Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე მსჯელობენ


დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაიწყო დებატები ანგარიშის გარშემო, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგებს შეეხება. თანამომხსენებლები არიან ლუკ ბან დენ ბრანდე და მატიაშ ეორში. განსახილველი რეზოლუციის პროექტის დასკვნაში წერია: ”გარდაუვლად ვთვლით მონიტორინგის კომიტეტის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვას 2010 წლის იანვრის სხდომის წინ, თუკი რუსეთის ხელისუფლება: - არ შეუშვებს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; - საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას არ მიცემს ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და არ გააუქმებს აკრძალვას ორივე რეგიონში საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების შეშვებაზე; - ოფიციალურად და ეფექტიანად არ აღიარებს 2008 წლის დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; - თუკი რუსეთი არ დაიწყებს მისი მოკავშირე სამხრეთი ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიებას; - მეტიც, თუკი გავითვალისწინებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს არ სურთ ომის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში სავარაუდო ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსთხოვოს სასამართლოს წინასწარი მოსმენის პალატას ოფიციალურად წამოიწყოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში შესაძლო სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსავლენად. - დასასრულ, მოვუწოდებთ საქართველოს ცვლილება შეიტანოს ”კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის მიერ აღნიშნული კანონის მიმართ გამოთქმული შენიშვნები”.
XS
SM
MD
LG