Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის შეფასებით, ციხეებში ვითარება გაუარესდა


ქუთაისის N2 ციხე
ქუთაისის N2 ციხე
სახალხო დამცველის აპარატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გეგმიურ მონიტორინგს ახორციელებს. ქუთაისის N2, გეგუთის N14 და ხონის N13 საპატიმროებში არსებული ვითარების შესახებ წინასწარი დასკვნიდან, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ირკვევა, რომ კვლავაც უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხონის დაწესებულების ლიკვიდაციის თაობაზე, ვითარება გაუარესებულია ქუთაისის ციხეში და, პირიქით, შედარებით გაუმჯობესებულია გეგუთის ციხეში. საბოლოო შედეგებს, ანგარიშის სახით, ოქტომბრის ბოლოს, ზუგდიდისა და ბათუმის დაწესებულებების მონიტორინგის დასრულების შემდეგ, უნდა ველოდოთ.
ბოლო დროს თავი იჩინა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. პატიმრები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან...

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგს ამ დრომდე აგრძელებენ. მონიტორინგის წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესებულია. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის თქმით, ქუთაისის ციხე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური დაწესებულება, სახალხო დამცველის ანგარიშში ადრეც არაერთხელ მოხვედრილა. 2010 წელს იქ, პატიმრებისადმი მოპყრობის თვალსაზრისით, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა მიმდინარე წელმა კვლავ უარყოფითი შედეგები აჩვენა:

”ბოლო დროს თავი იჩინა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა. პატიმრები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან, განსაკუთრებით კი - დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს. მაგალითად, ბოლო ორი თვის განმავლობაში დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის გამო პატიმრები, ე.წ. სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, ე.წ. ”ბოქსში” გადაჰყავთ, რომელიც 2-3 კვადრატული მეტრის ფართის მქონე საკანია, სადაც პატიმრებს ფეხშიშველს ათავსებენ. იქ არ არის არც საწოლი, არც მაგიდა დ სკამი. პატიმარს იქ 3-დან 24 საათამდე ტოვებენ.”
როგორც ჩანს, ეტაპობრივად მოხდება ამ დაწესებულების ლიკვიდაცია და ის, საერთოდ, აღარ მოხვდება სახალხო დამცველის მომავალ ანგარიშებში...

სხვათა შორის, ქუთაისის ციხეში პატიმრებისადმი მოპყრობის მაგალითია რამაზ პატარაიას საქმე. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” იცავს პატიმარ რამაზ პატარაიას, რომელიც ინვალიდის ეტლს მას შემდეგაა მიჯაჭვული, რაც ქუთაისის N2 დაწესებულებაში სასტიკად სცემეს. დღეს დაწესებულების ორი თანამშრომელი ამის გამო უკვე პასუხისგებაშია მიცემული.

მონიტორინგის წინასწარი შედეგების შესახებ რელიზში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი პატიმარი მონიტორინგის ჯგუფთან ცემის ფაქტებს მხოლოდ პირად საუბარში ადასტურებს, მაგრამ ღიად ამაზე ლაპარაკს ერიდება.

იმის გამო, რომ ყოველი გადაადგილება შესაძლოა დაწესებულების თანამშრომლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, პატიმრები თავს იკავებენ გასეირნებისგან. მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, კარანტინში მყოფი პატიმრები წუხან, რომ მათ, ფაქტობრივად, არა აქვთ გასეირნების უფლებაც კი. ხშირია საკნიდან გასვლისას მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, მაგალითად, გვერდებსა და მუცელში ცემა.

ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულება იმ საპატიმროებს შორისაა, რომლის ლიკვიდაციის რეკომენდაციაც სახალხო დამცველმა არაერთხელ მისცა ხელისუფლებას. იქ არსებული პირობები, ომბუდსმენის შეფასებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:
გიორგი ტუღუში

”მე ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რომ იქ ადამიანის მოთავსება უკვე უტოლდება არასათანადო მოპყრობას, რადგან ეს არის ნგრევის პირას მისული ძველი დაწესებულება, რომელშიც პატიმრების მოთავსება აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. თუმცა იქ დღეს არის ასზე ნაკლები პატიმარი და, როგორც ჩანს, ეტაპობრივად მოხდება ამ დაწესებულების ლიკვიდაცია და ის, საერთოდ, აღარ მოხვდება სახალხო დამცველის მომავალ ანგარიშებში.”

პატიმართა ცემის ფაქტები უცხო არ ყოფილა არც გეგუთის კოლონიისათვის, თუმცა გიორგი ტუღუში არ უარყოფს, რომ წელს იქ განსხვავებული ვითარება დახვდათ:

”იქ აშკარად გამოსწორებულია მოპყრობა პატიმრების მიმართ, იშვიათად იყენებენ კარცერს და თუ მაინც ისე მოხდა, რომ პატიმარი ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის კარცერში, მას იქ აქვს ლეიბის ქონის უფლება, შხაპის მიღებისა და გასეირნების უფლებაც.”
ხშირია პატიმრების ცემისა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ხშირად არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენური პირობები...

საზოგადოებრივი დამცველი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ, სახალხო დამცველის აპარატის გარდა, საქართველოში მოქმედ არც ერთ არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაციას აღარ აქვს ციხეში არსებული ვითარების მონიტორინგის უფლება. გამონაკლისები არიან მხოლოდ ადვოკატები, რომლებიც კონკრეტული პატიმრების უფლებებს იცავენ, მათ მონახულებას ახერხებენ და, შესაბამისად, ინფორმაციასაც მათგან იღებენ. სწორედ ამ პატიმრებზე დაყრდნობით აფასებს ციხეებში შექმნილ სიტუაციას მანანა კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ იმერეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება მსგავსია საქართველოს სხვა ციხეებში არსებული პირობების და მოპყრობისა:
მანანა კობახიძე

”პატიმრების მიმართ მოპყრობა, მათი უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკეთესი არ არის არც სხვა დაწესებულებებში, იქნება ეს ქსნის, გლდანისა თუ რუსთავის დაწესებულება. გართულებულია ადვოკატთან კომუნიკაცია, დოკუმენტებს ამოწმებენ და ყველაფერი ცენზურის ქვეშაა, ხშირია პატიმრების ცემისა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ხშირად არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენური პირობები.”

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი ცირა ჭანტურია კი გვეუბნება, რომ, პირველი ივლისის მონაცემებით, სულ საქართველოში ოფიციალურად 24 000 პატიმარია დაფიქსირებული, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის პატიმრობის ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ციხეების გადატვირთულობა კი უკვე არის პრობლემათა სათავე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარების სრული სურათი აისახება ანგარიშში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ოქტომბრის ბოლოსათვის მოამზადებენ და მას, ქუთაისის, ხონისა და გეგუთის ციხეების გარდა, ბათუმისა და ზუგდიდის დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველი ინფორმაციაც დაემატება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG