ოპოზიციის პროტესტის ფონზე ხელისუფლება ამბობს, რომ პარლამენტი ოპოზიციის გარეშეც ლეგიტიმური იქნება და რიგ ოლქებში მეორე ტურის შემდეგ 120-კაციან პარლამენტში მანდატების 92-მდე გაზრდას ელოდება. ოპოზიციის ბოიკოტი მეორე ტურში მათ მონაწილეობასაც გამორიცხავს, შესაბამისად, თუკი „ქართული ოცნება” პოზიციას არ შეიცვლის და ოპოზიციასთან ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზებს არ მოძებნის, გამოდის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ამ პარტიის წევრები იქნებიან.
მეათე მოწვევის პარლამენტში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ტურამდე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ეყოლება 75 დეპუტატი, მათგან 61 პარტიული სიით ხვდება, 14 მაჟორიტარულ უბნებშია გამარჯვებული.
ასევე ნახეთ ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში - ცესკოს მონაცემებით გასული დეპუტატების სია„ქართული ოცნების“ სიაში ზუსტად იმდენი ქალია, რამდენსაც მათ საკანონმდებლო ნორმა ავალდებულებდა. ერთადერთი მაჟორიტარი ქალი კი, რომელიც რუსთავში მეორე ტურში გადავიდა, ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში პარლამენტარის მანდატს ფაქტობრივად უბრძოლველად მიიღებს.
„ქართული ოცნების“ სიის იმ ნაწილში, რომელიც პარლამენტში ხვდება, შედიან:
- ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია;
- მეცხრე მოწვევის პარლამენტის ორივე თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, რომელმაც ეს პოზიცია „გავრილოვის ღამის” შემდეგ დატოვა. ახლა ის სიის მესამე ნომერია;
- პიანისტი ელისო ბოლქვაძე - სიის 32-ე ნომერი;
- კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მორაგბე დავით კაჭარავა, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი;
- ე.წ. ამბოხებულ დეპუტატთა ნაწილი: დიმიტრი ხუნდაძე, ნინო წილოსანი, ირაკლი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, სავალან მირზოევი, ირაკლი მეზურნიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, შოთა ხაბარელი. ესენი ის მაჟორიტარები არიან, რომლებმაც საარჩევნო წესის ცვლილებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას პარლამენტში პირველი მცდელობისას, 2019 წლის ნოემბერში, მხარი არ დაუჭირეს. ამავე დეპუტატებს შორის იყო გოგი მეშველიანი, მაჟორიტარული წესით გამარჯვებული ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქში.
- „მდუმარე” პარლამენტარები წინა მოწვევის პარლამენტიდან. კერძოდ, დიმიტრი სამხარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ედიშერ თოლორაია და ელგუჯა გოცირიძე;
- მეცხრე მოწვევის პარლამენტარები: კახაბერ კუჭავა, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ლადო კახაძე, ისკო დასენი, დაჩი ბერაია;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე 2015 წლიდან, ეკა სეფაშვილი;
- გურამ მაჭარაშვილი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორი (2014-2016 წლებში). სახელმწიფო სამსახურსა და პოლიტიკაში მოსვლამდე მისი სამუშაო გამოცდილება მხოლოდ „ქართუ ბანკში” სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით შემოიფარგლებოდა.
- რიმა ბერაძე, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში;
- ალექსანდრე ტაბატაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ტაბატაძე იუსტიციის სამინისტრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, უფრო ადრე კი შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2018 წელს Reginfo მასზე წერდა, რომ ერთი წლის განმავლობაში დანამატი 42-ჯერ აიღო.
- ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანი;
- პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე;
- ბექა ლილუაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც ამ პოზიციამდე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, „ქართული ოცნების“ სიის 43-ე ნომერია.
- ქეთი დუმბაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლიტერატურის დარგში. მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას წინა წლებშიც ღიად უცხადებდა.
- ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური.
- ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს წევრი, 2014-15 წლებში ტელეკომპანია „ჯი დი ეს”-ში გადაცემა „2030“-ის მთავარი პროდიუსერის მოადგილე. 2016 წლის მაისში მან გამოაქვეყნა ჟურნალ „ლიბერალში” ბლოგი სათაურით - "ტერორიზმი, როგორც პოეზია", რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტების ქცევის მიზეზად თანამედროვე ადამიანის მომხმარებლურ ბუნებასა და სულიერების, პოეზიისგან დაცლას ასახელებდა.
- ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი - მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფომ არაერთი სასტუმრო კორონავირუსთან ბრძოლის სახელით იზოლაციისთვის გამოიყენა მაშინ, როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე ასეული შემთხვევა იყო - IDFI თვლიდა, რომ სახელმწიფოს ამ შესყიდვებში მილიონობით ლარის დაზოგვა შეეძლო, კარანტინში მყოფი ხალხი კი თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე საუბრობდა.
- თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, მაია ბითაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობას პარლამენტში პარტიული სიით მოხვედრის შესაძლებლობა სიის შედგენისას ფაქტობრივად არ დაუტოვა - ბექა ოდიშარია, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი, მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში თუ მოხვდებოდნენ, მაგრამ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში ეს ბრძოლა ფორმალური ხდება. ბოიკოტი და ერთპარტიული პარლამენტი იძლევა მოცემულობას, რომელშიც მმართველი გუნდის 150-კაციანი სიის უმრავლესობა პარლამენტარი ხდება.
ასევე ნახეთ დარღვევები - დამკვირვებლების ძირითადი შეფასებები ერთად