”კარდაკარი” იწყება

მამუკა კაციტაძე

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ პროექტ ”კარდაკარის” ვადები 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 1 ივლისის ჩათვლით განსაზღვრა. პერიოდი მოიცავს როგორც მოსამზადებელ და რეგისტრატორთა შერჩევის, ასევე მათი უშუალოდ ველზე გასვლისა და კონტროლის ეტაპებს. საარჩევნო სიები ”კარდაკარის” საშუალებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაზუსტდება 2010 წლის არჩევნებისთვის დადგენილი საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში.

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3584 უბანზე ჩატარდა. ”კარდაკარის” საყოველთაო პრინციპი კი, თავის მხრივ, სპეციალური რეგისტრატორების ამ უბნებზე მცხოვრებ ყველა ოჯახში მისვლას გულისხმობს. კომისიის გათვლებით, ”კარდაკარის” განხორციელებას 11 090 რეგისტრატორი დასჭირდება. ”კარდაკარის” რეგისტრატორების ეგრეთ წოდებულ ველზე გასვლის ეტაპად 20 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის განმარტებით, რეგისტრატორი მოქალაქისგან მიიღებს როგორც სტატისტიკური მაჩვენებლის დასადგენ ინფორმაციას, ასევე სპეციფიკურ ცნობებს, რომელთა საფუძველზეც სიებში არსებული ხარვეზები გასწორდება:
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საზღვარგარეთ გასულ ჩვენს თანამოქალაქეთა აღნუსხვაზე და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებაზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში...
მამუკა კაციტაძე


”კომისია „კარდაკარის“ განხორციელების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, ერთი მხრივ, გარდაცვლილების ამოღებას ამომრჩეველთა სიებიდან, რომელთა რაოდენობა გარკვეულია და ფიქსირდებიან ასეთები ერთიან სიებში; მეორე მხრივ, ეს იქნება ეგრეთ წოდებულ მიწერებზე, გაურკვეველ, დაუდგენელ მოქალაქეებზე აქცენტის გაკეთება და, მესამე მხრივ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საზღვარგარეთ გასულ ჩვენს თანამოქალაქეთა აღნუსხვაზე და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებაზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში.”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის - ”ამომრჩეველთა სიის აუდიტის” - თანახმად, 2011 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩევლის რეგისტრაციის მიმართულებით საარჩევნო სიაში თითქმის აღარ არსებობს ხარვეზები. თუმცა კვლავაც პრობლემად რჩება შიდა და გარე მიგრაცია, ანუ პრობლემა, რომელიც არჩევნებზე მანიპულაციის საგანი შეიძლება გახდეს, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, არის ის, რომ ადამიანის რეგისტრაციის მისამართი და საცხოვრებელი ადგილი ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, ”სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო სიის დასაზუსტებლად შექმნილ კომისიას ურჩევს საქმიანობის პრიორიტეტად აღრიცხვიანობის მოწესრიგება დასახოს, რათა ზუსტად დადგინდეს, რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, რამდენი სხვა მისამართზე და რამდენი იმყოფება საზღვარგარეთ. ერთ-ერთი რეკომენდაცია კი, რომელიც იმავე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მისამართით ”სამართლიანი არჩევნებიდან” გაისმა, შემდეგია: მომდევნო არჩევნებამდე უნდა ჩატარდეს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც შესაძლოა ”კარდაკარის“ პარალელურადაც განხორციელდეს.

ნინო ლომჯარია


”თავდაპირველად ეს არ იყო მათი ფუნქცია, მაგრამ ისეთ „კარდაკარს“ აკეთებენ, რომელიც გულისხმობს ყველა ოჯახში, ყველა მისამართზე მისვლას. ამიტომ უფრო უკეთესი იქნება, თუ შეითავსებს ეს კომისია საყოველთაო აღწერასაც, იმიტომ რომ საქმე, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, რაც მათ უნდა გააკეთონ და რაც საყოველთაო აღწერის დროს ხდება. და რატომ უნდა დაიხარჯოს ამდენი რესურსი მხოლოდ სიის მიმართულებით, როცა შეგვიძლია საყოველთაო აღწერაც ჩავატაროთ პარალელურად”, - გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა მხოლოდ 58 პროცენტი ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე, გარე მიგრაციის მაჩვენებელი 6 პროცენტია, შიდა მიგრაციის - 9 პროცენტზე მეტი, 26 პროცენტის საცხოვრებლის იდენტიფიცირება კი ვერ მოხერხდა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ამ მონაცემებს ცნობად იღებს. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ რეგისტრაციის ადგილზე მცხოვრებთა 58 პროცენტი კარგი ორიენტირია. რაც შეეხება საზღვარგარეთ წასულებს, მათი რიცხვი 6 პროცენტზე, სავარაუდოდ, ორჯერ ან სამჯერ მეტია და „კარდაკარი“ მათ აღმოჩენას მოსახლეობის იმ 26 პროცენტში შეეცდება, რომელიც ”სამართლიანმა არჩევნებმა” „გაურკვეველთა“ კლასიფიკაციაში მოაქცია. რაც შეეხება ”კარდაკარის” მოსახლეობის საყოველთაო აღწერად გარდაქმნის რეკომენდაციას, მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ კომისიის რესურსებით ამის გაკეთება შეუძლებელია.
ახლა, როდესაც გადაწყვეტილია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება გადამოწმება, ამისთვის 11 090 რეგისტრატორის მობილიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი და გლობალური პროცესი იქნება...
კახა კახიშვილი

საარჩევნო სიის დაზუსტების კომისია პარტიული შეთანხმების საფუძველზე არსებობს. კომისიის საერთო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. ”კარდაკარის” რეგისტრატორთა შერჩევას კომისია 25 თებერვლიდან იწყებს. საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი ამბობს, რომ მთავარია რეგისტრატორები პარტიულ აგიტატორებად არ გადაიქცნენ. სხვა შემთხვევაში კი, მისი აზრით, კომისიის მიერ დაგეგმილი ”კარდაკარი“ თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა:

”პარტიების ჯგუფების მიერ ”კარდაკარის” მეთოდოლოგიით გადამოწმება ხდებოდა მხოლოდ ფრაგმენტულად, რაღაც-რაღაც უბნებზე ან ოლქებში. ახლა, როდესაც გადაწყვეტილია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება გადამოწმება, ამისთვის 11 090 რეგისტრატორის მობილიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი და გლობალური პროცესი იქნება.”

კახა კახიშვილის აზრით, ამ პროცესის წარმატება დიდწილად იმ საკანონმდებლო ბაზაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც საგანგებოდ კომისიის საქმინობისთვის შეიქმნება.