Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 აპრილი, 2012


დღევანდელი პრესა პარლამენტის 24 აპრილის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება: ”ცემა-ტყეპა პარლამენტში - დეპუტატებმა ერთმანეთს ”ვაზელინები” ესროლეს”, ”სიძულვილის და ტუბების სროლა პარლამენტში”, ”სომხების გენოციდის თემა საქართველოს პარლამენტში”.

”24 საათი” წერს: ”გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარმა დეპუტატმა მარნეულიდან აზერ სულეიმანოვმა წინასწარ იცოდა, რომ ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წევრი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სომხების გენოციდის თემას ახსენებდა“.

”ახალი თაობა”: ”...სულეიმანოვმა ბაღათურიას სომეხი უწოდა. ტერმინ ”სომეხის” გამოყენებისთვის რობიკო სტურუა რუსთაველის თეატრიდან მოკვეთეს. ჯონდი ბაღათურია მოითხოვს, რომ სულეიმანოვი საქართველოს პარლამენტიდან გაიწვიონ”.

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ჟურნალისტი მას ჰილარი კლინტონის მოსალოდნელ ვიზიტზეც ეკითხება. ცინცაძის პროგნოზი: ”აქ სენსაციური გარღვევა არ მოხდება. საქართველოსა და ამერიკას შორის იმდენად სტაბილური ურთიერთობაა, რომ აქ უკვე ჩვეულებრივი დიპლომატიური ურთიერთობაა ორ მოკავშირეს შორის. აქ იქნება საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტერმინზე უფრო მნიშვნელოვანია. ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები საქართველოში აღარ ყოფილა დიდი ხანია. ეს განაპირობა (და ამას ვერ დავმალავ, ზოგს შეიძლება, ესიამოვნოს, ზოგს - არა) ახალი ძალის გამოჩენამ, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ძალიან დიდი იმედები აქვს. არის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას”.

”რეზონანსი” წერს: ”წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ხორბალი დაახლოებით 40 ათას ჰექტარზე დაითესა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობის პროგრამა ამერიკული ჯაგერის ტიპის ხორბლის თესლთან დაკავშირებით ჩავარდა. საერთო ჯამში, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 20%-ით შემცირდა”. ”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ”შესაძლოა, რამდენიმე მცირე ბანკი გაერთიანდეს”.

”ვერსია” აშუქებს ტელეხიდს, რომელიც 24 აპრილს პარტია ”განახლებული საქართველოსთვის” საერთაშორისო საკითხებში მრჩეველ, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მინდია გულუასთან გაიმართა. ავტორი წერს: ”მინდია გულუამ 12 მაისს პარლამენტის წინ დაგეგმილი დევნილთა შეკრებაც დააანონსა და აღნიშნა, რომ აქციის მიზანი 12 მაისის ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ გამოცხადება და დევნილთა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების პროცესის დაწყებაა”.

”ვერსია” სვამს შეკითხვას: ”რუსეთის ბაზარი ექსკლუზიურად ”ზედაზენისთვის” გახსნეს?!”. ავტორი ”ქართული ლუდის კომპანიის” დამფუძნებლების შესახებ აწვდის მკითხველს ინფორმაციას და წერს, რომ კომპანია იგაო და ცეზარ ჩოჩელებმა სამ პარტნიორთან ერთად დააფუძნეს: ერთი დმანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილია, მეორე - ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა და მესამე - თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი.

პრესა დღესაც ეხმაურება დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს. ”საქართველოს რესპუბლიკა” წერს: ”როგორც ამბობენ, შევარდნაძის დროს ბიზნესმენად ქცეული მხედრიონელები სააკაშვილის ბიზნესელიტაში ნიკა რურუას წყალობით მოხვდნენ, რომელიც, ”ტილიკას” და ”ზარალასთან” მეგობრობის გარდა, ”ვერის საძმოს” წევრადაც არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ცოტა უცნაურია, როდესაც აქ, საქართველოში, ასეთი გაქანებისა და სიმდიდრის მქონე ბიზნესმენები ჰყავს სააკაშვილს, ამერიკელი მილიარდერები რაში სჭირდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი ამერიკაშია თაღლითობით განთქმული, ადვილი წარმოსადგენია, რა დიდებული ტანდემიც შედგა გასული წლის 10 მარტს”.

”ყველა სიახლის” სვეტის სათაურია - ”დონალდიადა”, ანუ ”ზარალას” ამერიკელი ბაბუა”. ავტორი წერს: ”ხუმრობას თავი დავანებოთ და, ვფიქრობ, ჭკვიანი ბიზნესმენი მაინც მოერიდებოდა ამგვარი მეტსახელის მქონე კაცთან საქმის დაჭერას, რაც უნდა ”ნიუიორკულად” ეოცნება”.

”ყველა სიახლეში” დღეს რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტ სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ”არ მეგონა, რუსეთში სასიკეთო ძვრები თუ დაიწყებოდა. ამიტომაც, ვაპირებდი ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლას. მაგრამ რუსეთში უცებ ისეთი ამბები დაიწყო, რომელზედაც დიდი ხანია ვოცნებობდი. უფრო საინტერესო მოვლენები კი წინ გველის. რუსეთში ისეთი პროცესები დაიწყო, მის შეჩერებას პუტინი კი არა, ვერავინ შეძლებს” - ეუბნება სოფო შევარდნაძე ”ყველა სიახლეს”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG