ხურვალეთთან, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ქმედება განახორციელეს

სოფელი ხურვალეთი, საოკუპაციო ხაზთან; 8 აგვისტო, 2020 წელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ქმედება. საოკუპაციო ძალებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ძელები ჩასვეს, რომლებიც ღობეების დასამონტაჟებლად არის განკუთვნილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხოვნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი, ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.