პარლამენტისგან მივიწყებული კოდექსი და ეთიკა

  • ნინო როდონაია
”მე მგონი, ჩვენი კლასი უფრო ხმაურიანია, ვიდრე თქვენი, არა, ბავშვებო?!” - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კოლეგებით არცთუ სავსე, მაგრამ ძალიან ხმაურიანი სხდომათა დარბაზიდან 24 აპრილს მიმართა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის უმცროსკლასელებს, რომლებიც პარლამენტს სტუმრობდნენ. აღკვეთა იმისა, რაც ცოტა ხნის შემდეგ დარბაზში მოხდა, სკოლის მანდატურების მსგავსად, ევალებათ პარლამენტის მანდატურებს - კერძოდ, ფიზიკური დაპირისპირებისა, რომელიც ამჯერადაც ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა. ჯონდი ბაღათურიამ კოლეგებს შეახსენა ჩერქეზთა გენოციდის აღიარებისას მისი გაფრთხილება, რომ დაისმებოდა სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხიც და დაინტერესდა, რა პასუხს გასცემდა ხელისუფლება საქართველოს სომეხ მოქალაქეებს, რომლებიც გენოციდის აღიარების მოთხოვნით ამ კვირაში პარლამენტთან შეიკრიბნენ.

ტრიბუნიდან დეპუტატის გამოსვლის პარალელურად დარბაზის მიკროფონთან მდგარი პარლამენტარი ”ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვი ჯონდი ბაღათურიას მიმართავდა, როგორც ბაღათურიანს, შემდეგ კი ჯიბიდან რაღაც ნივთი ამოიღო, ტრიბუნასთან მივიდა და ესროლა. ზოგიერთ დეპუტატზე დაყრდნობით სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნასროლი ნივთი ვაზელინიანი ტუბი იყო. ჯონდი ბაღათურიასთან ტრიბუნაზე აღმოჩნდა კიდევ ერთი დეპუტატი მმართველი პარტიიდან, აკაკი ბობოხიძე, რომელსაც, მართალია, მუშტი კვლავ მოღერებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად არავისთვის დაურტყამს. ბაღათურია კლასიკურ პროვოკატორად მოიხსენიეს პარლამენტის სხდომაზე და პროვოკაციაში დაადანაშაულეს შემდეგაც, როდესაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და მიიჩნია, რომ დეპუტატის გამოსვლა ”მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების დაზიანებას” და ”შეიცავდა ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს.” მაგრამ ამავე განცხადებაში კომიტეტს არაფერი უთქვამს დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე, რომელმაც ჯონდი ბაღათურიასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ სხდომათა დარბაზში ასეთი რამ თქვა:

”სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი დარჩა თავის სომხურ აზრზე, სომხეთი ზღვიდან-ზღვამდე და მოგონებულ სომხურ გენოციდზე.”

მოგვიანებით ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა აზერ სულეიმანოვის განცხადება, რომ, ”ემოციური ფონის მიუხედავად, გაუმართლებელია ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა და ოპონენტის კრიტიკა ეთნიკური ნიშნის მოხმობით.”
კოდექსი ეთიკის ფუნდამენტური პრინციპების ზოგადი დეკლარაციაა, რომელზეც დეპუტატები ხელს ნებაყოფლობით აწერდნენ და აღსრულების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა ...
ლაშა გოგიძე

პარლამენტში მომხდარ ამ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, 23 აპრილს, ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც ქვეყნის პარლამენტში ეთიკის რეგულირებას შეეხება. მისი ავტორი ლაშა გოგიძე სინანულსაც კი გამოთქვამს, რომ ანგარიში პარლამენტში 24 აპრილს მომხდარ ფაქტამდე გამოქვეყნდა, რადგან, ქსენოფობიის გამოვლინების გამო, ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა და კარგი მაგალითი იქნებოდა იმის საჩვენებლად, რომ დეპუტატებს ეთიკის მხრივ კვლავ სერიოზული პრობლემები აქვთ.

8 წლის წინ, როდესაც პარლამენტის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი საჯაროდ მოაწერეს, სიამაყით აცხადებდნენ, რომ საკუთარ თავს კონკრეტული სტანდარტები დაუწესეს და რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი კოდექსი მხოლოდ საქართველოს და ლიტვას ჰქონდათ. ეუთოს მხარდაჭერით ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ინიციატორი მაშინ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იყო. ორგანიზაციის მკვლევარი ლაშა გოგიძე დღეს ამბობს, რომ კოდექსი ვერ იქცა პარლამენტის წევრთა არაეთიკური და არაპროფესიონალური ქცევის საწინააღმდეგო ეფექტურ მექანიზმად. მიზეზთა კვლევისას ლაშა გოგიძე პარლამენტის არაერთ მოქმედ და ყოფილ წევრს შეხვდა.

