დამისამართების პროექტი - საარჩევნო სიების მოსაწესრიგებლად

ჯონ ბასი, ზურაბ ადეიშვილი, სტივენ ჰეიკინი, გიგი უგულავა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იუსტიციის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის მერმა, იუსტიციის მინისტრმა, აშშ-ის ელჩმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ახალი პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად; პროექტის ერთ-ერთ მთავარ მისიას კი ამომრჩეველთა სიების დახვეწა წარმოადგენს, რაც თბილისში დამისამართების მოწესრიგების გზით უნდა განხორციელდეს.

თბილისში მცხოვრები თინა წიკლაური უკვე რამდენიმე წელია, ყოველი არჩევნების წინ ცდილობს, რომ მის კუთვნილ ბინაში ჩაწერილი ორი უცხო პირი საარჩევნო სიიდან ამოაღებინოს, მაგრამ მის მისამართზე მათი საარჩევნო ბიულეტენები მაინც მოდის. ამჯერად მან სამოქალაქო რეესტრს მიმართა.
ეს არის მიმდინარე აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი, რომ ამ ქვეყნის ხალხს დავეხმაროთ შექმნან საუკეთესო, გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო გარემო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის...

”უკვე შვიდი-რვა წელია, ყოველი არჩევნების წინ ვეუბნები, რომ ეს ადამიანები ჩემ მისამართზე არ ცხოვრობენ და საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ყოველი არჩევნების წინ მაინც მოდის მათი ბიულეტენები. ჩემი მეუღლე იყო მისული სამოქალაქო რეესტრში და იქ აუხსნეს, რომ ორი მეზობელი უნდა მიიყვანოს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ჩემს სახლში მართლა არ ცხოვრობენ ეს ადამიანები, შემდეგ დაწერს განცხადებას და ათი სამუშაო დღის განმავლობაში მოიხსნებიან რეგისტრაციიდან”, - ამბობს თინა წიკლაური.

სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია იმ მოდერნიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარეობს, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ მას შემდეგ, რაც ურთიერგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. როგორც ის ამბობს, მოდერნიზაციის მთავარ საფუძველს სწორედ ახლად ხელმოწერილი დამისამართების პროექტი წარმოადგენს.

”ჩვენთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, მნიშვნელოვანია შევქმნათ კარგი საარჩევნო გარემო, რომელსაც წინაპირობად ზუსტი აღრიცხვიანობა სჭირდება. და ეს პრობლემა მეტწილად სწორედ დამისამართების პრობლემის მოგვარებით იქნება გადაჭრილი”, - ამბობს გიგი უგულავა.

თბილისის მერია ვალდებულებას იღებს 2012 წლის ივნისამდე უწყვეტ რეჟიმში ყველა მისამართი სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს, ახლად შექმნილ ან შეცვლილ მისამართებზე კი ახალი მისამართის ნიშნები დაამაგროს და თბილისის იმ უბნებში, სადაც მისამართები შეიცვალა, საზოგადოების ინფორმირება უზრუნველყოს. როგორც პროექტის აღწერაშია მითითებული, დაზუსტდება 474 ათასი ობიექტის მდებარეობა და დაახლოებით ერთი მილიონ 200 ათასი მოქალაქე კონკრეტულ მისამართზე მიმაგრდება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დამისამართების პროექტს ერთი მილიონი დოლარით დააფინანსებს. დამისამართების პროექტი ნაწილია დემოკრატიული მმართველობის პროექტისა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა 16 მილიონი დოლარით აფინანსებს. შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თქმით, დამისამართების მოწესრიგება ამომრჩეველთა სიის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას:

ჯონ ბასი


”ეს არის მიმდინარე აქტივობების ერთ-ერთი ნაწილი, რომ ამ ქვეყნის ხალხს დავეხმაროთ შექმნან საუკეთესო, გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო გარემო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.”

გასული წლის ნოემბერში საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა. კომისიამ საარჩევნო სიის დაზუსტება 2012 წლის 1 აგვისტომდე უნდა დაასრულოს. კომისიის თავმჯდომარე მემარჯვენე მამუკა კაციტაძე მიესალმება დამისამართების პროექტის ამუშავებას, თუმცა ლაპარაკობს ერთ პრობლემაზე, რომელიც ახლად წამოწყებულმა პროექტმა შეიძლება შეუქმნას კომისიას. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, თუკი დამისამართება გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც კომისია ამომრჩეველთა კარდაკარ გადამოწმების პროცესს დაასრულებს, შესაძლოა ამან გარკვეული გაუგებრობა წარმოშვას, თუმცა ის აქვე ერთ გამოსავალს პოულობს:

”მე კარდაკარ გადამოწმება შეიძლება ვაწარმოო ძველ მისამართზე, დავამოწმო კონკრეტული ამომრჩეველი ძველ მისამართზე, ამ დროს მან დამისამართების შედეგად შეიძლება მიიღოს ახალი მისამართი და ამან არიოს სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში მე ვხედავ ერთ გამოსავალს, რომ ამ არჩევნებისათვის, ამ დამისამართების პირობებში, მითითებული იყოს ორი მისამართი - როგორც ძველი, ასევე ახალი.”

აქვე უნდა ითქვას, რომ საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია კარდაკარ გადამოწმების პროცესს აპრილისა და მაისის თვეში გეგმავს, თბილისის მერიამ კი დამისამართება 2012 წლის ივნისამდე უნდა დაასრულოს, ანუ პროცესი, ფაქტობრივად, პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს.

კახა კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დამისამართების პრობლემა არსებობს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ის განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს სოფლები, სადაც ქუჩებს არა აქვთ სახელი მინიჭებული. სწორედ ამიტომ ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ კუთხითაც გაამახვილოს ყურადღება და პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს. რაც შეეხება დედაქალაქს, პროექტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს ვალდებულებას, განსაზღვროს დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების ზუსტი ადგილმდებარეობა და შეადგინოს მონაცემთა ბაზა, რომელიც გამორიცხავს უმისამართო შენობების არსებობას და აღმოფხვრის მისამართების დუბლირების პრობლემას ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.