”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მსჯავრდებულთა ცემის ფაქტზე საუბრობს

მოძრაობა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების უმოწყალოდ ცემის ფაქტზე საუბრობს. მოძრაობის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, 8 სექტემბერს მის სახელზე ქსნის საპატიმროდან წერილი მოვიდა, რომელსაც ოთხი მსჯავრდებული აწერს ხელს. ისინი წერილში დეტალურად აღწერენ ცემის ფაქტს და ამბობენ, რომ მათ ფიზიკურ შეურაცხყოფაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თაბახის ერთი გვერდი იტევს ოთხი პატიმრის წერილს. მჭიდროდ და წვრილი ასოებით ნაწერ ტექსტში დეტალურად არის აღწერილი მათი წამების ფაქტი, იმ ადამიანების გვარები და სახელები, რომლებიც პატიმრების ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. სასჯელს ვიხდიდით, რუსთავის მეექვსე საპყრობილეში, საიდანაც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო სპეცდანიშნულების რაზმის მიერ 3 სექტემბერს ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებაში გადაგვიყვანეს, - ასე იწყება ნუგზარ ხმალაძის, ილია ჭიჭიბოშვილის, მინდია მინდიაშვილისა და იმედა დვალიშვილის წერილი:
ყოველივე მიზეზის გარეშე, უმოწყალოდ პლასტმასის ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. სამხედრო ბატინკების თავში რტყმევისა და გაუსაძლისი ტკივილების შედეგად გონება დავკარგეთ...

”ამავე დაწესებულების თანამშრომლები, ანუ ჯალათები, დაგვხვდნენ. ჩვენი შეხვედრა შემდეგნაირად მოხდა: ყოველივე მიზეზის გარეშე, უმოწყალოდ პლასტმასის ხელკეტებით დაგვიწყეს ცემა. სამხედრო ბატინკების თავში რტყმევის და გაუსაძლისი ტკივილების შედეგად გონება დავკარგეთ. უგონოდ ვეყარეთ და წყალს გვასხამდნენ. წყლის დასხმის მერე დროდადრო მოვდიოდით აზრზე, მაგრამ მათი ცხოველური ჟინი არ კმაყოფილდებოდა და ჩვენსავე სისხლში გვაყოფინებდნენ თავს. ამ ამაზრზენი ფაქტის მონაწილეები დაახლოებით 10-15 კაცი იყო. მათ შორის მონაწილეობას იღებდა რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა, ბაჩო რუხაია, დირექტორის მოადგილე, რომლებიც გვექცეოდნენ სადისტურად და თანამშრომლებს ეუბნებოდნენ დაინვალიდებამდე გაგვსწორებოდნენ”, - წერენ პატიმრები.

პატიმრების განმარტებით, იმედა დვალიშვილმა ცემის შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ილია ჭიჭიბოშვილმა და ნუგზარ ხმალაძემ კი ტვინის შერყევა მიიღეს.

წერილი ეკა ბესელიამ, ხელმძღვანელმა მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, 8 სექტემბერს მიიღო. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ის ამბობს, რომ მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ცემის ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, დააპატიმრებდნენ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო მათ სხვადასხვა ბრალდებით პატიმრობის ვადას გაუზრდიდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად მუქარისა, პატიმრები აღნიშნული ფაქტისა და მათი სახელებისა და გვარების გახმაურებას ითხოვენ.
ეკა ბესელია

”ამბობენ, რომ ამ ეტაპისათვის მათ სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები და ითხოვენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დროულ ჩატარებას, რადგან სანამ დაზიანების კვალი წაიშლება, ის იყოს აღწერილი და დაფიქსირებული ექსპერტიზის დასკვნაში. მე ვესაუბრე სახალხო დამცველს და ვთხოვე მონიტორინგის ჯგუფმა დაუყოვნებლივ შეამოწმოს ოთხივე მსჯავრდებული და მოხდეს მათი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება”, - ამბობს ეკა ბესელია.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ამ ეტაპისათვის სიტუაციას ადგილზე, ქსნის N15 დაწესებულებაში სწავლობენ. აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მონიტორინგის დეტალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით...

აქვე უნდა გავიხსენოთ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში, სადაც ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს. ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებად ის სწორედ ქსნის N15 დაწესებულებას მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ პროკურატურა ”ზერელედ ეკიდება” დაკავებული პირების წამებისა თუ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს.

”საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში მთავრდება საქმის შეწყვეტით ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით”, - აღნიშნავდა სახალხო დამცველი თავის ანგარიშში.

ნინო ანდრიაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულებით სისტემაში მხოლოდ ფიზიკური ზეწოლით არ ხორციელდება. მისი თქმით, მუდმივად ხდება პატიმრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, თუმცა ის 2009 წელს, ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რის შედეგადაც პატიმარი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. საქმე ციხის ორ თანამშრომელზე აღიძრა, ისინი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დააკავეს:
ნინო ანდრიაშვილი

”თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრული იყო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და უფლებამოსილების გადამეტებაზე, დღეს საქმე სასამართლოსთვის მზადდება მხოლოდ სისხლის სამართლის 333-ე მუხლით, ანუ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ეს არის ერთადერთი ფაქტი ბოლო წლებში, რომელიც აღიძრა არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა შემდეგ გამოძიებამ რატომღაც კვალიფიკაცია შეცვალა.”

რადიო თავისუფლება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და ქსნის N15 დაწესებულებაში პატიმართა ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის მოძიება სთხოვა. წერილობით გაგზავნილ ერთადერთ შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას, ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ისევ და ისევ წერილობითი სახით გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.