როგორ ცხოვრობს ჩაკეტილი გალი

გალი

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის მიზეზით 14 მარტიდან აუკრძალა დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა, სოციალური მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებაზე ლაპარაკობენ. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს, სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში საკვები პროდუქტები გაძვირდა და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნა.

„იქედან [ზუგდიდიდან] რაღაცას აგზავნიან, აქ ვხვდებით და გადმოგვაქვს. წამალი და რაღაცები მე, მაგალითად, მალულად გადმომიტანეს, მაგრამ ყველა ხომ არ არის ასე? ყველას ხომ არ ჰყავს იქეთ ახლობელი, რომ იყიდოს და გაუგზავნოს. თანაც ხლხს, რამდენი ხანია, პენსია არ აუღია. უკიდურეს გაჭირვებაშია ადამიანი. საქართველოს პენსიას და დევნილის დახმარებას იქეთ იღებდა ხალხი და არაფერი არ აუღიათ. რომ ნახოთ აქ ადამიანი როგორ დადის... ზაფხულის ფეხსაცმელი არ აქვთ და შარშანდელი თუ რამე ჰქონდათ, იმით დადიან. საჭმლის მხრივაც ძალიან უჭირს ხალხს. არ აქვთ პურის ფქვილი. ცელოფნებით დადიან, ცოტა თუ გაქვს, მასესხეო. ძალიან ცუდ პირობებშია ხალხი“, - ამბობს გალში მცხოვრები რესპონდენტი.

მისივე სიტყვებით, არსებული სიტუაციის გამო მოსახლეობა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს მდინარე ენგურის გადაცურვით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდეს და საჭირო სერვისები მიიღოს.

ასევე ნახეთ სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან: ყველა დახმარება ამოგვეწურა, არ ვიცით ვის მივმართოთ 

როგორც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ჰყვება, გალელი მგზავრები აქაც დამატებით სირთულეს აწყდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოსვლისთანავე 14 დღით განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. მოქალაქეებმა იციან, რომ ეს პროცედურა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კეთდება, მაგრამ მათთვის მიუღებელია, რადგან ასე ხშირად გადაადგილებას ვერ შეძლებენ. რესპონდენტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ენგურის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა, იძულებული იქნებიან მაინც გალში დარჩნენ:

„ხალხი თუ დაიჭირეს, არ წამოვა. მე ვიცი, 2-3 გადავიდა მალულად, დაიჭირეს და აყურყუტეს 14 დღე კარანტინში. აფხაზებთან მოლაპარაკება შეიძლება, ავადმყოფებს ყველას უშვებენ, მაგრამ ქართველები იჭერენ და კარანტინში მიჰყავთ. კარანტინი რომ მოიხსნება, ესეც [ხიდი]გაიხსნებაო, ამბობს ყველა“.

გალის რაიონში მცხოვრებთა პრობლემებს ეხება კვლევა, რომელიც 14 ივლისს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)“ გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა, კვლევის წარდგენისას თქვა, რომ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის გამო დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. ერთ-ერთი მიზეზი „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათების პინკოდის ვადის გასვლაა, რომლის გასაახლებლად მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება უწევთ, რაც ძნელია მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ისევ ცალმხრივად გაიხსნა

კვლევის თანახმად, გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგურის გადმოცურვა უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ორგანიზაციის ცნობით, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, 9 ივლისს კი დაახლოებით 30 მოქალაქე დააკავეს. ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო, თითოეულ მათგანს, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, 3,000-დან 20,000-მდე რუბლის გადახდის ვალდებულება ემუქრება.

გალი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ აზრით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მისაღებად აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინკოდის მოქმედების ვადა.

„ძალიან ბევრი გალელი მიკავშირდება, რომ რაიონის ჩაკეტვის გამო უკვე შეინიშნება როგორც პროდუქტების, ასევე მედიკამენტების სიმწირე. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ პირველადი მოხმარების საგნები უკვე თითქმის აღარ არის რაიონში. პაციენტები ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მდგომარეობა. შესაბამისად, გეგმიურ მკურნალობას ვერ ახორციელებენ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ონკოლოგიურმა პაციენტმა სცადა სუიციდი იმის გამო, რომ მას ფაქტიურად არ ჰქონდა შესაძლებლობა გადმოელახა ე.წ. საზღვარი და მიეღო შესაბამისი დახმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა კვლევის წარდგენისას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გალის მცხოვრებთა დასახმარებლად გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტი და მათი ჩართულობით მოახერხოს პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების გაგზავნა.

ორგანიზაციის მოწოდებას სახელმწიფო უწყებები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 13 ივლისს -ისევ ცალმხრივად და დროებით - გახსნა 14 მარტს კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. სოხუმის გადაწვეტილებით, ხიდი 17 ივლისამდე იმუშავებს. მანამდე სოხუმმა რამდენიმე დღით ცალმხრივად ორჯერ გახსნა ხიდი - 26 მაისს და 22 ივნისს.