Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კანდიდატებს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ჯიოევა და ბიბილოვი ერთმანეთში ბრალდებებს ტელევიზიისა და პრესკონფერენციების მეშვეობით ცვლიან. კანდიდატებს შორის გამართული დებატები ცხინვალში ისევ დისკუსიის თემად რჩება. დებატები ცხინვალის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გუშინაც უნდა გამართულიყო, მაგრამ ბიბილოვის მხარდამჭერებმა ეთერში სპეციალური განცხადება წაიკითხეს, ჯიოევა რევანშიზმში, პროქართულ პოლიტიკურ ორიენტაციაში დაადანაშაულეს და სტუდია დატოვეს. სტუდიაში დარჩენილმა ჯიოევას მომხრეებმა კი ბიბილოვი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ამხილეს. ჯიოევას მხარდამჭერმა ანატოლი ბარანკევიჩმა ბიბილოვს მიმართა და იგი ამომრჩევლების მოტყუებაში დაადანაშაულა.

ალა ჯიოევას მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა მომხრეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კარდაკარ დადიან, ამომრჩევლებს აშინებენ და აიძულებენ ხმა ბიბილოვს მისცენ. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის საპასპორტო სამსახურმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში უცნობ პირებზე უამრავი პასპორტი გასცა, რომლებსაც არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებენ. ჯიოევას შტაბში გადაწყვიტეს, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ვლადიკავკაზში სამხრეთელი ოსების მობილიზაცია დაუპირისპირონ. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ოსეთში დაახლოებით 17 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს. მათთვის საარჩევნო უბანი სოფელ ზემო როკშია გახსნილი. პირველ ტურში უბანში 1000-ზე ცოტა მეტი ამომრჩეველი მივიდა. ჯიოევას მომხრეები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში ამ უბანზე ამომრჩევლების აქტივობა გაიზრდება. ჯიოევას შტაბის აქტივისტი ვლადიმერ სანაკოევი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ავტობუსები იქნება გამოყოფილი.

შაბათი ცხინვალში დუმილის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს კანდიდატები წინასაარჩევნო აგიტაციას შეწყვეტენ, კვირას კი საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნება. პირველი შედეგები იმავე საღამოს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG