კავკასიელმა ჟურნალისტებმა „ომის განაჩენი“ შეაფასეს

მამუკა ყუფარაძე

ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში კინოდოკუმენტალისტ მამუკა ყუფარაძის ფილმის - „აგვისტოს ომის განაჩენის“ - ჩვენება გაიმართა. ჩვენებას დაესწრნენ აფხაზი, ქართველი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, რომლებიც სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარში მონაწილეობდნენ.

ფილმი გვთავაზობს ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებს. ისინი როგორც ქართულ, ისე ოსურ და აფხაზურ საზოგადოებას წარმოადგენენ. ფილმში გამოყენებულია უცხოელი ექსპერტების ინტერვიუებიც.
ორივე მხარე თავად ირჩევს მომენტს, საიდანაც ომზე საუბარს იწყებს. ქართველები ათვლის საკუთარ წერტილს ირჩევენ, ოსები და აფხაზები – თავისას...

გადაღება საქართველოში, აფხაზეთსა და თურქეთში მიმდინარეობდა. ავტორი ფილმით ცდილობს, დააფიქროს საზოგადოება, რათა მოხდეს გადაფასება იმ შეხედულებებისა, რომლებიც ომის შესახებ არსებობს. გარდა ამისა, მამუკა ყუფარაძე ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ომის შემდეგ გაჩნდა.

ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. აფხაზმა და ოსმა ჟურნალისტებმა „აგვისტოს ომის განაჩენს“ გარღვევა უწოდეს. როგორც ცხინვალელმა ბლოგერმა მარია პლიევამ აღნიშნა, ფილმმა მასზე შთაბეჭდილება მართლაც მოახდინა, რადგან გაირკვა, რომ ქართულ საზოგადოებაში სხვა ხედვაც არსებობს.

სოხუმელი ჟურნალისტი, ელეონორა კოღონია, გარღვევად მიიჩნევს იმას, რომ შეგიძლია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება გააკრიტიკო და მისი მოქმედების გაანალიზება სცადო. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ფილმით ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე, ვინ დაიწყო ომი?
სემინარის მონაწილეები

ფილმის ავტორმა და სხვა ჟურნალისტებმაც ელეონორა კოღონიას განუმარტეს, რომ მის შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ეს არც ფილმის მიზანი ყოფილა. მედიის ექსპერტი, კავკასიელი ჟურნალისტების ტრენერი, სკიპ აიზეკი მიიჩნევს, რომ მთავარი შეკითხვაა არა ის, თუ ვინ დაიწყო, არამედ ის, თუ როდის დაიწყო ომი.

”თუ პასუხს ამ შეკითხვას გასცემთ, ალბათ პასუხი მეორეზეც მოიძებნება. ორივე მხარე თავად ირჩევს მომენტს, საიდანაც ომზე საუბარს იწყებს. ქართველები ათვლის საკუთარ წერტილს ირჩევენ, ოსები და აფხაზები – თავისას. ეს ყველაფერს ცვლის და აჩვენებს, რომ მხოლოდ ქართული აღქმა არ არსებობს”, – აღნიშნა დისკუსიისას სკიპ აიზეკმა.
შინაარსობრივად დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებაში უკვე არსებობს მზაობა, დაიწყოს განხილვა რა პირობების შექმნაა შესაძლებელი იმისთვის, რომ საერთო ენა გამოვნახოთ...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ზურაბ დვალის აზრით, მამუკა ყუფარაძის თამამი ფილმი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი გამოწვევაა. მისთვის ყველაზე საინტერესო აფხაზი და ოსი ჟურნალისტების რეაქცია იყო.

”საინტერესოა, რომ აფხაზებმა და ოსებმა ეს ფილმი მიიღეს ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები და რჩევები ჰქონდათ, შინაარსობრივად დაინახეს, რომ ქართულ საზოგადოებაში უკვე არსებობს მზაობა, დაიწყოს განხილვა რა პირობების შექმნაა შესაძლებელი იმისთვის, რომ საერთო ენა გამოვნახოთ. მამუკა ამის დასაწყისად სთავაზობს ქართულ საზოგადოებას არაერთი მოსაზრების გადაფასებას“ - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ დისკუსიის შემდეგ ზურაბ დვალმა.

თავად ფილმის რეჟისორი მამუკა ყუფარაძე შეფასებებით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, კრიტიკოსების გარდა, ფილმს გულშემატკივრებიც ჰყავს, რაც მას დაწყებული საქმის გაგრძელების სტიმულს აძლევს. „აგვისტოს ომის განაჩენი“ აფხაზმა და ოსმა ჟურნალისტებმა სოხუმსა და ცხინვალში წაიღეს. ავტორს შესთავაზეს, რომ ფილმის ჩვენება წლის ბოლომდე გაიმართოს ვლადიკავკაზშიც, სადაც, ქართველ და ოს ჟურნალისტებთან ერთად, ინგუშ კოლეგებსაც მიიწვევენ და დისკუსიას გამართავენ.