Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთში საოკუპაციო ძალების თვალთვალი ძლიერდება


საგუშაგო ჯიხურს მინები ჩაუსვეს და მწვანედ შეღებეს.
საგუშაგო ჯიხურს მინები ჩაუსვეს და მწვანედ შეღებეს.

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსეთის საოკუპაციო ძალები სათვალთვალო კოშკურისა და ჯიხურის დამონტაჟებას განაგრძობენ.

ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის დამაკავშირებელ გზაზე რკინის 5-მეტრიანი კონსტრუქცია მათ გუშინ მიიტანეს, დღეს კი კონსტრუქციის ბეტონით გამაგრება დაიწყეს, იქვე დადგმულ საგუშაგო ჯიხურს მინები ჩაუსვეს და მწვანედ შეღებეს. ადგილზე 6 ნიღბიანი პირი მუშაობს. მავთულხლართების მეორე მხრიდან მათ საქმიანობას პოლიციელები და ხურვალეთის მცხოვრებლები აკვირდებიან. სამოქალაქო აქტივისტი ლუდა სალია აცხადებს, რომ კოშკურის მეშვეობით რუსეთის მესაზღვრეები მთელ სოფელსა და თითოეული მოქალაქის გადაადგილებას გააკონტროლებენ. მისი თქმით, რუსები კონსტრუქციების მონტაჟის გარდა საქართველოს მოქალაქეების ბაღებში ხეებსაც ჩეხენ და გზაც გაჰყავთ.

„ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, კოშკურას დგამენ და ასხამენ ბეტონს. დაფუძნდებიან მუდმივად აქ. არანაირი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ რუსები ისეთ ადგილზე არიან უკვე მოსულები, რომ ნებისმიერ ოჯახში შეუძლიათ შევიდნენ. ადრე გვერიდებოდნენ ხოლმე; ტელევიზია, პრესა თუ მივიდოდა, ეგრევე იმალებოდნენ. დღეს უკვე, საერთოდ, მოურიდებლად მუშაობენ“, - ამბობს ლუდა სალია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხურვალეთში მუდმივად პატრულირებენ. იანვრის ბოლოს მათ სოფლის ტერიტორიაზე ძველი მავთულხლართები ახლებით შეცვალეს. სოფლის მცხოვრებმა გივი ბატონისაშვილმა აღმოაჩინა, რომ სახლთან ახლოს - იქვე, ბაღჩაში - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხეების ჩეხა დაიწყეს და მიწის ნაკვეთის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქციეს. ბატონისაშვილი ამბობს, რომ სახლში გაჩერება უკვე საშიშია, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობს და ნებისმიერ დროს შეიძლება მას თავსაც დაესხნენ.

„ჩემი ბაღია კუთხეში გადაჭრილი. ხმაური შემომესმა, გავედი ბაღში და ვნახე, ჩეხავდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ. რა ვქნა? ჩავალ გორში და მოვითხოვ, რომ სახლი მომცენ. აბა, აქ შიშით ცხოვრება შეუძლებელია“.

ხურვალეთის მცხოვრებლები საოკუპაციო ძალების გააქტიურებით შეშფოთებულები არიან. მათი თქმით, ბოლო დღეებში მესაზღვრეების გააქტიურება სოფლის მიმდებარე საგუშაგოებზე თვალში საცემია. ადგილობრივი მცხოვრებლები ვეღარც საძოვრებს იყენებენ და მიწის ნაკვეთების ნაწილსაც კი ვეღარ ამუშავებენ. მათი აზრით, ეს გააქტიურება მეზობელ ქართულ-ოსურ სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლების ნათესაურ კავშირებსა და მათ შორის მისვლა-მოსვლასაც უკავშირდება.

ხურვალეთისა და მეზობელი ოსური სოფლების მოსახლეობას შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო. ამ სოფლების მცხოვრებლები ნათესაურ კავშირებს ინარჩუნებენ და რუსეთის მესაზღვრეებისგან მალულად ერთმანეთთან გადადიან კიდეც. გარდა ამისა, ოსური სოფლებიდან პენსიის ასაღებად ხურვალეთში გადმოდიან. ერთმანეთთან მიმოსვლა ჭირსა და ლხინშიც აქვთ.ახლა ხურვალეთში ვარაუდობენ, რომ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟებით და იქ მუდმივი გუშაგის დაყენებით ეს შესაძლებლობა მოესპობათ. მესაზღვრეებმა უკვე იმაზეც იზრუნეს, რომ სოფლის გარშემო ახალი მავთულხლართები გაევლოთ, რადგან მოძველებული და დაზიანებული ღობეების გადალახვას ადგილობრივი ოსური მოსახლეობა ადვილად ახერხებდა.

„საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

ხურვალეთი
ხურვალეთი

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები რიგითი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.რაც შეეხება რეაგირებას, მისივე თქმით,გუშინ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ჰქონდათ შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პატრულირებს, რადგან რუსეთის პოზიციების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევის შესაძლებლობაც არ ეძლევა, რაც მას მანდატით განსაზღვრული აქვს.

„ამ ყველაფრის მშენებლობა - ე.წ. საგუშაგო, მავთულხლართების მონაკვეთები ადამიანების საკუთრებაში, ეზოებში, ცხვირწინ, ადამიანების წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა. მოგეხსენებათ, ცხინვალის მიმართულებით მოძრაობა დღესაც კი შეზღუდულია ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე, რომელიც ოძისსა და ახალგორს აკავშირებს და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისათვის, არამედ ოსებისათვის. საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას ისედაც 80 %-ით დაცარიელებულ ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, სასუნთქ გზას უკეტავს. ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რათა ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ხურვალეთის ინციდენტს 8 თებერვალს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლები ერგნეთში განიხილავენ.

XS
SM
MD
LG