Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუკებზე დატანილი ოკუპაცია: "ეს ყველაფერი წარმოადგენს ინდივიდუალური სარჩელის იდეალურ საფუძველს იმავე ჰააგის სასამართლოში"


დავით ბერიტაშვილი, ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი
დავით ბერიტაშვილი, ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი

ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, დავით ბერიტაშვილი თავად დევნილია. 2011 წელს მას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნის გაძლიერების დინამიკის ამსახველი ფაქტობრივი მასალის ორგანიზებისა და „გუგლის“ რუკებზე დატანის იდეა დაებადა.

წლების ნაშრომი უკვე აისახა პროექტის პირველად საჯარო ვერსიაში, რომლის პრეზენტაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გასული კვირის ბოლოს გამართა და რომლის ნახვა შეგიძლიათ მისამართზე russianoccupation.ge :

„სულ ხომ არ იქნება გაჩუმებული ქართველი ხალხი..."
please wait

No media source currently available

0:00 0:51:00 0:00

„ერთმა თაობამ ორი კატასტროფა განვიცადეთ. მე სოხუმში ვცხოვრობდი. იქ ჩემი სახლი დაწვეს და იმ ტალღაში მე მოვხვდი.

სამაჩაბლოს კატასტროფა როცა მოხდა, სამაჩაბლოს მცხოვრები არ ვიყავი, მაგრამ...

იქიდან განდევნეს ყველა დამკვირვებელი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და უცბად მივხვდით, რომ ჩახედვა იმ ტერიტორიაზე, მავთულხლართების იქით, ნივთმტკიცებულებების შესაგროვებლად შეიძლება სატელიტის მეშვეობით და დავიწყეთ მასალის შეგროვება.

პირველი ბიძგი იყო 2011 წელს ფუკუშიმის კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მსოფლიო აუდიტორიისთვის: დასავლეთის სააგენტოებმა მოამზადეს სურათები კატასტროფამდე და ცუნამის შემდეგ. აი, ჩანს რაღაც სოფელი, სახლები, ქარხანა, ცუნამის მერე - ტიალი, გადაბუგული ადგილი... ვიფიქრეთ, რომ ეს არის უზუსტესი ანალოგია ოკუპაციის და რაც ჩაიდინეს ოკუპანტთა ჯარებმა და მათმა სატელიტებმა“.

დავით ბერიტაშვილმა შეაგროვა 31 ათასი სურათი „ნასას“ საჯარო ბაზიდან. გარდა ამისა, საჭირო იყო ინფორმაცია, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობისგან უნდა მიეღო:

„ამოვბეჭდეთ პანორამული ფოტოები სოფლების სატელიტური გამოსახულებით. დავდიოდით კომპაქტურ დასახლებებში, კარდაკარ, სადაც ცხოვრობენ დევნილები.

უფროსკლასელებს და მასწავლებლებს ვაწვდიდით ამ რუკებს იმ მოთხოვნით, რომ შემოვლის საშუალებით დაეზუსტებინათ ვინ სად ცხოვრობდა. ეს სახლები რუკაზე დაინომრა, ყველა შენობას, რომელიც ჩანს სურათებზე, მოუძებნეს პატრონები.

სულ გვაქვს 16 ათასი გვარი და სახელი. ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად: თითოეულ დამწვარ შენობასთან მონიშნული გვყავს ისინი, ვინც იქ ომამდე ცხოვრობდა“.

დავით ბერიტაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, რომ გადამწვარი სახლების პატრონებისა და მცხოვრებთა შესახებ იფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში მოიპოვეს მოსწავლეებმა და მიაწოდეს პროექტის ავტორებს:

„ზოგიერთს ცრემლიც კი წამოუვიდა: აი, ჩემი საბავშვო ბაღი, აი, ჩემი სახლი...“.

პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს მაშინ დახმარება გაუწია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომლის თანამშრომლებმაც დაადგინეს სახლების მფლობელთა ვინაობა.

„ყველა ქართული შენობა არის დანგრეული. არც ერთია დანდობილი“, - ამბობს „დილის საუბრების“ სტუმარი.

დავით ბერიტაშვილი ხსნის პროექტის პრინციპს, როცა ორი სატელიტური სურათი აბსოლუტური სიზუსტით არის დადებული ერთმანეთზე და კურსორის გამოყენებით შესაძლებელია ოკუპაციამდე და ოკუპაციის შემდეგომ არსებული მდგომარეობის თვალსაჩინოდ დანახვა. რამდენიმე ნიმუშს გვაჩვენებს. ერთ-ერთი სოფელი არგვიცია:

„მადლობა „ნასა“-ს, რომ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს. ასე დავახასიათეთ 16 სოფელი. ჩვენ ავარჩიეთ ისეთი სოფლები, სადაც 85%-ზე მაღალი იყო ქართული მოსახლეობის წილი. ჩვენი განხილვის მიღმა დარჩა შერეული სოფლები, სადაც ოსებიც ცხოვრობდნენ და ქართველებიც. ეს არის ჩვენი მომავალი შესწავლის საგანი. აქ ჩვენ ვხედავთ მთლიანად გადამწვარ სოფლებს, სადაც არაფერი დარჩა საერთოდ. შერეულ სოფლებში კი გამორჩევით არის დამწვარი ქართული სახლები, რაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი უძლიერესი მტკიცებულებაა“.

