Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გასაკეთებელი კიდევ ბევრია”- ამბობენ ევროსაბჭოს მონიტორები


კასტრიოტ ისლამი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი
კასტრიოტ ისლამი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი
დღეს საღამოს დასრულდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში. ევროპული დემოკრატიის სტანდარტებსა და ღირებულებებთან დაახლოება იყო ის ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც ევროსაბჭოს მონიტორებმა მისცეს საქართველოს ხელისუფლებას. კონკრეტული შენიშვნები კი პრესკონფერენციაზე შეჯამდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების მდგომარეობა 5 ძირითადი მიმართულებით შეაფასეს. საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობა, მართლმსაჯულება, ადგილობრივი თვითმმართველობა და მედია. საკონსტიტუციო რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, პროცესია, რომელიც საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის აქტიური ჩართულობის პირობებში უნდა განხორციელდეს, აღნიშნა კასტრიოტ ისლამმა. მისი შეფასებით, ამ პროცესში ვადის დათქმა აუცილებელი არ არის და პროცესს ზუსტად იმდენი დრო უნდა დაეთმოს, რამდენიც საკმარისი იქნება საზოგადოების ყველა წევრის ინფორმირებულობისათვის. ამავე, ანუ ნდობის აღდგენის, კონტექსტში მანვე სასამართლოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის პრობლემასაც გაუსვა ხაზი:

”ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ, 2003 წელთან შედარებით, დღეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება. მაგრამ არ იქნებოდა მართებული შედარება წარსულთან და სხვა ქვეყნებთან. შეფასება ევროპული სტანდარტების მიხედვით უნდა მოხდეს. სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად კი მართლმსაჯულების აღსრულების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მოსაზრებათა პოლარიზაცია დაიძლიოს. ”

ევროსაბჭოს მონიტორთა დაკვირვებით, შეხედულებათა და მიდგომათა პოლარიზაცია პრაქტიკულად დაძლეულია ეროვნული უმცირესობების საკითხში და მათი ინტეგრაციაც თვალნათელი ტენდენციაა, თუმცა არის ერთი გარემოება. იმისათვის, რომ ინტეგრაცია სრულფასოვანი იყოს, საკმარისი არ არის ეროვნული უმცირესობების კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა. ანუ აუცილებელია სახელმწიფო ენის, ქართულის ცოდნა. ევროსაბჭოს მონიტორების რეკომენდაციაა, ხელისუფლება კიდევ უფრო ქმედითი გახდეს ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების საქმეში.

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადგილობრივი არჩევნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდა. შესაბამისად, მონიტორებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, თავის მხრივაც გამოეთქვათ კმაყოფილება არჩევნების სამართლიანობის შესახებ. რეკომენდაცია კი, რომელიც მათ ხელისუფლებას თვითმმართველობების სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით მისცეს, უპირველესად, ცენტრისგან დამოუკიდებელი ფინანსური საგადასახადო ზონის შექმნაში გამოიხატება. კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც თვითმმართველი ორგანოების, კერძოდ, საკრებულოების საქმიანობის ეფექტურობას შეუწყობდა ხელს, მაიკლ იენსენს ეკუთვნის:

”ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე, არის ის, რომ თუ საკრებულოს წევრი საკრებულოს ან კომიტეტის თავმჯდომარე არ არის, ხელფასს არ ღებულობს. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ შრომა უნდა დაფასდეს. ჩემი რეკომენდაციაა საკრებულოს წევრებს რაღაცა ფორმით ეძლეოდეთ ანაზღაურება.”

მაიკლ იენსენისვე რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ პოლიტიკური არხის მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობა უზრუნველყოს. რაც შეეხება ევროსაბჭოს მონიტორების სხვა რეკომენდაციებს, მათ შორის პენიტენციალური სისტემის რეფორმირების კუთხით, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება სრულყოფილი სახით მას შემდეგ გაეცნობა, რაც იგი სპეციალურ ანგარიშში აისახება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოსმენის შემდეგ, რეზოლუციის სახით, სახელმძღვანელოდ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG