ახალგორში სახლების წართმევა დაიწყეს

ახალგორი

ახალგორში ქართველების სახლებში ოსური ოჯახები იჭრებიან. როგორც რადიო თავისუფლებას ახალგორელმა რესპონდენტმა უამბო, მაია წიპტაურის სახლში ალიკა ბედოევი შეიჭრა. სახლის პატრონმა მილიცია გამოიძახა და ბედოევს ბინის დაცლა მოსთხოვა. ბინაში შეჭრილმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა დაკეტილ სახლში იგივე მოხდებოდა. ადგილობრივ მილიციას რეაგირება არ მოუხდენია და მხოლოდ ის თქვა, რომ ყველაფერი ახალგორის ოსური ადმინისტრაციის უფროსთან ალან ჯუსოევთან იყო შეთანხმებული. რადიო თავისუფლება ალან ჯუსოევს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა ვლადიკავკაზში იმყოფება, მომხდარი ინციდენტის შესახებ არაფერი იცის და ვითარებაში ადგილზე ჩასვლის შემდეგ გაერკვევა.

ამჟამად ახალგორში ბევრი დაკეტილი სახლია, მათი მფლობელების დიდი ნაწილი აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევას ეხება, დაბაში ვითარება დაიძაბა.

ახალგორში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იქ მცხოვრებ ქართველებს ბინების წართმევას უპირებენ. როგორც ახალგორელები ამბობენ, წლების წინ, როცა იქ მცხოვრებმა ოსებმა ვლადიკავკაზში წასვლა გადაწყვიტეს სახლები ქართველებს მიჰყიდეს, ახლა კი ამ სახლების უკან დაბრუნებას აპირებენ.

90-იან წლებში დედის მიერ გაყიდული სახლის დაბრუნება დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ვალიკო გაბარაევმაც გადაწყვიტა. ახალგორელების ცნობით, მან სახლის ამჟამინდელ მეპატრონეს სახლის დაცლა უკვე მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაძევებით დაიმუქრა.

რადიო თავისუფლებამ დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ვალიკო გაბარაევთან დაკავშირება მოახერხა. მისი თქმით, ბინის ამჟამინდელ მეპატრონეს გამოძევებას კი არ უპირებს ფულს სთავაზობს სახლის დაბრუნების სანაცვლოდ. გაბარაევის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ძალადობის გზით სახლების დაბრუნება და ამ საკითხს კოკოითის მთავრობა მალე ცივილიზებულად გადაჭრის.

ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ ყოჩიშვილი, ამბობს, რომ დაბაში ძალადობას ბიძგი კოკოითის ცნობილმა ბრძანებამ მისცა. ამ ბრძანების მიხედვით, ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.

ახალგორში ყველა კორპუსში არსებული ბინა ახლა სახელმწიფო საკუთრებად ითვლება. ოსური ადმინისტრაცია ასეთ სახლებს, კომუნალურ ბინებს ეძახის. ავთანდილ ყოჩიშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებას ამ ბინებით ფულის შოვნა აქვს გადაწყვეტილი.

ამჟამად ახალგორელების ერთი ნაწილი, რომელმაც ბინა წლების წინ ოსური ოჯახებისგან შეიძინა და ახლა ისევ დაკარგა, სასამართლოში დაობს; მეორე ნაწილს კი სახლებს ძალადობის გზით ართმევენ... ამ დროს კოკოითის ხელისუფლება წეროვანში წასულ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრების უფლება გაუუქმა, დაბაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.