პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ორი დღით ადრე საუბრობს „რადიკალურ პარტიებსა” და „ფეიკ-დამკვირვებლებზე”, რომლებსაც საერთო მიზანი ამოქმედებთ - დესტრუქცია არჩევნების დღეს. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ პანდემიის პირობებში დამკვირვებლების შერჩევის სირთულეებზე, თავად არჩევნების ბედი კი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა დარღვევებს დაინახავენ და აღნუსხავენ დამკვირვებლები.
თამთა კახიძე, დამკვირვებლების ტრენერი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან”, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კორონავირუსის გამო დამკვირვებლების უსაფრთხოებისთვის საჭირო სრული ეკიპირებით აღჭურვა დასჭირდათ და სანამ აქამდე მივიდოდნენ, კონკურსით არჩეული კადრები არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელიდან ეცლებოდათ ინფიცირების ან თვითიზოლაციაში გადასვლის გამო; პროცესი მარტივი არ იყო, კონკურსის კიდევ ერთხელ გამოცხადება მოუწიათ და, სავარაუდოდ, არც არჩევნების დღე იქნება მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ პირბადის არასწორად ტარების გაკონტროლებაც კი შეიძლება დავის საგანი გახდეს.
„გვყავს მობილური ჯგუფის ხელმძღვანელები და თუკი სტაციონარულ ჯგუფებს დასჭირდებათ დახმარება ან დაცვის საშუალებები, მათ უბნებზე მივაწვდით ყველაფერს, რისი საჭიროებაც გაჩნდება. პროცედურული კუთხით დეტალურად ავუხსენით დამკვირვებლებს, რაც იქნება საარჩევნო უბნებზე: პირბადე, ინდივიდიალური კალმები, თერმოსკრინინგის გავლა და ა.შ. ყველა ის წესი, რაც უკვე მოქმედებს სხვა სივრცეებში”, - ამბობს თამთა კახიძე. ის, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა არაერთი წარმომადგენელი, თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა თვითიზოლაციაში მყოფი პირების ხმის მიცემის უფლების რეალიზება იქნება და დაკვირვებას ორგანიზაციები ამ მხრივაც აწარმოებენ, რამდენად მიეცემა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია საარჩევნო უბანზე მისვლა ჯანმრთელობის გამო, არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდათ, დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა იყო ისევ და ისევ პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით ჩამოსვლის გამო.
„ჩვენ გავზარდეთ ჩვენი მისია, 100-ით გავზარდეთ წელს სტაციონარულ დამკვირვებელთა რაოდენობა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ისედაც ყველა არჩევნებზე გვქონდა კომუნიკაცია და ვცვლიდით ინფორმაციას, მაგრამ წელს ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ რაც შეიძლება მეტ უბანზე ვიყოთ წარმოდგენილი და უკეთ დავაკვირდეთ პროცესს”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
ასევე ნახეთ რას ცვლის საერთაშორისო მეთვალყურეების სიმცირეცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაარეგისტრირა - რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო. 2020 წლის დამკვირვებელთა ჩამონათვალში არ გვხვდება: ევროპარლამენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სამაგიეროდ, ამ არჩევნების დამკვირვებლებს შორის არიან ალბანეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები; საერთაშორისო დამკვირვებლების სიმცირის პირობებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 120 ადგილობრივი ორგანიზაცია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლებისთვის კოვიდის გარდა სიახლეა მმართველი პარტიის წევრების მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში. „ქართული ოცნების” წევრები და დეპუტატობის კანდიდატები არა მხოლოდ ეჭვქვეშ აყენებდნენ დამკვირვებლების მნიშვნელობას დემოკრატიულ არჩევნებში, არამედ მათ „რადიკალური პარტიების” მხარდამჭერ „ფეიკ-დამკვირვებლებს” უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ოპოზიციასთან ერთად მათი მიზანი დესტაბილიზაცია იქნებოდა არჩევნების დღეს.
„რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა”, - თქვა 29 ოქტომბერს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეზე ორი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმაც ილაპარაკა იმაზე, რომ ოპოზიციური სპექტრი და მათი რადიკალური წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას შექმნიან და გაავრცელებენ საარჩევნო დარღვევების შესახებ, თითქოს, სხვადასხვა ინსტიტუტმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვა თავი, და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს. თეა წულუკიანმა თქვა, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ან აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან და არსებობს გარკვეული სქემა, როგორ იმოქმედებენ ეს პარტიები და ორგანიზაციები კოორდინირებულად.
ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკაში აქტიური პოლიტიკური რეკლამების მონიტორინგის საშუალებით ირკვევა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხელისუფლება დამკვირვებლების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ფეისბუკზე რეკლამასაც უკეთებდა, მოსახლეობასთან ამ გზავნილების უკეთ მისატანად.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, დამკვირვებლების და არჩევნებზე დარღვევების ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობაზე ილაპარაკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და აღნიშნა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა უკვე არაერთი ინციდენტისა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის შესახებ განაცხადეს და მნიშვნელოვანია ყველა ამგვარ შემთხვევაზე სერიოზული რეაგირება და გამოძიების ჩატარება საარჩევნო დღის შემდგომ პერიოდშიც.
„გამჭვირვალე და ეფექტიანი საგამოძიებო რეაგირება სრული საარჩევნო პროცესის ნაწილია და გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შეფასებასა და მომავალი არჩევნებისთვის სტანდარტის დაწესებაზე“, - თქვა კარლ ჰარცელმა, რომელიც თვლის, რომ ამ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებსა და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
„მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო. ამ მიზნის მიღწევა ახლა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ყველა ამ ასპექტს, მათ შორის, ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მიერ არჩევნებზე დაკვირვების საშუალებით უშუალოდ არჩევნების დღეს“, - ასეთია ევროკავშირის ელჩის პოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ.
ასევე ნახეთ სენატორი რიში: ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს