ცხინვალში აქციები იწყება

ალა ჯიოევა საპროტესტო აქციაზე, ცხინვალი. 2011 წლის 1 დეკემბერი

21 იანვარს ცხინვალში საპროტესტო აქციები დაიწყება. ალა ჯიოევამ საკუთარ მომხრეებს უკვე მოუწოდა ცენტრალურ მოედანზე გამოსვლისკენ. ეს ინფორმაცია ალა ჯიოევას შტაბიდან მოგვაწოდეს. ოპოზიციის ლიდერმა გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვადიმ ბროვცევს, აცნობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დეკემბერში მიღწეული შეთანხმებიდან გადის და მისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემას მოითხოვს. ჯიოევა ბროვცევის პასუხს 23 იანვრამდე ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბროვცევს ხელისუფლების მიტაცებაში დაადანაშაულებს. მისი მომხრეების განცხადებით, მათი ლიდერი იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან ხელისუფლებამ შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები არ შასრულა. ჯიოევას თანამებრძოლი ალან პლიევი ჩვენს რადიოსთან საუბარში იმ საკითხებზე ლაპარაკობს, რომლებიც ხელისუფლებამ დაარღვია:
ამ შეთანხმებიდან გამოსვლა თავის დროზე უნდა მომხდარიყო, ესე იგი მაშინ, როცა ჩვენ მივხვდით, რომ შეთანხმების პუნქტები ირღვეოდა ...

„ მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ამ შეთანხმების გარანტად გამოდიოდა, ზოგიერთი პუნქტი არ შესრულდა. მათ შორის, სამუშაო ადგილებზე რჩებიან რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი. ასევე შეთანხმებაში ჩაწერილი იყო, რომ პოლიტიკური მოტივებით აქციაში მონაწილეების დევნა არ განხორციელდებოდა, მაგრამ არც ეს შესრულდა. არის ბევრი მოხსნილი, მოქალაქეების გარკვეულ კეტეგორიას ხელფასს არ უხდიან, ამიტომ ყველაფერი ცხადია: შეთანხმება არ შესრულდა. ვფიქრობ, ალა ალექსის ასულისთვის ეს ყველაფერი გახდა იმის საფუძველი, რომ საკუთარი ხელმოწერა უკან წაეღო.“

ჯიოევას ახალმა ულტიმატუმმა ოპოზიციის ლიდერებში განხეთქილება გამოიწვია. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება. ნოემბრის არჩევნებზე ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი სერგეი ზასეევი აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე ახალი არჩევნებისთვის ემზადება, იწყება კანდიდატების რეგისტრაცია და მოსკოვიდან ცხინვალში სპეციალური ჯგუფის ჩასვლა იგეგმება, ჯგუფისა, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეისწავლის. ამ ფონზე კი ვითარების გამწვავება მისთვის მიუღებელია:

„ამ შეთანხმებიდან გამოსვლა თავის დროზე უნდა მომხდარიყო, ესე იგი მაშინ, როცა ჩვენ მივხვდით, რომ შეთანხმების პუნქტები ირღვეოდა. მაშინ უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა, დღეს კი, როცა რამდენიმე კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია და პარლამენტმა არჩევნები 25 მარტს დანიშნა, ყველაფერი უკვე გვიანია. მე არ მგონია, რომ ხალხს შეთანხმებიდან გასვლის გამო მკვეთრი რეაქცია ექნება. ადამიანები ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან.“
ეს არ იყო მყარი გუნდი, ეს იყო გაერთიანება კოკოითის წინააღმდეგ და, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები სიამოვნებით დათანხმდებოდნენ ბროვცევის ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობებს ...

ოსი და რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრემლმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯიოევა ჯერ მოატყუეს, შემდეგ კი მისი გუნდი შუაზე გახლიჩეს. გარდა ამისა, საეჭვოა, რომ იგი მარტის არჩევნებზე დაუშვან, რადგან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების გაუქმება მას უკავშირდება. დამრღვევი კანდიდატის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა კი კანონით აკრძალულია. ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევა მიხვდა, რომ მას აღარ დაარეგისტრირებენ და შეთანხმებიდან გასვლის ერთ–ერთი მიზეზი ესეცაა. ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევას ოპოზიციურ გუნდზე საუბარი უკვე აღარ შეიძლება, რადგან ეს გუნდი მის გარშემო იდეოლოგიის გამო კი არა, კოკოითის წინააღმდეგ გაერთიანდა:

„ეს გუნდი ხომ შეიქმნა არა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თანამებრძოლები და თანამოაზრეები იყვნენ, არამედ გაერთიანდნენ ერთი კაცის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი თვითონ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, მერე უარი თქვა ამაზე და ჯიოევას დაუჭირა მხარი. ანუ ეს არ იყო მყარი გუნდი, ეს იყო გაერთიანება კოკოითის წინააღმდეგ და, აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები სიამოვნებით დათანხმდებოდნენ ბროვცევის ხელისუფლებაში რაღაც თანამდებობებს, იმის სანაცვლოდ, რომ შეეწყვიტათ ჯიოევას მხარდაჭერა“, – ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ფაქტია, რომ ალა ჯიოევას მომხრეების ნაწილი ბროვცევის ხელისუფლებაში დაინიშნა, ნაწილი დააშინეს, ნაწილი კი დაიჭირეს და ჯიოევა ახლა მხოლოდ რამდენიმე თანამოაზრის ამარად არის დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ მისი გადაწყვეტილება არც ყველაზე ახლო თანამებრძოლმა ანატოლი ბარანკევიჩმა მოიწონა. გარდა ამისა, ჩვენი რადიოსთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ჯიოევამ დახმარება დმიტრი მედვედევს და ვლადიმირ პუტინს არაერთხელ სთხოვა, მაგრამ კრემლიდან პასუხი დღემდე არ მიუღია. ჯიოევა აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში რევოლუციის მოწყობას არ აპირებს და ვითარების კონსტიტუციურ და კანონიერ ფარგლებში დაბრუნება სურს. შაბათს ცხინვალელები ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოვლენ, ეს აქცია კი ერთგვარი ტესტი იქნება იმისა, თუ რა მხარდაჭერა დარჩა ნოემბრის შემდეგ ალა ჯიოევას. მისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრისას ხალხის რაოდენობა გაადამწყვეტი იქნება.