სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ამით რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბულათ თედეევს საბოლოოდ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. სასამართლო განხილვა ცხინვალში გუშინ გაიმართა. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. სასამართლოში თედეევი მომხრეებთან ერთად მივიდა. მან სასამართლოს მტკიცებულებად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ხანჯერ ოსტაევისა და აელიტა ჯიოევას საჩივრებიც წარუდგინა, სადაც კომისიაში მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებაა საუბარი, რის გამოც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხმის ფარული მიცემის დროს ორივემ თავი შეიკავა. კომისიაში თედეევის რეგისტრაციისთვის ხმის მიცემისას 7 წევრი წინააღმდეგი იყო, 6–მა მხარი დაუჭირა , 2–მა კი თავი შეიკავა. სწორედ ეს 2 ადამიანი აცხადებს დღეს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მუქარის შემდეგ საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს. სასამართლომ კომისიის წევრების საჩივარი დაუსაბუთებლად ცნო.
სხდომის დასრულების შემდეგ ჯამბულათ თედეევმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ დადებით შედეგს არც ელოდებოდა. მისი თქმით, ოპოზიციას მომავალი გეგმების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ერთ-ერთ მიტინგზე თედეევმა განაცხადა, რომ მისი არდარეგისტრირების შემთხვევაში ოპოზიცია ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმდება და მას დაუჭერს მხარს. კანდიდატების რეგისტრაცია 19 ოქტომბერს დასრულდება. თედეევის შტაბი კი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელების თაობაზე იუწყება. ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა ოპერატიული ჯგუფები, რომლებსაც დავალებული აქვთ დააკავონ თედეევის მომხრეები. გამოცემის ცნობით, ეს ოპერატიული ჯგუფები ოპერაციის ჩატარებას უკვე შეუდგნენ და წუხელ ორი ადამიანი დააკავეს. ორიოდე დღის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ბრძანება გასცა, რომ შეწყდეს თედეევის მომხრეების დევნა-დაკავება და უკვე დაკავებულები გაათავისუფლონ. ოპოზიციას დე ფაქტო პრეზიდენტის პირობის არ სჯერა და ახალი პროვოკაციების მოლოდინშია. კოკოითის ხელისუფლებას ოპოზიციის ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.