რუსული არმიის ქართველი კაპიტანი

თორნიკე შენგელია

9 ივლისს ევროპულ კალათბურთში საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, მოსკოვის „ცსკა“, კიდევ ერთი კარგი კალათბურთელით გაძლიერდა და სამომავალსეზონოდ კონკურენტებთან ბრძოლაში წარმატების შანსიც გაზარდა.

ეს ამბავი საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში, ალბათ, ერთ რამდენიმეწინადადებიან ინფორმაციას არ გასცდებოდა, საქმე ჩვენებურს რომ არ ეხებოდეს. „ცსკას“ რჩეული საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა. ესპანეთის „ბასკონიის“ ქართველმა აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა გაცილებით მაღალი რანგის კლუბთან კონტრაქტი „ლიგა ენდესას“ (ესპანეთის ჩემპიონატის) მოგებიდან ერთ კვირაში გააფორმა.

ასევე ნახეთ უკვე ოფიციალურად - თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ში ითამაშებს

ერთი შეხედვით წარმატებული ტრანსფერი რეალურად თორნიკე შენგელიასთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ეს პრობლემა მისთვის მოულოდნელი იყო. ნაკრების კაპიტანმა ბევრი გულშემატკივრისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მიიღო და კრიტიკასაც იმთავითვე ელოდა. შენგელიამ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა - თქვა, რომ ევროპულ გრანდში გადასვლა მისი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით ითამაშებს.

აბსოლუტურად განსხვავებულია გულშემატკივართა ნაწილის განწყობა. ოკუპანტი ქვეყნის არმიის სპორტულ კლუბში გადასვლის გამო, თორნიკე შენგელიას ბევრი ქომაგი მკაცრად აკრიტიკებს. ნაწილი კიდევ უფრო კატეგორიულია და სხვა ქომაგებს მოსკოვში წასული კალათბურთელის ობსტრუქციისკენ მოუწოდებს სანაკრებო თამაშების დროს. არიან ისეთებიც, სპორტისა და პოლიტიკის ერთ ჭრილში ხსენება რომ არ მოსწონთ და რუსულ-ქართულ ხელშეკრულებას ქართული სპორტისთვის მომგებიან გარიგებას უწოდებენ. მათი განცხადებით, ამჟამინდელ „ცსკას“, უკვე დიდი ხანია, არმიის სპორტულ კლუბთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. სინამდვილეში კი კერძო მფლობელობაშია და სააქციო საზოგადოება „ნორნიკელს“ ეკუთვნის.

შეხედულებები ხელისუფლებაშიც კი გაიყო. ქართული სპორტის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა ნაწილმა უკვე ღიად დაუჭირა მხარი თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას, კრიტიკოსთა შორის კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა გამოვარჩიოთ - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი კალათბურთელ თორნიკე შენგელიას რუსეთის კლუბში გადასვლის გამო აკრიტიკებს

კალათბურთელების და კალათბურთის ფედერაციის პოზიცია

ჯერ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება თორნიკე შენგელიას რუსული კარიერა, სანაკრებო დონეზე კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი შეიცვლება. ქომაგთა ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, არავინ განიხილავს „ცსკას“ ქართველი ლეგიონერისთვის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის საკითხს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში კაპიტანს წარმატებას უსურვებს და დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომელი კლუბის რიგებში იქნება, თორნიკე ყოველთვის თავდაუზოგავად დაიცავს თავისი სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

ასევე ნახეთ თორნიკე შენგელია სამშობლოს ღირსებას კვლავ დაიცავს, აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში

შენგელიას წარმატება უსურვეს საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ვეტერანმა კალათბურთელებმაც. მათ შორის გიორგი ცინცაძემ, მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ, რომლებსაც თავადაც უთამაშიათ რუსეთის კლუბებში. ცინცაძე (2003-2004) და მარკოიშვილი (2014-2015), სულაც, „ცსკაში“ გამოდიოდნენ.

ვალენსიიდან მოსკოვამდე

თორნიკე შენგელიასთვის დიდი კალათბურთი ესპანეთის კლუბ „ვალენსიით“ დაიწყო 2008-2010 წლებში. 2010 წელს 19 წლის სპორტსმენი ბელგიაში წავიდა და „შარლერუაში“ შენიშნეს ამერიკელმა სკაუტებმა.

2012 წელს NBA-ის დრაფტზე 54-ე ნომრად „ფილადელფიამ“ აირჩია და მალევე „ბრუკლინში“ გაუშვა. ახალგაზრდა ქართველს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თავის დამკვიდრება გაუჭირდა. 2014 წელს ევროპაში დაბრუნდა და ბოლო ექვსი წელი „ბასკონიაში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში თორნიკე შენგელია კლუბის ლიდერი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა. ბოლო თვეებში ევროპულმა სააგენტოებმა არაერთგზის გაავრცელეს განცხადება, რომ „ბასკონიის“ ქართველი ლეგიონერის გადაბირება, „ცსკას“ გარდა, ევროპის ასევე ერთ-ერთ უძლიერეს კლუბს - მადრიდის „რეალსაც“ სურდა. საბოლოოდ, „რეალის“ ვარიანტი რატომღაც არ გამოვიდა.

რატომ „ცსკა“?

„ცსკაში“ გადასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვანმა მიზეზმა განაპირობა. დიდი ალბათობით, პირველ ყოვლისა, კლუბის სიძლიერემ. არმიელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროლიგის, მოქმედი ჩემპიონები არიან, მუდმივად ფავორიტთა შორის ტრიალებენ და, ცხადია, მომავალ სეზონში თორნიკე შენგელიასთან ერთად წარმატების კიდევ უფრო მეტი შანსი ექნებათ, ქართველი კალათბურთელი კი ამ რანგის ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლება.

მეორე მიზეზად ხელშეკრულების ფინანსური მხარე შეგვიძლია დავასახელოთ. ოფიციალურად კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ, ერთ-ერთი ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, არმიელთა ქართველი შენაძენი სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ერთ-ერთი მიზეზი შენგელიასა და „ცსკას“ შორის მოლაპარაკების სხვა დეტალებიც შეიძლება იყოს - მაგალითად, ის, რომ ქართველ კალათბურთელს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) - გადასვლა რუსებთან მოქმედი კონტრაქტის პირობებშიც შეეძლება, თუკი სასურველ შეთავაზებას მიიღებს, ან თუნდაც ის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „ცსკა“ შენგელიას საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშში ხელს არ შეუშლის. ფიბასა და ევროლიგის ხელმძღვანელობებს შორის არსებული უთანხმოების გამო, უკვე წლებია, ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მოთამაშე კლუბების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, კალათბურთელი სანაკრებო შეხვედრებზე არ გაუშვან და ამ პრივილეგიით ყველა კლუბი კმაყოფილია.

ბოლოს, ხმაურიანი ტრანსფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთხელაც ჩამოვთვალოთ. დავიწყოთ დადებითით: პროფესიული ზრდა, პრესტიჟული ტიტულის მოპოვების რეალური შანსი, კარიერული წინსვლის დიდი პერსპექტივა და საქართველოს ნაკრებისთვის სასარგებლო კონტრაქტის პირობები.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ოკუპანტი ქვეყნის იმ გუნდის წევრია, რომლის ეკიპირებასაც რუსეთის არმიის ცენტრალური კლუბის ლოგო ამშვენებს. ამას ემატება გულშემატკივართა ნაწილის იმედგაცრუება, რაც ნაკრების წევრისთვის - და, მით უმეტეს, კაპიტნისთვის - უმძიმესი ტვირთია.

თორნიკე შენგელია ძლიერი კალათბურთელია და კარიერის დასრულებამდე დარჩენილ წლებში, ალბათ, თავის რეალურ ძალას მოპოვებული ჯილდოებით კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის; ეგებ ევროპის საუკეთესო კალათბურთელიც გახდეს, მაგრამ ქართველი ქომაგებისთვის ერთმნიშვნელოვნად მისაბაძი სპორტსმენის სახელის მოხვეჭა, ალბათ, ძალიან გაუჭირდება. ყოველთვის გაახსენებენ და გააკრიტიკებენ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამ დღეებში მიიღო.