კოკოითი - ფაქტობრივი მმართველი

ედუარდ კოკოითიმ თანამდებობა დატოვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დე ფაქტო რესპუბლიკის ფაქტობრივ მმართველად რჩება. ამ აზრს ოსური საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა ცხინვალში საპროტესტო აქციები განახლდეს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება ადგილობრივი ტელევიზიით კოკოითის ორსაათიანი გამოსვლა. კოკოითიმ, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაგმო იმ დეპუტატთა და თანაპარტიელთა ქმედებები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას მიემხრნენ. კოკოითის კრიტიკა პარლამენტის ვიცე-სპიკერების მირა ცხოვრებოვასა და იური ძიცოითისკენ იყო მიმართული. კოკოითი, როგორც თვითონ აცხადებს, პარტიის უღირსი წევრებისგან გაწმენდას აპირებს. ამ გამოსვლამ ადგილობრივ საზოგადოებას გაუმყარა აზრი, რომ ექს-პრეზიდენტი არსად წასულა და კვლავ ვითარებას აკონტროლებს. კრემლის წარმომადგენლის შუამავლობით ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, პარლამენტს საგანგებო სხდომაზე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი თანამდებობებიდან უნდა გაეშვა, მაგრამ სესია ოთხშაბათამდე არ გაიმართება. გარდა ამისა, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები. „სახალხო პარტიისა“ და „ერთობის“ სახით, კოკოითი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ფლობს და დეპუტატები სწორედ მისი მითითებებით იმოქმედებენ. ამიტომ ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ ოთხშაბათს მიღწეული შეთანხმება ჩაიშალოს და ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდეს. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ხუგაევი და ბიჩინოვი თუ გაუშვეს,უსამსახუროდ არ დატოვებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ. ცხინვალელი ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ახალ დაძაბულობას წარმოქმნის.

ამჟამად კოკოითი აკონტროლებს პარლამენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ ნაწილს, ადგილობრივ თვითმმართველობას და მედიასაშუალებებს. ცხინვალელი ალან ჯიოევი მიიჩნევს, რომ კოკოითი არსად წასულა და მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლება ბოლომდე შეინარჩუნოს.

ცხინვალში ფიქრობენ, რომ კოკოითი შეთანხმების ჩაშლით არის დაინტერესებული და თანაამდებობებიდან საკუთარი მომხრეების გადაყენების გაჭიანურებით ოპოზიციის პროვოცირებას ცდილობს. საზოგადოება და ჯიოევას მომხრეები კოკოითის პოლიტიკური თამაშების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ. ოთხშაბათს პარლამენტის სხდომაზე ბევრი რამ ცხადი გახდება. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, ვადიმ ბროვცევისა და ალა ჯიოევას მოლაპარაკებაც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ახლა სწორედ ბროვცევის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული შეურიგდება თუ არა იგი კოკოითის ფაქტობრივ მმართველობას.