ვაშაძის გამოსვლა რუსეთის დუმილის ფონზე

გრიგოლ ვაშაძე

25 იანვარს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მე-3 სხდომაზე, დეპუტატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ. გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული ძირითადი აქცენტები რუსეთის აგრესიას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს უკავშირდებოდა. მინისტრის გამოსვლამ რუსი დეპუტატების მწვავე რეაქციის გარეშე ჩაიარა.

გრიგოლ ვაშაძემ თავისი გამოსვლა ქვეყნის წარმატებებზე ლაპარაკით დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, რომელმაც დაძლია ”საბჭოთა მენტალიტეტი, რეგიონის ლიდერ ქვეყნად იქცა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ის ახლა მისაბაძი მაგალითია მათ შორის - ”არაბული გაზაფხულის” ქვეყნებისთვისაც“. ითქვა, რომ საქართველოში ამაღლდა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან შეთანხმებით, დაამტკიცა ახალი საარჩევნო კოდექსი. ხაზი გაესვა წარმატებებს კორუფციასთან და კრიმინალთან ბრძოლისა თუ ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ოკუპაციის ფონზე საქართველოს მიღწევები დაუჯერებლადაც კი გამოიყურება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მისთვის ბუნებრივ გარემოში - ევროპულ ოჯახში.

გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე და უცვლელ მისწრაფებას, გააგრძელოს აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ, რადგანაც, მისი თქმით, განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების გარეშე.
საქართველო მზად არის დაელაპარაკოს რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ საკითხზე და ყველანაირი წინაპირობის გარეშე...


გავიხსენოთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო წლებში წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სარბიელს, სადაც აქტიურად მსჯელობდნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე. მიღებულია არაერთი რეზოლუცია თუ გადაწყვეტილება, რომელთა მიხედვითაც, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმა - გაიყვანოს ჯარი ომამდე დაკავებულ პოზიციებზე, ხელი შეუწყოს დევნილების ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ სახლებში თუ გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. თუმცა რუსეთს ჯერ არც ერთი მოთხოვნა არ შეუსრულებია და ამ პრობლემას თავისი გამოსვლის დასაწყისშივე გაუსვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ”არ შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს” ღონისძიებების განსაზღვრა მათი განხორციელების გარეშე:

”მჯერა, რომ თუ საკითხს კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, კონკრეტულად, ასამბლეის დღის წესრიგში, რუსეთის ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.“

რუსეთის თემას 25 იანვარს გამოსვლაში გრიგოლ ვაშაძე კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდა და მათ შორის კითხვა-პასუხის ფორმატშიც. დეპუტატები, მაგალითად, დაინტერესდნენ - რა პერსპექტივა აქვს რუსეთისა და საქართველოს დიალოგს.

მინისტრი მათ უპასუხებს, რომ ”საქართველო მზად არის დაელაპარაკოს რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ საკითხზე და ყველანაირი წინაპირობის გარეშე.” თუმცა საჭიროა ნათლად განისაზღვროს, რა მიზანს ისახავს ეს დიალოგი და ხელს შეუშლის თუ არა ის ჟენევის მოლაპარაკებებს. ამ კონტექსტში გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ რუსეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაუქმებით არის დაინტერესებული:

„ჩვენი რუსი პარტნიორები ცდილობენ შეამცირონ შეხვედრების სიხშირე ჟენევაში. თავიდან ჩვენ, სულ ცოტა, თვეში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს, უფრო იშვიათად - ორ თვეში ერთხელ. ახლა ერთმანეთს სამ თვეში ერთხელ ვხვდებით... მალე, ალბათ, ექვს თვეში ერთხელ შევხვდებით და მერე ისინი მთლიანად მოსპობენ ამ მოლაპარაკებებს. ჩვენ, უბრალოდ, ვერ მივცემთ თავს ამის უფლებას.“
გარანტიას გაძლევთ, რომ, როცა 2012 და 2013 წლებიდან ჩვენ შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსეთი არც იმ ხელისუფლებას დაელაპარაკება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, არ იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ...


რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს დიალოგის სხვა შესაძლებლობებს, გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ასეთი პერსპექტივა ისევ რუსეთის მიზეზით ფერხდება, რადგანაც ის იგნორირებას უკეთებს საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ასევე მოექცევა მომდევნო ხელისუფლებასაც:

„რუსეთის ფედერაცია გადაჭრით ამბობს უარს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარებაზე. რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ არ აპირებს დიალოგს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. მაგრამ, დამიჯერეთ, მე გარანტიას გაძლევთ, რომ, როცა 2012 და 2013 წლებიდან ჩვენ შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსეთი არც იმ ხელისუფლებას დაელაპარაკება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, არ იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ.“

რუსეთს საქართველოსთან სალაპარაკო რომ არაფერი აქვს, გრიგოლ ვაშაძე გამოუვალი სიტუაციით ხსნის. მისი განმარტებით, რუსეთს არ უნდა საერთაშორისო ვალდებულებების აღიარება და უკან დახევაც უჭირს მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ოკუპირებული ტერიტორები ამ დრომდე, რუსეთთან, ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან და ნაურუსთან ერთად, ტუვალუმაც აღიარა. თუმცა ამ ფაქტს, მისი თქმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საქართველოსთვის.

მინისტრს დაუსვეს შეკითხვა - რას შესთავაზებს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუკი ისინი დაბრუნდებიან ქვეყნის საზღვრებში. გრიგოლ ვაშაძის პასუხის მიხედვით, საქართველო მათ მეტად ფართო ევროპულ ავტონომიას შესთავაზებს, ამ რეგიონებში მცხოვრებ ხალხს თვითმყოფადობის შენარჩუნების მაქსიმალურ შესაძლებლობებს მისცემს და ყველაფერს გააკეთებს ამ რეგიონების სწრაფი აღმშენებლობისთვის. არაერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აპირებს და რომ ქვეყანა ერთგული რჩება ცალმხრივად აღებული სამშვიდობო ვალდებულებისა. მსგავს სამშვიდობო ვალდებულებას თავს არიდებს რუსეთი, რომელიც პარალელურად აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

არ გამართლდა მოლოდინი, რომ გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას რუსეთის დელეგაციის მწვავე რეაქციები მოჰყვებოდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსმა დეპუტატებმა შეგნებულად შეიკავეს თავი. ქართველ მინისტრს შეკითხვა მხოლოდ ერთმა რუსმა დეპუტატმა დაუსვა და ისიც ამ კონტექსტში სრულიად მოულოდნელ საკითხთან - მაჰმადიანი მესხების მომავალთან - დაკავშირებით.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ, ვიდრე სიტყვას გრიგოლ ვაშაძეს გადასცემდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ მინიონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ოდნავ უფრო ადრე კი, ”ნეზავისიმაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან ”აუტანელი” უწოდა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებულ სიტუაციას და თქვა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რასაც მას ევროსაბჭოს წევრობა აკისრებს.