სახე", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ცესკოსთან მისულმა აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე.

"პოლიციის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეეწყვიტათ, შეკრებილები მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რის აღსაკვეთადაც პოლიციამ კვლავ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალება - წყლის ჭავლი", - თქვა საბანაძემ.

მან მხოლოდ მას შემდეგ დააკონკრეტა, რომ წყლის ჭავლი მოქალაქეთა გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს, რაც კითხვა ჟურნალისტმა დაუსვა.

"როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები".

მათ განმარტეს, რომ საქმეზე დაკავებულია 19 პირი.

ცესკოსთან გუშინ ღამით ის მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობის წინ იდგნენ და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველზე აქცია 20:00 საათზე დასრულდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ცესკოს შენობასთან გადასულიყვნენ და რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყეს. ცესკოსთან მოქალაქეებმა შეკრება 20:30 საათიდან დაიწყეს, მალევე პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ჯებირებზე ხელით, ფეხითა და ქვით ბრახუნი დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა ცესკოსთან მისული სამართალდამცავების რაოდენობა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოქალაქეებმა დამატებით მობილიზებული საპოლიციო ძალები დაინახეს. სწორედ ამ დროს გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ამ დროს ადგილზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლით მოგვიანებითაც სცადა. დასველდნენ და დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე ჟურნალისტები. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც მოქალაქეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს.

XS
SM
MD
LG