”ძირითადი მიზეზი, ჩემი აზრით, და თვითონ დეპუტატებმაც თქვეს, იყო ის, რომ კოდექსი ეთიკის ფუნდამენტური პრინციპების ზოგადი დეკლარაციაა, რომელზეც დეპუტატები ხელს ნებაყოფლობით აწერდნენ და აღსრულების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაშა გოგიძემ. მისივე თქმით, არ შექმნილა დაკვირვების რაიმე მექანიზმიც იმის გასაკონტროლებლად, თუ როგორ დაიცავდნენ დეპუტატები თუნდაც ნებაყოფლობით ხელმოწერილი კოდექსის პრინციპებს.
ცოტა რთული იქნება, რომ კანონის სახე მიეცეს ეთიკის კოდექსს და სავალდებულო მხოლოდ დეპუტატებისთვის გახდეს. უფრო მიზანშეწონილი იქნება იურიდიული სტატუსით გახდეს პარლამენტის თავმჯდომარის დებულება ...
ლაშა გოგიძე

დღეს ამ დოკუმენტს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მკვლევარი ”თაროზე შემოდებულს” უწოდებს და ამბობს, რომ ”2008 წელს, როდესაც ახალი პარლამენტი შედგა, არც შეხსენებიათ ახალ დეპუტატებს, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს. ორმა რესპონდენტმა, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები არიან, საერთოდ არც კი იცოდნენ, რომ ასეთი რამ არსებობს.” იმ დეპუტატებს კი, რომლებისთვისაც ეთიკის კოდექსის არსებობა ცნობილია თუნდაც იმიტომ, რომ წინა მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და კოდექსს ხელი 2004 წელს მოაწერეს, მსგავსი დოკუმენტი აუცილებლად მიაჩნიათ. თუმცა, როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია ნათქვამი, პარლამენტი არ განიხილავს ახალი - სავალდებულო ხასიათის - ეთიკის კოდექსის მიღებას. ორგანიზაციის მიერ გამოკითხული დეპუტატები არსებული სისტემის შენარჩუნებას და დახვეწას ემხრობიან და იზიარებენ აზრს, რომ აუცილებელია პარლამენტის წევრთა ცნობიერების ამაღლება, აქტიური საინფორმაციო კამპანია და ყოველი ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების მიერ ეთიკის კოდექსის საჯაროდ ხელმოწერა. ლაშა გოგიძის თქმით, გამოითქვა აზრი, რომ ეთიკის კოდექსი პარლამენტის რეგლამენტის ნაწილი გახდეს, თუმცა მკვლევარი ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებს:

”ცოტა რთული იქნება, რომ კანონის სახე მიეცეს ეთიკის კოდექსს და სავალდებულო მხოლოდ დეპუტატებისთვის გახდეს. უფრო მიზანშეწონილი იქნება იურიდიული სტატუსით გახდეს პარლამენტის თავმჯდომარის დებულება. ის სავალდებულო იქნება, თუმცა მხოლოდ დეპუტატებზე გავრცელდება.” რაც შეეხება სანქციებს, ლაშა გოგიძის განმარტებით, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატის იმუნიტეტი და დამოუკიდებლობა ხელშეუვალია, ამიტომ არაეთიკური ქცევისთვის მძიმე სანქციების დაწესება მიზანშეუწონელი იქნებოდა. თავად პარლამენტის წევრები, რომლებიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოკითხა, არაეთიკური ქცევისთვის ყველაზე მისაღებ სანქციად ”დასახელებას და შერცხვენას” მიიჩნევენ.

”ამ შემთხვევაში, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, კავშირები და პირადი ურთიერთობები ადამიანებს შორის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და როდესაც საზოგადოებაში, მედიაში უარყოფით კონტექსტში საუბრობენ ადამიანზე, რომელიც რეგულარულად არაეთიკურად იქცევა, ეს, ალბათ, თვითონ დეპუტატებსაც ძალიან არ მოეწონებათ და ეცდებიან, რომ აღარ გაიმეორონ”, - ამბობს ლაშა გოგიძე. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის და სხვა არაეთიკური საქციელისთვის დეპუტატის საჯაროდ დასახელება და შერცხვენა სამომავლოდ მსგავსი ქცევის აღსაკვეთად შესაძლოა უფრო ეფექტური მექანიზმი იყოს, ვიდრე, მაგალითად, ხელფასის დაქვითვა, რადგან პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სხდომების რეგულარულად გაცდენის ან პულტებით მანიპულირებისთვის დაწესებულ ფინანსურ სანქციებს სასურველი შედეგი ვერ მოაქვს.