Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტაბილური კონფლიქტი


ფამაგუსტადან ნიქოზიამდე ავტობუსით ერთ საათში ჩავდივართ. ჩრდილოეთ კვიპროსის დედაქალაქი, ისევე როგორც სხვა მრავალი ქალაქი და სოფელი, ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო სექტორში თურქი კვიპროსელები, სამხრეთ სექტორში კი ბერძენი კვიპროსელები ცხოვრობენ. კავკასიელი ჟურნალისტები ერთ–ერთ სასაზღვრო საგუშაგოზე შევდივართ. თურქ მესაზღვრეებს ჩვენი საპასპორტო მონაცემები კომპიუტერში შეაქვთ და ხანმოკლე პროცედურის შემდეგ ბუფერულ ზონაში გვიშვებენ. აქედან 100 მეტრში კვიპროსის, საბერძნეთის და ევროკავშირის დროშები ფრიალებს. ქართველი, ოსი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადასვლა ვიზების უქონლობის გამო შეუძლებელია. ევროკავშირის მოქალაქეებს ნიქოზიის ორივე ნაწილში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ბუფერული ზონის შუაში გაეროს ოფისებია. ეს ორგანიზაცია აქ მშვიდობაზეა პასუხისმგებელი. გაერო კვიპროსში 1964 წლიდან ჩადგა, - ამ დროს ბერძნულ და თურქულ თემებს შორის ძალადობამ იფეთქა, - ბუფერული ზონა კი 10 წლის შემდეგ შეიქმნა, რადგან კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი თურქულმა არმიამ დაიკავა. კავკასიური კონფლიქტებისგან განსხვავებით, კვიპროსის ბუფერულ ზონაში ყოფნა სრულიად უსაფრთხოა. 1996 წლის შემდეგ აქ ინციდენტი აღარ მომხდარა. მთელ კუნძულზე გადაჭიმულ ბუფერულ ზონაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს და დიდი ხანია მათაც სტაბილურობის განცდა დაეუფლათ. ნიქოზიაში გამგზავრებამდე ფამაგუსტას უნივერსიტეტში კვიპროსის საკითხების სპეციალისტმა იან ასმუსენმა კუნძულის ისტორია გვიამბო. აქ თურქი და ბერძენი კვიპროსელები დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ იყო პერიოდები, როცა მათი ნაციონალური მოძრაობების ლიდერთა პოლიტიკური ამბიციები ვითარებას ამწვავებდა. ბერძენ ლიდერებს საბერძნეთთან გაერთიანება უნდოდათ, თურქი ლიდერები კი ტაქსიმს – გაყოფას -მოითხოვდნენ. ახლა ვითარება შეცვლილია - ბერძნული ენოსისი, ანუ გაერთიანება, თურქებს უფრო მეტად უნდათ. ფამაგუსტას უნივერსიტეტის პროფესორი ეროლ ქაიმაკი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და გაეროს უშიშროების საბჭოს კუნძულის გაერთიანების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. თურქები გაერთიანებას ეროვნული უმცირესობისთვის გაზრდილი პოლიტიკური უფლებებით ითხოვენ, ბერძნები ამას ეწინააღმდეგებიან და, თითქმის გადაჭრილი კონფლიქტის მიუხედავად, კვიპროსის ქალაქები და სოფლები კედლებით და მავთულხლართებით არის გადაღობილი. კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ გაყოფილ საზოგადოებაში კვიპროსელობის განცდა და ინტეგრაციის სურვილი დიდია.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ესენი არიან ბერძნები, ისინი არიან თურქები და ასე შემდეგ. ეს არის ერთი საზოგადოება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ეს კიპრიოტობა არსებობს, ამიტომ ეს არის მათთვის განცდა გაყოფილი საზოგადოებისა. იგივეა ჩვენთან, ეს არის მსგავსება. განსხვავება არის ის, რომ აქ არის სულ სხვა დამოკიდებულება კონფლიქტისადმი. კონტაქტები არსებობს, იქით–აქეთ გადასვლის გაადვილებული წესი არსებობს. აქ არ არის შერეული ქორწინებები, რაც ჩვენთან მრავლად იყო. ამავე დროს, არის რელიგიური და ბევრნაირი განსხვავება. მაგრამ დამოკიდებულებაა, რომ პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. არ ვლინდება ძალადობები, ეს არის განსხვავება ჩვენგან“, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.

