პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, ნაბიჯით იარ!

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 140 ათასი ადამიანი მონაწილეობდა 4 თებერვალს საპრეზიდენტო კანდიდატის, ამჟამად პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად მოწყობილ მიტინგში. როგორც გაირკვა, ყველა თავისი სურვილით და პოლიტიკური ნების გამოსახატავად არ მისულა იქ. ზოგს ფული გადაუხადეს, ზოგს დაემუქრნენ, რომ სამსახურს დაკარგავდა, ზოგი, უბრალოდ, დააშინეს სხვა სასჯელით. გთავაზობთ რადიო თავისუფლების მოსკოველი კორესპონდენტის, ნატალია ჯარპოლადოვას მიერ გამოგზავნილ რეპორტაჟს.
მიტინგის ბოლოს მხოლოდ 85 ადამიანს გადაუხადეს, 160 ისე დატოვეს...


სერგეი მოროზოვის პროფესია, ჩვეულებრივ, კინოფილმების გადაღებისას მასობრივ სცენებში ადამიანთა დიდი ჯგუფების ხელმძღვანელობაა. ამ საქმეში გამოცდილება მას ეხმარება დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ის პოლიტიკური თავყრილობების დროს ხალხის შეგროვებითაა დაკავებული. მოროზოვი შუამავალია საზოგადოების ცალკეულ წარმოადგენლებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ფულს უხდიან რუსეთის მოქალაქეებს, ესენი კი კისრულობენ მივიდნენ მიტინგზე; მოროზოვი უკმაყოფილოა ბოლო ოპერაციით ოთხ თებერვალს, როცა პუტინის მომხრეთა დიდი არმია შეიკრიბა:

“მიტინგისთვის 250 ადამიანი უნდა შემეგროვებინა. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ თითოეული მათგანი 500 რუბლს მიიღებდა, მაგრამ მიტინგის ბოლოს მხოლოდ 85 ადამიანს გადაუხადეს, 160 ისე დატოვეს, თუმცა მათ პირობა მისცეს, რომ მიტინგის ბოლოს გადაუხდიდნენ. „ედინაია როსიამ“ არ შეასრულა დანაპირები.“

მოსკოვის პოლიციის თანახმად, ამ შეხვედრაზე 140 ათასი ადამიანი მივიდა. ამავე დღეს გაიმართა საპროტესტო გამოსვლა ბოლოტნაიას მოედანზე, სადაც, უკიდურესი სიცივის მიუხედავად, დაახლოებით 80-100 ადამიანი შეიკრიბა. არ არის გამორიცხული, რომ პუტინს მართლაც ჰყავდეს ბევრი მომხრე რესეთში, მაგრამ, გავრცელებული ცნობით, „პოკლონნაია გორაზე“ მისულების გარკვეული ნაწილი იძულებით მოხვდა იქ ან ფული გადაუხადეს. „ედინაია როსია“ ამ ცნობებს ჭორებს უწოდებს. პარტიის მოსკოვის განყოფილების წარმომადგენელი ნატალია ბურცევა ამბობს:
ვისაც არ შეგიძლიათ, უარი ჩემთან შეათანხმეთო. ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც ზეწოლა ...
.

„ჩვენ ძალა არავისთვის დაგვიტანებია, არავისთან არ გვქონია არც სიტყვიერი და არც წერილობითი შეთანხმება. ცხადია, ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, ვეპატიჟებოდით ამ მიტინგზე დასწრების ყველა მსურველს და ისინიც მოვიდნენ. დანარჩენი ეს ჭორები და მოგონილია.“

არაერთი იმ ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი, ვინც დაიჩივლა, რომ აიძულეს ამ მიტინგზე მისვლა. მოსკოვის საჯარო პალატის, სამთავრობო სამეთვალყურეო ორგანიზაციის თანახმად, 20-მდე მასწავლებელმა წარადგინა საჩივარი. ფაქტები, რომ პუტინის მომხრეთა მიტინგზე ხალხი იძულებით მიიყვანეს, ცნობილი გახდა სხვა სფეროებიდანაც. „მოსენერგოში“ მუშაობს ვინმე ელენა, რომელიც ამბობს, რომ მენეჯმენტმა პირდაპირ გვითხრა, ამა და ამ დროს ამა და ამ ადგილას შევიკრიბებით, ავტობუსებით წაგიყვანთ და მოგიყვანთ და ასეც მოხდაო. ელენა ამბობს, რომ თანამშრომლებს სამაგიეროდ ორი დღის შვებულების მიცემას დაჰპირდნენ. ცხადია, საბჭოთა გადმონაშთია, როცა პროფკავშირებს ევალებათ ხალხის მიყვანა სხვადასხვა პოლიტიკურ თავყრილობაზე, მაგრამ, ქვეყანაში, სადაც ასეთ შეკრებებს მეტი გავლენა აქვთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვიდრე ყოველგვარ სატელევიზიო დებატებს, ეს მეთოდი კვლავ ძალაშია. ბავშვთა განათლების ცენტრის დირექტორი ელენა ტრავინა ამბობს,მე და საშუალო დონის სხვა ხელმძღვანელებს 4 თებერვალს მიტინგზე მისვლა დაგვავალესო:

“თათბირზე ანა ხალევამ, ჩვენი განათლების განყოფილების გამგემ, საკმაოდ ცხადად თქვა, შევხვდებით „პოკლონნაია გორაზე“. ვისაც არ შეგიძლიათ, უარი ჩემთან შეათანხმეთო. ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც ზეწოლა.“

ტრავინას დავალებული ჰქონდა თავისი რვა თანამშრომლის მიყვანა. მან ღიად უთხრა თავის კოლეგებს, რაც ხდებოდა, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლა იყო. მეორე დღეს მას სთხოვეს გადამდგარიყო. მასწავლებელთა პროფკავშირების რეგიონალური ორგანიზაციის თანათავმჯდომარე ანდრეი დემიდოვი ამბობს, რომ ტრავინას შემთხვევა ადასტურებს, თუ როგორი ძლიერია ხანდახან ზეწოლა კავშირის თანამშრომლებზე. იმის ნაცვლად, რომ ადმინისტრაციული ზეწოლისგან დაიცვას მასწავლებლები, საჯარო განათლებისა და მეცნიერ მუშაკთა პროფკავშირი ამ შემთხვევაში თვითონ იქცა იარაღად.