ამერიკის სამხედრო დახმარება პანკისიდან გონიომდე

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 40 „ჰამვის“ გადაცემის ცერემონია, "კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი". 2011 წლის 7 ივნისი

მიუხედავად ზოგადი შინაარსის ოპტიმისტური განცხადებებისა, საქართველოს ხელისუფლება ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუ რას ნიშნავს აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლა - კერძოდ, გადასცემს თუ არა თავდაცვით სამხედრო აღჭურვილობასაც ვაშინგტონი თავის სტრატეგიულ მოკავშირეს. ვიდრე პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით ვარაუდებს გამოთქვამენ, ალბათ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებაში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციები, რომელთაც შეეძლოთ უფრო მეტადაც გაეძლიერებინათ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ არა საქართველოს ხელმძღვანელობის არასწორი ნაბიჯები სამხედრო მშენებლობაში.
ამ ჩამოსვლამ შექმნა, გარკვეულწილად, ის ფარი რუსეთის წინააღმდეგ და ამით აგრძნობინეს ამერიკელებმა რუსეთს, „არ გინდათ, თქვენ ნუ ჩაერევით ამ ამბავშიო...


„საქართველოსათვის ყველაზე გრძელვადიანი სადაზღვევო პოლისი მეტად მყიფე უსაფრთხოების გარემოში იქნება თქვენი დემოკრატია“, - ეს იყო ძირითადი მესიჯი, რასაც ვაშინგტონიდან ჩამოსული მოხელეებისაგან ღებულობდა თბილისი 1990-იან წლებში. იმხანად ქვეყანაში ყვაოდა კორუფცია, უსაფრთხოების სფეროს ინსტიტუტები ქრონიკული დაუფინანსებლობის გამო თავად წარმოადგენდნენ საფრთხეს ქვეყნისათვის, ამიტომ ვაშინგტონს გაგონებაც კი არ სურდა საქართველოსათვის იარაღის მიწოდებაზე. ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბრის საავიაციო ტერაქტის შემდეგ, როდესაც ვაშინგტონმა საერთაშორისო ტერორიზმს ომი გამოუცხადა. იმ დროს საქართველოს პანკისის ხეობაშიც გაჩნდა საშიში კერა ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გილაევის რაზმების სახით, რომლებსაც მოსკოვი ტერორისტებად მიიჩნევდა და საერთაშორისო კონიუნქტურას საქართველოს ტერიტორიების დასაბომბად მოხერხებულად იყენებდა. თბილისი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც 1998-2004 წლებში საქართველოს თავადაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, ვაშინგტონის ჩარევამ საქართველო ვითარების ყველაზე უარეს სცენარს ააცილა - 2002 წლის დეკემბერში საქართველოში ჩამოსულმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამას მოაწერა ხელი:

„პირდაპირ გეტყვი, ამ ჩამოსვლამ შექმნა, გარკვეულწილად, ის ფარი რუსეთის წინააღმდეგ და ამით აგრძნობინეს ამერიკელებმა რუსეთს, „არ გინდათ, თქვენ ნუ ჩაერევით ამ ამბავშიო ( იგულისხმება პანკისის ხეობის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები), ჩვენ აქ ვართ და საქართველოში შევქმნით იმ პოტენციალს, რომ ამ ქვეყანამ ეს თავისით შეძლოსო“. აი, ეს იყო იდეოლოგიური ჩარჩო, რომლითაც ეს [„წვრთნისა და აღჭურვის“] პროგრამა იწყებოდა. მერე, იცი შენ, როგორ გაგრძელდა, როგორ განვითარდა. ამან საკმაო გავლენა იქონია შემდგომ სვლაზე საქართველოს სამხედრო ძალების განვითარებისა.“

70 მილიონი დოლარი დახარჯა შეერთებულმა შტატებმა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 5 000-ზე მეტი პროფესიონალი ჯარისკაცი და მესაზღვრე მომზადდა და აღიჭურვა. საქართველოსათვის მიწოდებული შეიარაღება იყო მსუბუქი და არა ნატოს სტანდარტებისა. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: ვაშინგტონი თვლიდა, რომ ქართულ ჯარს ნატოს სტანდარტებით წვრთნა უფრო მეტად სჭირდებოდა, ვიდრე ამერიკული იარაღი. დაეშვა თუ არა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის ალამი, 2004 წელს ამერიკელებმა მალევე მოაწერეს ხელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ახალ, ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამას”, რაც მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისათვის კიდევ 2 ქვეითი ქართული ბრიგადის მომზადებას ითვალისწინებდა.
ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაცია” კრწანისის სამხედრო პოლიგონზე ორ ეტაპად განხორციელდა და 2006 წლის ბოლოს დამთავრდა.

