არაინფორმირებული ოჯახი
ზაზა გახელაძემ სახლში 11 ივლისს შუადღით დარეკა. თქვა, რომ დაკავებულია და დაჭრა არ უხსენებია. როგორც ჩანს, ხანშიშესულ მშობლებს გაუფრთხილდა. მშობლებმა მისი დაჭრის შესახებ მოგვიანებით მაინც გაიგეს. მას შემდეგ ორი დღე გავიდა და გახელაძეების ოჯახმა არ იცის, სად და როგორაა ზაზა, როდის გამოუშვებენ, აღძრავენ თუ არა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს. ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ოჯახს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს. ზაზას მამა, მიხეილ გახელაძე, პოლიციაშიც გამოკითხეს. ამ კითხვებს იგი ქართველ სამართალდამცავებსაც უსვამდა.
„შევეკითხე, მაინტერესებდა, გადასული იყო თუ არა იმ რუსებისკენა. პოლიციელმა თქვა, რომ რადარით თუ რაღაცით გავზომეთო და 150 მეტრით ქვემოთ იყოვო. იმათ ტერიტორიაზე არ იყო გადასული, ჩვენს ტერიტორიაზეა დაკავებული“.
ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, მაგრამ მას, პირველ რიგში, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სჭირდება:
„მთელი მსოფლიოა ჩართული, როგორც ტელევიზიიდან ვიგებთ. სახელმწიფოსგან დახმარებას ვითხოვთ. წითელ ჯვარსაც წერილობით მივმართეთ და მათ რეაქციას ველოდებით და რა ვი, ეგებ გაათავისუფლონ. სამი დღეა, ბავშვები მშივრები არიან, მამის დარდით პურს არ სჭამენ, დგანან და ტირიან ბავშვები“.
ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, დილით ადრე, სამთავისელ მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად სხვილოს ციხისკენ წავიდა. მეგობარი გზაში ჩამორჩა, ზაზამ კი გზა ციხის გაღმა გააგრძელა. ციხიდან ოკუპირებულ სოფელ ახმაჯამდე დიდი მანძილია და ქვემოჭალელები იქ არაერთხელ ყოფილან. მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. უკან ჩამორჩენილმა ზაზას მეგობარმა გამოქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. ინციდენტიდან ცოტა ხანში დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა კაგებეს პრესსამსახურის ცნობა გაავრცელეს.
„11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებმა 1987 წელს დაბადებულმა ზაზა გახელაძემ, რომელმაც დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და შევიდა ლენინგორის მიმართულებით სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე, მესაზღვრეების გამოჩენისას ცეცხლი გახსნა იარაღიდან. საპასუხო ცეცხლით ზაზა გახელაძე ტერფში დაიჭრა და ამის შემდეგ ის დაკავებულ იქნა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში“.
ზაზას დაკავების ამბავი ოჯახს მისმა მეგობარმა აცნობა და მხოლოდ ის თქვა, რომ ერთი გასროლის ხმა გაიგონა. რაც შეეხება იარაღს, ოჯახში ამბობენ, რომ ზაზა სამონადირეო იარაღს სეიფში ინახავდა და ამ სეიფის გახსნა ვერ ხერხდება.
რას ამბობენ ცხინვალში
რადიო თავისუფლება ცხინვალელ წყაროებს დაუკავშირდა და გახელაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ბიბილოვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთ-ერთი წყარო გვეუბნება, რომ დაჭრილის მდგომარეობა ნორმალურია, ჭრილობა მსუბუქია და ის ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში იმყოფება. წყაროს ცნობით, გახელაძე ახმაჯის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მესაზღვრეების მიმართ ცეცხლი გახსნა:
„სოკოებს იარაღით ვინ აგროვებს? კაცი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახმაჯში, ლენინგორიდან 7 კილომეტრში, სოკოს აგროვებდა? ამას ვინ დაიჯერებს? მან მესაზღვრეებს ესროლა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ახლა კაგებე იძიებს საქმეს და, ალბათ, სისხლის სამართლის საქმესაც აღძრავენ. ჯერჯერობით ეს ვიცი“.
მეორე წყარო, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, ასევე ადასტურებს, რომ გახელაძეს მსუბუქი ჭრილობა აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მნიშვნელოვან ფრაზას ამბობს:
„სადაც არ უნდა დაეკავებინათ, ჩვენები მაინც იმას იტყოდნენ, რომ საზღვარი დაარღვია. ამის დამტკიცება კი შეუძლებელია, რადგან იმ ტერიტორიაზე არც ღობეებია, არც მავთულხლართები და არც ბანერები, ამიტომ ვერავინ დაამტკიცებს, სად გადის საზღვარი და ვინ სად გადავიდა“.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცესქვემო ჭალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზაზა გახელაძემ კარგად იცოდა ტერიტორია, ის სანადიროდ ამ ადგილებში ხშირად დადიოდა და შეუძლებელია ოკუპაციის ხაზს გადაღმა გადასულიყო.
სოფლის მცხოვრებლები სხვილოს ციხეზე ხშირად მიდიან ხოლმე. ციხიდან მოშორებით საოკუპაციო ხაზი გადის, თუმცა ქვემოჭალელები იქით გადასვლას ყოველთვის ერიდებიან. იქ არც ღობეებია და არც მავთულხლართები, ამიტომ საოკუპაციო ძალები თავად შედიან ხოლმე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
„რუსები ჩამოდიან ხოლმე დაბლა, ეს არაერთხელ შეგვიმჩნევია. ჩვენ იქით არ გადავდივართ. სხვილოს ციხიდან ზევით ისევ ჩვენი ტერიტორიაა. საქონლის გადარეკვასაც კი ვერიდებით, რომ არ დაგვაკაონ, მაგრამ თვითონ რუსები აქეთ ჩნდებიან ხოლმე“, - ამბობენ ქვემოჭალელები ჟურნალისტებთან საუბარში.
სახალხო დამცველის რეაქცია
ორშაბათს გახელაძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომელმაც ოჯახის ხელთ არსებული ინფორმაცია მოისმინა. ლომჯარიამ ზაზა გახელაძის გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ქვეყანას არა აქვს მექანიზმი, რომელიც ასეთ დროს ეფექტურ რეაგირებას მოახდენს. ლომჯარიას თქმით, გახელაძის ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება:
„როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეფექტური მექანიზმი, როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთხვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება. ეს ეხება იმას, რომ არ მუშაობს „ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი“. ჟენევის ფორმატი, როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროს არ არის ეფექტური“.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვსწითელი ჯვარი საქმეში ჩაერთო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ზაზა გახელაძის ოჯახთან ორჯერ უკვე ჰქონდა კომუნიკაცია - პირველად 11 ივლისს და მეორედ 13 ივლისს, როდესაც ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა ცხინვალში გასაგზავნი ბარათი შეავსო. როგორც რადიო თავისუფლებას წითელი ჯვრიდან აცნობეს, წერილი ოჯახური კავშირების აღდგენის პროგრამის ფარგლებში ცხინვალში უახლოეს დღეებში გაიგზავნება და წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები მალე მოინახულებენ დაჭრილს. წითელი ჯვარი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
საერთაშორისო რეაქცია
ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვილოს ციხესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებები გაავრცელეს ამერიკის საელჩომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში. მისიის ახალი ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი, ხაზს უსვამს ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ დაუყოვნებლივ განახლების მნიშვნელობას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
"ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე..." - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზთან მომხდარის გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრასა და უკანონო დაკავებას. უწყება სახიფათო ქმედებას უწოდებს ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ მიზანია პანდემიის დროს ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.
"ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საგარეო უწყება განმარტავს, რომ მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას:
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად".
საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლებააყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.
ასევე ნახეთ "თუ მოინდომეს, ამ საქმეს წაიყვანენ სისხლის სამართლის მიმართულებით"ცეცხლის გახსნის პრეცედენტი
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს ნადირობა და ბუნებაში სეირნობა უყვარს. მას სანადიროდ ყოფნისას სამხედრო კამუფლირებული ფორმა ეცვა ხოლმე. ადგილობრივების ვერსიით, შესაძლოა, ის საოკუპაციო ძალებმა ადრეც შეამჩნიეს სხვილოს ციხესთან და 11 ივლისს ჩაუსაფრდნენ, დაკავებისას კი ცეცხლი გაუხსნეს.
2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმს მოქალაქის დასაკავებლად ცეცხლი არ გაუხსნია და არ დაუჭრია, თუ არ ჩავთვლით არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებს. ყოფილა ჰაერში გამაფრთხილებელი სროლის შემთხვევები, მაგრამ მოქალაქის მიმართ დამიზნებით სროლა და მისი დაზიანება აქამდე არ ყოფილა.