საფრანგეთის პოლიციამ შტურმით აიღო ორი ობიექტი პარიზში და პარიზის მახლობლად, მძევლების ამყვანი პირების გასანეიტრალებლად და მოკლა სამი ადამიანი, მათ შორის სატირულ ჟურნალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ასევე დაიღუპა ოთხი ადამიანი, რომელიც აღმოსავლეთ პარიზში მდებარე ქოშერულ მაღაზიაში მძევლად აიყვანა შეიარაღებულმა პირმა. თავდამსხმელის მიერ მათ დახოცვას ოლანდმა ანტისემიტიზმის გამოვლინება უწოდა. ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ძმები, შერიფ და საიდ კუაშები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ 7 იანვარს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმაში, სამართალდამცველებმა დახოცეს, როცა ძმები ავტომატური იარაღის სროლით გამოცვივდნენ ერთ-ერთი საწარმოს შენობიდან პარიზის მახლობლად მდებარე დასახლება დამარტან ონგოელში. ხოლო პარიზში, ქოშერულ მაღაზიაზე შტურმისას მოკლეს ამედი კულიბალი - სულ მალე მას შემდეგ, რაც ლიკვიდირებულ იქნენ ძმები კუაშები. პირდაპირ ტელეეთერში ჩანდა, როგორც მოხერხდა ქოშერულ მაღაზიაზე შტურმის შემდეგ რამდენიმე მძევლის გამოყვანა. პოლიციის ვარაუდით, მაღაზიაში მოკლული თავდამსხმელია ის პირი, ვინც წინა დღეს პარიზში მოკლა პოლიციელი ქალი.