Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე შენგელია სამშობლოს ღირსებას კვლავ დაიცავს, აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში


საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ თორნიკე შენგელია სამშობლოს და ნაკრების ღირსებას და ინტერესებს კვლავაც დაიცავს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფეისბუკის გვერდზე ასე ეხმაურება საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას.

„როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!“,- ნათქვამია კალათბურთის ეროვნული ფერედაციის განცხადებაში.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია რუსეთის კლუბში გადასვლის გამო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა. პრეზიდენტმა განცხადება ფეისბუკით გაავრცელა.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

დღეს, 9 ივლისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ შენგელია საკლუბო კარიერას მოსკოვის "ცსკა"-ში გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვით და მოუთმენლად ველი, როდის შევძლებ ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, "ცსკა"-სთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე", - განაცხადა 28 წლის ქართველმა კალათბურთელმა.

XS
SM
MD
LG