Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქე დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველად


ვადიმ ბროვცევი
ვადიმ ბროვცევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ვადიმ ბროვცევი ასრულებს. კოკოითი წავიდა, მაგრამ ხელისუფლებაში თავისი ხალხი მაინც დატოვა. გადადგომის წინ მან რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჯიოევას აღშფოთება გამოიწვია და იმ შეთანხმების გაწყვეტით იმუქრებოდა, რომელსაც კრემლის წარმომადგენლის შუამავლობით კოკოითისთან მიაღწია. იგი მიიჩნევდა, რომ კოკოითიმ შეთანხმება დაარღვია, როცა გენპროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევი არარსებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. საბოლოოდ, ჯიოევა მომხრეებმა დაარწმუნეს, რომ შეთანხმების გაწყვეტა კარგს არაფერს მოიტანდა, რადგან კოკოითი ისევ პრეზიდენტად დაბრუნდებოდა. რა მიიღო კრემლმა და რა მიიღო ჯიოევამ შექმნილი ვითარებიდან? ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ყველაზე მოგებული კრემლი დარჩა, რადგან რუსეთის მოქალაქე ვადიმ ბროვცევი ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის პირდაპირი მმართველია. აღსანიშნავი, რომ ბროვცევსა და კოკოითის შორის მუდმივად კონფლიქტები იყო. კოკოითი მის მოშორებას ცდილობდა და პარლამენტში საკუთარი მომხრეების მეშვეობით ბროვცევის უნდობლობის საკითხს სვამდა, მაგრამ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის წყალობით, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ხოლმე. ბიბილოვიც უფრო კრემლის და, შესაბამისად, ბროვცევის კადრად ითვლებოდა, ამიტომ კოკოითი მას დიდად არ სწყალობდა. ანალიტიკოსების აზრით, კრემლმა თავისი მაინც გაიტანა: ჯიოევა არ გააპრეზიდენტა, კოკოითი უმტკივნეულოდ გაუშვა და ახალი არჩევნების ჩატარება თავის მიერ დანიშნულ პირდაპირ მმართველს დაუქვემდებარა. ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მთავარი ინტერესი მაინც ფული იყო. კრემლს ხელს არ აძლევდა ჯიოევასა და მისი გუნდის სახით ფინანსურ მაქინაციებში ახალი პირები შემოეყვანა.
თუ ისინი ენერგიულად იმოქმედებენ, მარტის შემდეგ ის, შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი გახდეს...

„ცალსახაა, რომ კრემლის ასეთი წინააღმდეგობა ჯიოევას კანდიდატურის მიმართ ერთადერთ მიზეზს უკავშირდებოდა, რომ ის დიდძალი თანხა, რომელიც კრემლის მიერ გამოიყო ამ რეგიონის რეაბილიტაციისთვის, არის განაწილებული ისევ კრემლის ჩინოვნიკების ჯიბეში, ცხინვალის გავლით, და მათ არ სურდათ, რომ თანხების მოძრაობას და ამ კორუფციულ სქემებს რაიმე გამოძიება და ჩახედვა მოჰყოლოდა. ჯიოევამ ვერაფერი მიიღო, რადგან გამარჯვება ჩამორთმეული იქნა მისთვის. ხელისუფლებაში დარჩა ის ჯგუფი, რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ჯიოევას გაპრეზიდენტებას. ეს ეხება როგორც კოკოითის გარემოცვას, ასევე რუსეთს. დღეს უშუალოდ რუსეთის წარმომადგენელი მართავს სამხრეთ ოსეთს და მოგეხსენებათ, რამდენად ნეგატიური დამოკიდებულება იყო ჯიოევას შტაბის მხრიდან რუსეთის შუამავლობის მიმართ“, – განაცხადა ზურაბ ბენდიანიშვილმა.

ალა ჯიოევამ 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო, ბროვცევის ხელისუფლებაში კი ვიცე-პრემიერად ანატოლი ბარანკევიჩი შეჰყავს. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი მიიჩნევს, რომ ჯიოევას ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ახლა მასზე და მისი გუნდის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა 25 მარტს კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს. ბენდიანიშვილისგან განსხვავებით, მაყაევი ფულს არ ახსენებს და მიიჩნევს, რომ კრემლს დე ფაქტო რესპუბლიკაში საკუთარი მარიონეტის დასმა მხოლოდ საქართველოსთან სავაჭროდ სჭირდება.

„თუ ისინი ენერგიულად იმოქმედებენ, მარტის შემდეგ ის, შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტი გახდეს. მიმაჩნია, რომ ჯიოევა არ უნდა შეურიგდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნების უკანონოდ გამოცხადების შესახებ და უნდა გაასაჩივროს. ეს განსაკუთრებით კარგი იქნება იმ ფონზე, როდესაც რუსეთში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. იქაურ პარტიებს უნდა აჩვენო, რისთვის შეიძლება სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობის უფლება არ მოგცენ. ეს საინტერესო იქნება რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამოც, რომლის გაყალბებაში დარწმუნებული ვარ. საერთოდ კი, სამხრეთ ოსეთი რუსეთს საქართველოსთან ვაჭრობისთვის სჭირდება“, – ამბობს რუსლან მაყაევი.

ჯიოევას გადაწყვეტილი აქვს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ექსპერტების აზრით, კრემლს ორი ვარიანტი რჩება: მოელაპარაკოს ჯიოევას და ისიც ჩართოს იმ სქემაში, რასაც რუსული ფინანსების გადანაწილება ჰქვია, ან, თუ ეს ვერ მოხერხდა, ახალი კანდიდატი გამოძებნოს და მის გაპრეზიდენტებას შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG