საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლონელი კოლეგა ლეხ კაჩინსკი თბილისში, 2008 წლის 26 მაისს

რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. მისი თვითმფრინავი იმ ადგილის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა ათასობით პოლონელი დახოცეს. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის დასავლურ მისწრაფებებს და, რუსეთის მუქარის მიუხედავად, აგვისტოს ომის დროსაც კი საქართველოს მხურვალედ ქომაგობდა.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოში იმყოფებოდა ყოველთვის, როცა კი ქვეყანას უჭირდა. ეს იყო შიდაპოლიტიკური დაძაბულობის დროს თუ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შემოჭრის დღეებში. კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს. ამიტომ საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვას განსაკუთრებით განიცდიან. საქართველოს ხელისუფლებიდან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო უკანასკნელი, ვინც ლეხ კაჩინსკის შეხვდა. დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა პოლონელ ხალხს:

”ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება 2008 წლის აგვისტოს უმძიმესი დღეები, როდესაც ის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა თბილისში და რუსთაველის გამზირზე ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად გაატარა ის უმძიმესი საათები, როდესაც ყველანი ველოდებოდით, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო. ჩვენ დავკარგეთ დიდი მეგობარი, პოლონეთმა დაკარგა ლიდერი, ევროპამ დაკარგა სახელმწიფო მოღვაწე. მე თანაგრძნობას ვუცხადებ პოლონეთის ხალხს.”

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დიდი მეგობრობა და მამაცობა გაიხსენეს საქართველოს მთავრობის წევრებმაც. ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, კაჩინსკის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა არა მარტო პოლონელი ხალხისთვის, არამედ საქართველოსთვისაც:

”როცა რუსების ტანკები ჩვენს ქალაქებს უტევდნენ და რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ საქართველოს, სწორედ მაშინ ის იყო ინიციატორი იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის პრეზიდენტები ერთად შეკრებილიყვნენ და, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა და პირდაპირი მუქარისა, რომ შეიძლება მათი თვითმფრინავი ჩამოაგდონ, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში და პრეზიდენტი კაჩინსკი ჩვენს გვერდით იყო, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა.”

აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლონურ პრესაში მადლიერებით გაიხსენეს ლეხ კაჩინსკის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად გადადგმული ნაბიჯები. 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების ჩამოყვანის ორგანიზატორი სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი იყო. მის თვითმფრინავს რუსეთი უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევდა და თბილისში გაფრენაზე უარს აცხადებდნენ კაჩინსკის პირადი პილოტებიც კი. მაგრამ კაჩინსკიმ დაჟინებით მოითხოვა გაფრენა და თავისას მიაღწია კიდეც: თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ ასი ათასზე მეტ დემონსტრანტს ის, თავის კოლეგებთან ერთად, ქართულად მიესალმა და მხარდაჭერა გამოუცხადა:

Your browser doesn’t support HTML5

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა


“ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ საქართველოს შემდეგ იქნება უკრაინა, შემდეგ პოლონეთის ჯერიც მოვა. მთელი ევროპა ერთად უნდა იყოსო”, - განაცხადა მაშინ ლეხ კაჩინსკიმ და ნატოს ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, თბილისში ალიანსის წევრი ოთხი ქვეყნის პრეზიდენტების გვერდით დამდგარიყვნენ.

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობდა ომის შემდეგაც და ამის გამო სიცოცხლე საფრთხეშიც კი ჩაიგდო. 2008 წლის 23 ნოემბერს, თბილისში სტუმრობისას, ის და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგორის რაიონისკენ გაემგზავრნენ იმის შესამოწმებლად, თუ როგორ ასრულებდა რუსეთი ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიახლოებისას, ავტომატური იარაღით ცეცხლი გახსნეს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის ჯარები და ოსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. მაშინ პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმება არ სრულდება:

ლეხ კაჩინსკი, ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტისას
”რა თქმა უნდა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ მცდარია ყველა განცხადება, რომელიც ამტკიცებს თითქოს 6-პუნქტიანი გეგმა შესრულდა. მსურს მივმართო ჩემს მეგობრებს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, გაითვალისწინონ მომხდარი და გამოიტანონ დასკვნები, ვიდრე ძალიან არ დაგვიანებულა.”

პოლონეთის პრეზიდენტს სხვა არაერთ კრიტიკულ მომენტშიც გამოუხატავს მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. მისი პრეზიდენტობის დროს განსაკუთრებით გაღრმავდა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა და პოლონეთი საქართველოსთვის ერთგვარ ხიდად იქცა როგორც ნატოსთან, ასევე ევროპის კავშირთან დაახლოების გზაზე.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პოლონეთი არც ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას:

”იგი მართლაც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი გახდა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მოპოვებისათვის ბრძოლაში. ამიტომ ეს საქართველოსთვისაც, უდავოდ, დანაკარგია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა არ იმოქმედებს საერთოდ პოლონეთის, როგორც მეგობარი სახელმწიფოს, პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ.”

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოს მიმართ გაწეული ღვაწლისთვის წმინდა გიორგის ორდენითაა დაჯილდოებული.