პროექტის ავტორმა მოიძია აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლის ომის შემდეგ გადაღებული ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთი ასახავს ავნევის სკოლას, მის წინ მდებარე მოედანს, გამგეობას, სოფლის კლუბს. ავნევში. 2009 წლის ფოტოა. რამდენიმე რაკურსით არის გადაღებული. ერთგან ჩანს საფარიანი მოედანი და მეორეში ის უკვე მოპარულია. ასეთი ფოტო რამდენიმე ათეულია, ასამდე:

"დევნილების არქივში ინახება ჯერ კიდევ ოკუპაციამდე გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასევე შეიძლება კვლევაში შევიტანოთ“.

ანალიტიკოსი წარმოგვიდგენს ორენოვან ცხრილს, რომელშიც მოცემულია: ობიექტის დასახელება, გუგლის კოორდინატები, რომლის სიზუსტე არის ერთი მეტრი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, აგრეთვე - შენობის მფლობელის სახელი და გვარი.

„დილის საუბრების“ სტუმარი გვიხსნის, როგორ უზრუნველყვეს პროექტის შემქმნელებმა გამოსახულების მაღალი ხარისხი:

„იმისთვის, რომ გამოსახულება ნებისმიერი გადიდების პირობებში ყოფილიყო ძალიან მკაფიო და ხარისხიანი, ჩვენ გავაკეთეთ პატარა უბნების მაღალი ხარისხის სურათები, შემდეგ როგორც იატაკის პარკეტი, მივაწებეთ ერთმანეთს და გამოვიდა მთელი სოფლის მაღალი ხარისხის გამოსახულება, სადაც ბევრი დეტალი ჩანს, ავტომობილების ჩათვლით“.

პროექტის ავტორი აგრძელებს თხრობას და ახლა ცხინვალსა და მის გარშემო სოფლებს გვაჩვენებს რუკაზე:

„ეს ქართული სოფლებია. აი, ნული, ავნევი და ა.შ.. ეს არის 2007 წლის სიტუაცია, სადაც ყველა ბედნიერია, ბაღებია და... ეს არის 2009 წლის სიტუაცია. ასეა დახასიათებული 16 სოფელი. ერთი დასახლების პანორამული სურათია და მეორე - სოფლის ცენტრის სურათი.

"Уничтоженный до основания Цхинвал" ["მიწასთან გასწორებული ცხინვალი"] - ეს არის 2007 წლის ცხინვალის პანორამა. ბედნიერი, ლამაზი ქალაქი და სადაც თეთრი ხაზია, იწყება სოფელი თამარაშენი, რომელიც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ცხინვალის გარეუბანს, გვერდიგვერდ არის. რომ გადავიდეთ 2009 წელში, დავინახავთ შემდეგ სურათს: ეს არის უკვე ცხინვალი და ჩანს, რომ ალაგ-ალაგ არის ლურჯი სახურავები, ანუ ახალია, მაგრამ ის, რომ დანგრეულია ქალაქი და მიწასთან გასწორებულია, რუსეთის პროპაგანდისტი უნდა იყო, ასეთი რამ რომ თქვა. გადავდივართ თამარაშენში - აი, სად არის მიწასთან გასწორებული...“.

პროექტის მეორე მიმართულება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს ეხება. მათგან 16 ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა, 11 - აფხაზეთის ტერიტორიაზე: „ეს არის ყოფილი სამხრეთ ოსეთი და მისი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ გაშენებულია 16 სამხედრო ბაზა. პარალელურად, მიუხედავად იმ აკრძალვისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში, ენგურის გასწვრივ შენდებოდა 11 ბაზა. ბაზების ჩამონათვალში არის ბაზის სახელი, შემდეგ სვეტში მოცემულია როდის გადაუფრინა სატელიტმა ამა თუ იმ ბაზას, შემდეგი არის ზუსტი კოორდინატები და მოცემულია ბაზის ფართობი კვადრატულ მეტრებში:

"ეს არის ადგილი, რომელიც გადაღებულია 2004 წელს, სადაც არაფერი არ არის. ახლა ეს „ფარდა“ რომ გადავწიოთ, გადავედით 2013 წელს - იქ სამხედრო ყაზარმებია აშენებული. ეს არის ჯავა. 2007 წელს, როცა რუსები მხოლოდ მშვიდობისმყოფელების სტატუსში იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე ჰქონდათ სამხედრო ბაზა. ახლა ნახეთ, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მერე, ამ ბაზამ როგორი ევოლუცია განიცადა. ეს არის ჯავშანტექნიკის ანგარები. ეს ბაზა მრავალ ჰექტარზეა გაშლილი დაბა ჯავაში“.

დავით ბერიტაშვილი თვლის, რომ მისი და მისი თანამოაზრეების მიერ მოგროვებული და დამუშავებული ინფორმაცია ძალიან ძლიერ არგუმენტად გამოდგება საერთაშორისო სასამართლოებში. ამასთან ყვება, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლებთან. „დილის საუბრების“ სტუმარი ჰააგის ტრიბუნალის ბიუროკრატიულობას აკრიტიკებს. ამასთან, ამბობს, რომ საჭიროა ოკუპაციის მსხვერპლებმა ინდივიდუალური, არასტანდარტული სარჩელებით მიმართონ სასამართლოს. ამისთვის კი, საჭიროა მოსახლეობას ჩაუტარონ ტრენინგები სარჩელის მომზადებაში.

რაც შეეხება პროექტს russianoccupation.ge, დავით ბერიტაშვილის თქმით, საჭიროა გაგრძელდეს მისი დახვეწა, რომ მომხმარებელმა შეძლოს მეტი ინფორმაციის ნახვა და წლების ნაშრომი სრულად აისახოს ვებგვერდზე.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG