საქართველოში ტურისტული ბუმია

ბათუმი

საქართველოში ტურისტული ბუმის შესახებ სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. ამის საფუძველს ვიზუალური დაკვირვება და სტატისტიკური ინფორმაცია იძლევა. 2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ერთ მილიონ 400 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 45%-ით აღემატება. ასევე გაიზარდა ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა და სარგებელი თან ახლავს ტურისტული ბიზნესის ზრდას. ვარაუობენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვები გაორმაგდება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო უცხოელი ტურისტების ზრდის ტემპით გამორჩეული ქვეყანაა. წინა წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა რომ საგრძნობლად გაიზარდა, ამის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია. თბილისისა და საქართველოს პატარა თუ დიდი ქალაქის ქუჩებში გავლისას ადვილად შესამჩნევია უცხოელთა ტურისტული ჯგუფები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ უცხოელი სტუმრების სიმრავლე მისი უწყების აქტიური მუშაობის შედეგია.

საქართველომ ბევრ ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა და ბევრიც სარეკლამო ხასიათის ტელესიუჟეტი თუ სტატია გამოქვეყნდა უცხოურ მედიაში, თუმცა, ცნობილი პრობლემების გამო, რუსეთის მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯი არ გადადგმულა. მიუხედავად ამისა, საქარველოში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ უკვე გაუსწრო უკრაინიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულთა რიცხვს. არადა, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობის გარდა, იქ საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაც ხდება.

ვფიქრობ, რომ იმ დონეზეა გაძვირებული ყველაფერი, ურჩევნიათ თურქეთში წავიდნენ და იქ დაისვენონ...
საერთოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს აზერბაიჯანიდან ეწვია, შემდეგ მოდის სომხეთი და ასე შემდეგ. 2011 წლის შვიდ თვეში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გამოკლებით) საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს ვიზიტორთა 33 პროცენტია, რაც, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 40 პროცენტით მეტია.

ტურისტების ნაკადის ასეთმა მატებამ, ანუ მოთხოვნილების ზრდამ, მიწოდების გაძვირება გამოიწვია. ფასებმა მოიმატა როგორც სასტუმროებში, ასევე კვებისა თუ მომსახურების სხვა ობიექტებში. გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები.

„სასტუმროები კოშმარია, ეს „შერეტონი“ 300 დოლარი ღირს... არ ვიცი, არ ვიცი... ძალიან ძვირია. არის პატარა სასტუმროები, სადაც წყალი არ არის. ხალხო, ეს რა არის! ჩვენ გასულ წელს თურქეთში დავისვენეთ და იქ უფრო იაფია. გადავწყვიტეთ, რომ მომავალში თურქეთში წავიდეთ დასასვენებლად, იმიტომ რომ იქ უფრო იაფია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმში სომხეთიდან ჩასულმა ტურისტმა.

სასტუმრო "შერეტონი", ბათუმი
სიძვირეს უჩივის ადგილობრივი დამსვენებელიც:

„ვფიქრობ, რომ იმ დონეზეა გაძვირებული ყველაფერი, ურჩევნიათ თურქეთში წავიდნენ და იქ დაისვენონ.“

ამ პრობლემასთან ერთად წინა წლებში აჭარაში ჩასულ ტურისტებს პირველადი მოხმარების პროდუქტების ნაკლებობაც აწუხებდათ. ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთდა სურსათის შეუფერხებელი მოწოდებისთვის, თუმცა ტურისტული მომსახურების ხარისხი რომ გაუმჯობესებას საჭიროებს, ამაზე თავად აჭარის მთავრობის მონაცემები მეტყველებს. ”გლობალ სტარისა” და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბათუმის, სარფის, კვარიათისა და გონიოს დაახლოებით 20-მდე სასტუმროსა და სასტუმრო სახლის შემოწმების შედეგად, ორვარსკვლავიანი კატეგორია მიენიჭა მხოლოდ ორ სასტუმროს, ხოლო სამი ვარსკვლავი - ერთ სასტუმრო სახლს. დარღვევები აღინიშნა კვების ობიექტებშიც.

საქართველოს ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ბექა ჯაყელის განცხადებით, სააგენტო მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების მომსახურე პერსონალის ტრენინგებს ატარებს.

ამ პრობლემების მიუხედავად, ტურისტულ ბიზნესს მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს როგორც მსხვილი, ასევე მცირე ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა ტურისტულ ბიზნესს უკავშირდება. ასეთებია ტრანსპორტი, ბარ-რესტორნები, გართობის სერვისი და სხვა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მაია სიდამონიძის განცხადებით, ვიზიტორების ნაკადის ზრდამ ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის 33 პროცენტით მატება გამოიწვია:

მაია სიდამონიძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება. ტურისტულ პერსონალზე მოთხოვნილებას ტურისტული სააგენტოები და სასტუმრო თუ კვების ობიექტები ადასტურებენ. საქართველოს ტურიზმს რომ საშუალება აქვს კიდევ უფრო გაიზარდოს, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტურიზმის საკითხების ექსპერტმა ვანო ვაშაყმაძემ განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს 3 მილიონი ტურისტი ესტუმრება.