Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ცესკოსთან აქციაზე 19 პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს 19 პირი დააკავეს. მათ სამართალდამცავი სისტემა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსითაც იძიებს. გამოძიება კოდექსის 225-ე მუხლის ორივე ნაწილით მიმდინარეობს.

  • პირველი პუნქტი - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
  • მეორე პუნქტი - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

ეს სწორედ ის მუხლია, რომლითაც სამართალდამცავი სისტემა 20 ივნისის აქციის დროს აქციის მონაწილეთა ძალის გადამეტების საქმეს იძიებს.

ცესკოსთან გუშინ ღამით ის მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. ისინი მანამდე პარლამენტის შენობის წინ იდგნენ და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვდნენ.

რუსთაველზე აქცია 20:00 საათზე დასრულდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ცესკოს შენობასთან გადასულიყვნენ და რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყეს. ცესკოსთან მოქალაქეებმა შეკრება 20:30 საათიდან დაიწყეს, მალევე პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ჯებირებზე ხელით, ფეხითა და ქვით ბრახუნი დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა ცესკოსთან მისული სამართალდამცავების რაოდენობა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მოქალაქეებმა დამატებით მობილიზებული საპოლიციო ძალები დაინახეს. სწორედ ამ დროს გამოიყენა შსს-მ წყლის ჭავლი აქციის მონაწილეთა დასაშლელად. ამ დროს ადგილზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსი იყო.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა წყლის ჭავლით მოგვიანებითაც სცადა. დასველდნენ და დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე ჟურნალისტები. აქცია მხოლოდ მას შემდეგ დაიშალა, რაც მოქალაქეებს პოლიტიკოსებმა მიმართეს.

XS
SM
MD
LG