საბრძოლო იარაღი საქართველოს არმიისათვის ვაშინგტონს ისევ არ გადაუცია, თუმცა წლიდან წლამდე იზრდებოდა იმ ქართველი სამხედროების რაოდენობა, ვინც კარგად იცოდა ამერიკული სამხედრო იარაღის ფლობა და მოწინავე არმიების მართვის გამოცდილებას უშუალოდ ამერიკის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში ეუფლებოდა. თუმცა „ვარდების რევოლუციის“ პირველ წლებში არმიის რიგებში განხორციელებულ საკადრო წმენდას, პირველ რიგში, სწორედ დასავლეთის სამხედრო სასწავლებლებში მომზადებული ოფიცრები შეეწირნენ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი თავდგირიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის“ თავმჯდომარე, რომელიც 2004 წელს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვა:

„ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს, რომ ის ვერ აიტანდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში ადამიანებს, ვისაც უცხოეთში ჰქონდა განათლება მიღებული. ანუ მას პრინციპულად ჰქონდა ეს ხედვა ჩამოყალიბებული. პირდაპირ აცხადებდა იგი, ოფიცრები იმ ქვეყნების აგენტები არიან, რომელშიც მათ განათლება მიიღესო.“

ასეთი საკადრო პოლიტიკის შედეგად წყალში აღმოჩნდა გადაყრილი ის ასეულ ათასობით დოლარი, რასაც ვაშინგტონი ყოველწლიურად ხარჯავდა ქართველი ოფიცრების გადამზადებისათვის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში. და არა იმდენად საბრძოლო იარაღის, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ თანამედროვე მეთაურების დიდ ნაკლებობას განიცდიდა ქართული არმია 2008 წელს, როდესაც მას რუსეთის ჯარის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. ”10 წელზე ხანგრძლივი ამერიკული სწავლებისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროს ხუთწლიანი დიდძალი ინვესტირების მიუხედავად, საქართველოს არმია ცუდად მომზადებული დარჩა,”- ნათქვამია ამერიკელი სამხედრო შემფასებლების მიერ გაკეთებულ დასკვნაში, რომლის გარკვეული ნაწილი 2008 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნდა.

ამ დასკვნაში სხვა მძიმე შეფასებებიცაა სწორედ არმიის მართვისა და სამხედრო დისციპლინის თვალსაზრისით. ვაშინგტონმა ამ და სხვა შემდგომი შეფასებების კვალობაზე მოახდინა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის კორექტირება, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა როგორც ოფიცერთა მომზადების დონის, ისე საქართველოს არმიის მობილურობის ამაღლება. 2011 წლის 7 ივნისს ამერიკის მხარემ ქართულ არმიას საჩუქრად გადასცა 40 ერთეული სამხედრო დანიშნულების ავტომობილი „ჰამვი“ [HMMWV].
სანაპირო დაცვის ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა და ერთ-ერთი მიმართულება არის რადარები, რომელიც სანაპირო დაცვას და მის სამსახურებს ეხმარება გააკონტროლოს ტერიტორიული წყლები...

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები ამერიკის საელჩოს სახელით და გადავცემ 40 „ჰამვის“ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. იმედი გვაქვს, რომ ისინი კარგად იქნება გამოყენებული იმ ქართველი ჯარისკაცების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ავღანეთში კოალიციის მხარდამხარ იბრძვიან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და წვლილს ავღანეთის უსაფრთხოებაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღეს აქ 40 მანქანის გადაცემის პროცესში, რომელთა ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს“, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კენტ ლოგსდონმა სამხედრო ტექნიკის გადაცემის ცერემონიაზე, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

ბოლო წლების განმავლობაში აშშ თანმიმდევრულად ეხმარება საქართველოს საზღვაო პოლიციის ძალებს და სანაპირო დაცვას წვრთნასა და აღჭურვაში. საუბარია ანაკლიაში, ფოთსა და გონიოში სანაპირო დაცვის რადარებზე, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა 2007-2010 წლებში დაამონტაჟეს. აი, რას აცხადებდა სასაზღვრო-პოლიციის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა 2010 წლის ივლისში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში:

„სანაპირო დაცვის ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა და ერთ-ერთი მიმართულება არის რადარები, რომელიც სანაპირო დაცვას და მის სამსახურებს ეხმარება გააკონტროლოს ტერიტორიული წყლები, უზრუნველყოს უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხი და მოგვაწოდოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, თუ რა ხდება ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიულ წყლებში, როგორია მცურავი საშუალებების გადაადგილება და ასე შემდეგ. აქამდე გვქონდა რამდენიმე ასეთი რადარი, ახლა დაემატა გონიოს რადარი, რომელიც შეავსებს იმ “შავ ხვრელებს”, რომლებიც არსებობდა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში.“

„ამერიკული რადარებით“ მიღებული ინფორმაციების წყალობით, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევით მოცურავე 400-ზე მეტი გემი დააკავეს და დააჯარიმეს, რამაც საქართველოს ბიუჯეტს ასეულ ათასობით დოლარი შესძინა. სხვადასხვა სახის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამების განხორციელებაში აშშ-მა საქართველოში დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს კი - არც მეტი, არც ნაკლები - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთი წლის ბიუჯეტია.