მომავლის ფასილიტატორები

თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ახალგაზრდები დიალოგის წარმართვისა და კონფლიქტების დარეგულირების ხერხებს პრიშტინა-ბელგრადისა და კიშინიოვ- ტირასპოლის მაგალითზე ეცნობიან.

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენლები 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს კიშინიოვში ხვდებიან და პრობლემების გადაჭრის გზებს ეძებენ. პროექტში 5 ორგანიზაციაა ჩართული: ბერგჰოფის ფონდი - ბერლინიდან; "აი კევე პაქს კრისტი" - ჰოლანდიიდან; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი - თბილისიდან; ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების სააგენტო - ცხინვალიდან და ზურაბ აჩბას სახელობის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამყარო ძალადობის გარეშე“ - სოხუმიდან.

კოორდინატორები ფიქრობენ, რომ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის გამართული შეხვედრები დიალოგის აღდგენასა და ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობს. ქართული მხარის კოორდინატორის თინათინ ასათიანის აზრით, ეს მომავლის პროცესია, რომელიც მშვიდობის შენებისკენ არის მიმართული:

იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემები, იმიტომ რომ ახლახან იყო ყველაფერი. ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ქართველებთან ურთიერთობის ...
დინა ალბოროვა
"ეს არის მომავლის პროცესი. ჩვენ ახალგაზრდებს ვამზადებთ იმისთვის, რომ მომავალში იყოს რესურსი დიალოგისთვის, ურთიერთობისთვის, მშვიდობის შენების რესურსი არსებობდეს - ეს იყო მიზანი. ისეთ ამოცანებს ეჭიდება ეს ხალხი, რომ მათ სჭირდებათ ჰქონდეთ ცოდნა, უნარ-ჩვევები, ჰქონდეთ საშუალებები, რომ მიაღწიონ იმ მიზნებს და განახორციელონ ის სამშვიდობო საქმეები, რომლის განხორციელებაც სურთ."

ქართველი და ოსი ახალგაზრდები ყველა იმ საშუალებას გაეცნენ, რომელიც კონფლიქტური მხარის მონაწილეობით გამართული დიალოგებისა და დისკუსიების დროს აუცილებელია. 20 მონაწილე მოლდავეთში, მედიაციისა და ფასილიტაციის უნარებს დაეუფლა. ოსური მხარის კოორდინატორი აცხადებს, რომ, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, ქართველი და ოსი მონაწილეები ერთმანეთს კოსოვოში შეხვდნენ. დინა ალბოროვას აზრით, მაშინ ოსურმა მხარემ გარისკა, როცა შეხვედრაში მონაწილეობაზე დათანხმდა, თუმცა დღეს ფიქრობს, რომ მთავარი შედეგი ორმხრივი კონტაქტები და საზოგადოებაში ამ შეხვედრების აქტიური განხილვაა:

"იყო საფრთხე, რომ შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემები, იმიტომ რომ ახლახან იყო ყველაფერი. ახლაც არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ქართველებთან ურთიერთობის. ისინი ძალიან მყარად დგანან საკუთარ პოზიციაზე და ამბობენ, რომ არანაირი ურთიერთობა, არანაირი მოლაპარაკება მეორე მხარესთანო, მაგრამ ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ იცვლება სტერეოტიპები, რადგან დაინახეს, რომ საქართველოში არის განსხვავებული აზრი.“

ამ შეხვედრებმა ხელი შეუწყო ხალხის უფრო დაახლოებას და ადამიანური ურთიერთობების აღდგენას, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ ...
გიორგი სტეფნაძე
შეხვედრები როგორც ცალ-ცალკე ჯგუფებად, ასევე გაერთიანებული სახით სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში ტარდება. მონაწილეთა აზრით, მთავარი შედეგი ის არის, რომ ურთიერთობის გამოცდილებით საერთო პროექტების განხორციელების სურვილი გაჩნდა. დალი ვასაძის აზრით, ლაღი და გახსნილი ურთიერთობები გარკვეულწილად პროექტის განსხვავებულმა ფორმატმაც განაპირობა:

"ამ ტექნიკის გაცნობიერება გვაძლევდა საშუალებას, კონფლიქტი სხვა კუთხით დაგვენახა და გაგვეგო ერთმანეთის პოზიციები. თუ ადრე იხსენებდნენ ომის პერიოდს, თუ რაოდენ ცუდად გადაიტანეს, ახლა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ეს არ გაეხსენებინათ. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გაჩნდა ინტერესი საერთო პროექტების განხორციელების.“

"ამ შეხვედრებმა ხელი შეუწყო ხალხის უფრო დაახლოებას და ადამიანური ურთიერთობების აღდგენას, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. უკვე როდესაც ჩვენ, ახალგაზრდებს, მოგვიწევს მსგავსი შეხვედრების წაყვანა სხვა მედიატორებისა და ფასილიტატორების გარეშე, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გავერკვევით სიტუაციაში და უფრო მეტს ავიღებთ საკუთარ თავზე“, - ამბობს გიორგი სტეფნაძე და ამატებს, რომ ასეთ თბილ შეხვედრას არ ელოდა.

ბერგჰოფის ფონდის წარმომადგენელი ოლივერ ვოლი ფიქრობს, რომ მონაწილეებმა დიალოგების საწარმოებლად კარგი უნარები გამოიმუშავეს. ეს ახალი კომპონენტი კი გულისხმობს პროექტის ახალგაზრდა მონაწილეები გახდნენ იმ პროცესის ლიდერები, რომელშიც თავად აქტიურად ჩაერთვებიან.

"ამ ახალი კომპონენტის, მომავლის ფასილიტატორებმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ისე, რომ წინა პროექტის მონაწილეები, რომლებიც ახლა მეორე ეტაპს გადიან, გახდნენ იმ პროცესის ლიდერები და შეძლონ მოლაპარაკებების გაგრძელება ორ მხარეს შორის და, ამავე დროს, შეძლონ, იმ უნარ-ჩვევების წყალობით, დიალოგის დისკუსიის ფორმატში გადაყვანა.“

პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას თავად განიხილავდნენ; მეორე ეტაპზე მონაწილეები მედიატორისა და ფასილიტატორის ფუნქციებს გაეცნენ, რასაც მესამე ეტაპზე უკვე სხვა მონაწილეებთან ერთად თავად გამოიყენებენ.