Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დღეს ველოდებით, რა ინფორმაციას გაავრცელებს იქაური მედია და „გამოჩნდება“ თუ არა ფოტოები ამ იარაღის, თვითონ დაჭრილი ადამიანის"


გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი
გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს და, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია. „დილის საუბრებში“ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური ჰყვება:

„გახელაძე არის წვივში დაჭრილი და ეს ინფორმაცია მაქვს ახალგორიდან, ერთ-ერთი ექიმისგან, რომელიც იმყოფებოდა ახალგორის საავადმყოფოში, როცა ზაზა გახელაძე მიიყვანეს პირველი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. პირველადი სამედიცინო დახმარება ახალგორის საავადმყოფოში გაუწიეს და დაახლოებით ორ-სამ საათში ის უკვე ცხინვალში გადაიყვანეს, საავადმყოფოში და არა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

კორონავირუსის პირობებში, საქართველოს მოქალაქეები, ვისაც აკავებენ, ჯერ მიჰყავთ ორკვირიან კარანტინში. ეს სხვა ფაქტმაც დაადასტურა: 3 ივლისს არის, მაგალითად, დაკავებული სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი და ის ორკვირიან კარანტინშია გადაყვანილი. ჯერ იზოლატორში არ შეუყვანიათ. მისი ოჯახი ცდილობს, რომ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ პირდაპირ კარანტინიდან გაათავისუფლონ”.

რაც შეეხება ზაზა გახელაძეს, სავარაუდოდ, მას დღეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მოინახულებენ. ორგანიზაციას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გახელაძის ოჯახთან, რომელიც სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობს.

ზაზა გახელაძის დაკავების გარემოებებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ცხინვალის ცნობით, ის საპასუხო ცეცხლის დროს დაჭრეს:

„ამას ოსური წყაროები და იქაური „კა-გე-ბე“ ამბობს და, რა თქმა უნდა, თუ მოინდომეს, ამ საქმეს წაიყვანენ სისხლის სამართლის მიმართულებით - იარაღის გამოყენების ფაქტზე. დღეს ველოდებით, რა ინფორმაციას გაავრცელებს იქაური მედია და „გამოჩნდება“ თუ არა ფოტოები ამ იარაღის, თვითონ დაჭრილი ადამიანის. თუმცა, ოჯახი ამბობს, რომ იარაღი სახლშია, სეიფში ჩაკეტილი და ვერ ვაღებთო.

ბოლომდე მტკიცება იმისი, რა მოხდა ადგილზე, შეუძლებელია. გახელაძესთან ერთად იმყოფებოდა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, ოღონდ უშუალოდ ინციდენტს არ შესწრებია. ოდნავ ქვემოთ იყო, სხვილოს ციხის ქვემოთ. მან შეატყობინა ოჯახს და, როგორც ამბობს, გაიგო ერთი გასროლის ხმა. ესეც წარმოშობს კითხვებს - იყო „საპასუხო ცეცხლი“ თუ დაკავების დროს პირდაპირ გახსნეს ცეცხლი“.

გახელაძის დაჭრისა და გატაცების სავარაუდო ადგილის შესახებ გოგა აფციაური ჰყვება:

„სხვილოს ციხე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და მის გადაღმა, ოკუპირებული ახმაჯის მიმართულებითაც რამდენიმე ათეულ მეტრზე ყოველთვის დადიოდნენ ხოლმე: ქვემო ჭალის მცხოვრებლები, მწყემსები, მომლოცველები. ექსკურსიაზეც მიდიან ხოლმე.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოდნავ მოშორებით გადასულები დაუკავებიათ.

ამ ბიჭმა ძალიან კარგად იცოდა ეს ტერიტორია. ნადირობა უყვარს. ხშირად არის ბუნებაში. სოკოს საკრეფადაც არ წავიდოდა ისეთ ადგილზე, სადაც ოკუპირებულია.

უფრო ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იყვნენ სხვილოს ციხესთან ჩასაფრებულები ამ კაცის გამო.

ამ ბიჭის „ფეისბუკის გვერდი“ დავათვალიერე და ხშირად არის კამუფლირებულ, სამონადირეო ფორმაში ჩაცმული და სანადირო თოფით დგას ხშირად.

როგორც ჩანს, მანამდეც შეამჩნიეს და მოხვდა ამ ე.წ. მესაზღვრეების ინტერესის სფეროში. როგორც ჩანს, ვერ აკავებდნენ, მოხდა გასროლა და დაჭრილი დააკავეს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG