გლობალურ ბაზრებზე არასტაბილური ვითარებაა

მსოფლიოში საფონდო ბირჟების ინდექსების გაუმჯობესება აღირიცხა იმ ვარდნის შემდეგ, რომელიც ბოლო ორ კვირაში იყო და რასაც აშშ-ისა და ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების დავალიანებები იწვევდა.

სამშაბათს უოლ სტრიტზე აქციების ფასებმა ვაჭრობის ბოლო წუთებში მოიმატა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემა, ცენტრალური ბანკი, გამოვიდა უპრეცედენტო დაპირებით, რომ სულ მცირე ორი წლის განმავლობაში აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებს ნულის სიახლოვეს დატოვებს.

აშშ-ის აქციების კურსის წამყვანი მაჩვენებელი, „დაუ ჯონსი“, სამშაბათს, ვაჭრობის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, თითქმის ორი პროცენტით იყო დაწეული, თუმცა სანამ სამუშაო დღე დამთავრდებოდა, ის, პირიქით, 4 პროცენტით გაიზარდა.
უფრო ფართომასშტაბიანი, 500 ერთეულის მომცველი ინდექსი - „სტანდარდ ენდ პურსი“ - თითქმის 5 პროცენტით გაიზარდა. „ნასდაკის“ მიხედვით კი, აქციებმა 5.29 პროცენტით მოიმატა.
ამას მოჰყვა ოთხშაბათს აზიის ბაზრებზე აღრიცხული ზრდა. განწყობა დადებითი იყო სიდნეიშიც - ავსტრალიურმა აქციებმა, მნიშვნელოვანი ვარდნის შემდეგ, 5.5 პროცენტზე მეტით მოიმატა.
პოზიტიური ინფორმაცია ვრცელდება ახლო აღმოსავლეთის და ევროპის ბაზრებიდანაც, რუსეთის ჩათვლით. როგორც ჩანს, აქაც დადებითად იმოქმედა ინფორმაციამ, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი ინვესტორების ნდობის მოპოვებას ცდილობს - ევროზონის დავალიანების კრიზისისა და გასულ კვირაში აშშ-ის საკრედიტო მაჩვენებლის ჩამოქვეითების ფონზე.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მაინც ეჭვობს, რომ ეს გაუმჯობესება დროებითია. მათ შორის არის „როიალ ბენკ ოფ სკოტლანდის“ მთავარი ეკონომისტი, იუნკო ნიშიოკა: „ჩემი აზრით, ბაზრების ასეთი რეაქცია მხოლოდ დროებითია, ვინაიდან ბაზარი ხედავს გლობალური ეკონომიკური რეცესიის საფრთხეს. ანუ ეკონომიკას სულ უფრო მეტად ამყარებს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების აკომოდაციური მონეტარული პოლიტიკა - რეალობა კი ის არის, რომ ეკონომიკა უკვე ადგას გლობალური რეცესიის გზას.“
ამასთან, ნიშიოკას აზრით, აშშ-ის ცენტრალური ბაზრის გადაწყვეტილებამ, მთავარი საკრედიტო განაკვეთები ნულის სიახლოვეს დატოვოს, შესაძლოა დოლარის კიდევ უფრო დაცემა და მასთან მიმართებით სხვა ვალუტების ღირებულების ზრდა გამოიწვიოს.ამის გამო კი, ექსპერტის ვარაუდით, შეიძლება უარყოფითი გავლენის საფრთხე შეექმნას ამ ქვეყნებში ექსპორტზე კონკურენციას.

ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ბოლო საათებში აღრიცხული მატება პოზიტიური ფაქტორია, თუმცა გრძელვადიან ტენდენციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მიმდინარე თვეში საფონდო ბირჟებზე აღრიცხულ დაცემას იწვევდა, ერთი მხრივ, შეშფოთება, რომ აშშ-ში შეიძლება კიდევ ერთი რეცესია მოხდეს, მეორე მხრივ კი, ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებში სულ უფრო მეტად მზარდი დავალიანების კრიზისი.