Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეხ კაჩინსკი: აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსის ბიოგრაფია


ლეხ კაჩინსკი
ლეხ კაჩინსკი
ბევრი პოლონელის თვალში პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი - რომელიც 10 აპრილს, 60 წლის ასაკში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა - პრინციპულობის განსახიერებას წარმოადგენდა. ის კათოლიციზმის გულმხურვალე მიმდევარი იყო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მორალური სიცხადის დაცვის მოწოდებით გამოდიოდა.

სხვები კი მის კონსერვატორულ მოსაზრებებს თანამედროვე პოლონეთისთვის მოძველებულად აღიქვამდნენ.

პირველად პოპულარობა მას სამსახიობო ხელოვნებამ მოუტანა - ბავშვობაში, თავის ტყუპისცალ ძმასთან, იაროსლავთან ერთად მან პოპულარულ ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „ორნი, ვინც მთვარე მოიტაცა“.

პოლონეთი დაღუპულ პრეზიდენტს დასტირის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

თუმცა კაჩინსკი მსახიობი არ გამხდარა. რეპრესიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში მცხოვრებმა კაჩინსკიმ მოღვაწეობის სფეროდ პოლიტიკა აირჩია და დემოკრატიული ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. უმაღლესი განათლება მან ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიულ და ადმინისტრაციის ფაკულტეტზე მიიღო. 1980 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა შრომის კანონმდებლობის სფეროში.

როცა 1981 წლის დეკემბერში კომუნისტურმა რეჟიმმა პრო-დემოკრატიულ მოძრაობაზე ზეწოლა გააძლიერა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კაჩინსკი დაკავებულ პირენს შორის აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოძრაობა „სოლიდარობაში“ გაფიცვების კომიტეტის მრჩეველი იყო. მას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული თავისუფლება.

გათავისუფლდა თუ არა ის კვლავ „სოლიდარობაში“ დაბრუნდა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ მიწისქვეშა ბრძოლა განაახლა.

1989 წელს კაჩინსკიმ მონაწილეობა მიიღო დასუსტებულ რეჟიმსა და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში - რასაც შემდგომ „მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები“ ეწოდა. ამ პროცესს კომუნისტური რეჟიმის ნელი დაშლა მოჰყვა.

კაჩინსკიმ აქტიური მოღვაწეობა თავისუფალ პოლონეთშიც გააგრძელა - იბრძოდა ისეთი ქვეყნის ასაშენებლად, სადაც „სოლიდარობის“ ღირებულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში იქნებოდა გატარებული. მისი პოლიტიკური კარიერა სწრაფი ტემპით განვითარდა. კაჩინსკი წარმატებით მუშაობდა როგორც სენატორი, კონტროლის პალატის პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი, ვარშავის მერი, დეპუტატი და ბოლოს პრეზიდენტი. ამასთან, მან თავის ტყუპისცალ ძმასთან ერთად მემარჯვენე ორიენტაციის, კონსერვატორული, „კანონისა და სამართლის“ პარტია დააარსა.

კაჩინსკის მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. თუმცა მის პატიოსნებას და პრინციპულობას თითქმის არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ - მათ შორის არც ყველაზე რადიკალური პოლიტიკური ოპონენტები.

ის პრეზიდენტად 2005 წელს აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ კი მისი ძმის ხელმძღვანელობით მოქმედმა „კანონისა და სამართლის პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ერთი წლის განმავლობაში პოლონეთში ძალაუფლებას ტყუპი ძმები იყოფდნენ. მალე ისინი „პოლონეთის მეოთხე რესპუბლიკის“ შექმნის მოწოდებით გამოვიდნენ - რომელშიც, მათი თქმით, დაცული იქნებოდა სოციალური სამართალი, საზოგადოებრივი მორალი და საჯარო ცხოვრებაში სიცხადე.

პრეზიდენტის რანგში კაჩინსკი აქტიურად მუშაობდა პოლონეთის მიერ გატარებული აღმოსავლეთის პოლიტიკის გაძლიერებაზე. ის მხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში. კაჩინსკი კრემლის პოლიტიკის მწვავე კრიტიკითაც იყო ცნობილი - ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩავიდა და სოლიდარობა გამოუცხადა მას.

კაჩინსკი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის ემზადებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ის შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ წამოაყენებდა თავის კანდიდატურას.
XS
SM
MD
LG