ბუფერულ ზონაში გაეროს მედიაცენტრში გვმასპინძლობენ. გაეროს პრესმდივანი კვიპროსში როლანდო გომესი მისიის საქმიანობის და ჟურნალისტებთან ურთიერთობის შესახებ გვიამბობს. მისი თქმით, მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხებია საკუთრების, ეკონომიკის, ხელისუფლების გაყოფის, უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიისა და ევროკავშირთან ურთიერთობების პრობლემები. გომესის თქმით, გაერო ორივე მხარის ჟურნალისტებს ეხმარება, რომ ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. აღსანიშნავია, რომ როგორც ბერძენი, ისე თურქი ჟურნალისტები კუნძულის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში დაუბრკოლებლად მოძრაობენ და საქმიანობენ. მათთან გაყოფილი კუნძულის მთავრობები უპრობლემოდ ურთიერთობენ. ადრე ამის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომ დამახინჯებული და არაზუსტი ინფორმაცია ხშირად გადიოდა ეთერში, ახლა კი მთავრობები თვითონვე ცდილობენ, რომ ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. კვიპროსშიც არსებობენ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული მედიასაშუალებები, მაგრამ მთავარი პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას ახლა ისინიც ფრთხილობენ. გომესის თქმით, გაეროს მისია ჟურნალისტებს ეხმარება, რომ მათ კონფლიქტის გაღვივებას კი არა, მის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყონ ხელი.

„იყო რეპორტაჟები, სადაც ზუსტი ინფორმაცია გადიოდა და იყო დეზინფორმაციის შემცველი რეპორტაჟებიც. მაგრამ ძირითადად ჟურნალისტები კონფლიქტის გადაჭრას უწყობენ ხელს და გაერო მათ საამისოდ ეხმარება“, – განაცხადა როლანდო გომესმა.

მედიაცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩემს აფხაზ კოლეგას, იზიდა ჭანიას, კვიპროსისა და კავკასიური კონფლიქტების შედარება ვთხოვე. მისი აზრით, ეს კონფლიქტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

„მე მეჩვენება, რომ იქ ეთნიკური საფუძველი არ არის. კონფლიქტის რელიგიური საფუძველიც თითქოს არ არის - ერთმანეთთან რელიგიურ დღესასწაულებზეც კი დადიოდნენ. უფრო პოლიტიკური კონფლიქტია, რომლის პროვოცირება გარედან მოხდა. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გაერთიანებისთვის მზად არიან და ამისთვის რაღაც პირობები უნდა შეიქმნას. თურქების მოთხოვნებიც შეიძლება დაკმაყოფილდეს, ესაა ვიცე-პრეზიდენტისთვის ვეტოს მინიჭების უფლება და ასე შემდეგ. თან აქ ყველაფერი ისე არ არის არეული, როგორც ეს ყოფილი საბჭოთა კაავშირის ტერიტორიაზე ხდებოდა. აქ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა არ არის“,–ამბობს იზიდა ჭანია.

ბუფერულ ზონაში ბერძენ კვიპროსელს, იანაკის სოლომოუსს გავესაუბრე და ადგილობრივი ჟურნალისტების საქმიანობის შეფასება ვთხოვე.

„ადრე დამახინჯების ბევრი ფაქტი იყო და ისე ხდებოდა, რომ რეპორტაჟებში მხოლოდ ცუდი მომენტები იყო ასახული. ახლა ეს შეიცვალა და ის რეპორტაჟები, რომლებიც მეორე მხარეს მზადდება, უფრო ობიექტურია. ხალხი მეორე მხარეს ისე აღარ უყურებს როგორც მტრებს, იმიტომ რომ მათ სანდო ინფორმაცია აქვთ. ადრე ისეთი რაღაცებიც ისმოდა, რომ ჩვენ მათ დავხოცავთ, თუ შევხვდებით, მაგრამ როცა საზღვარი გაიხსნა, ათასობით გადაადგილება იყო, მაგრამ არც ერთი - მკვლელობის შემთხვევა. ხარისხიანმა რეპორტაჟებმა ადამიანების აზროვნება შეცვალა“, – ამბობს იანაკის სოლომოუსი.

შეხვედრების შემდეგ ბუფერული ზონა დავტოვეთ, ნიქოზიის ჩრდილოეთ სექტორში, მაღაზიებში ვაჭრობა თურქულ ლირაზე და ევროზე მიმდინარეობს. ქალაქში კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრების სიმრავლეა, მაგრამ დიდი ნაწილი ახლა მეჩეთებადაა გადაკეთებული. ნიქოზიის ცენტრში ერთდროულად ისმის სამხრეთ ნაწილის ეკლესიებიდან წამოსული ზარების რეკვისა და ჩრდილოეთში არსებული მეჩეთებიდან ლოცვის დაწყების ხმა.

ქალაქ ფამაგუსტაში გვიან ვბრუნდებით. აქ ადგილობრივ უნივერსიტეტში სამშვიდობო ჟურნალისტიკის ტრენინგი მიმდინარეობს, რომელშიც აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტები ვიღებთ მონაწილეობას.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი. პროექტის დონორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (COBERM) და გერმანიის მარშალის ფონდი ამერიკაში.
XS
SM
MD
LG