Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფაში დაიღუპა ლეხ კაჩინსკი


ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია
ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია
პოლონელები რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და სხვა ოფიციალურ პირებს გლოვობენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კატასტროფის ადგილას, სმოლენსკში ჩავიდა. დღევანდელ ფაქტს მან „პოლონეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ამბავი“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სატელევიზიო გამოსვლაში პოლონელი ხალხის მიმართ ღრმა თანაგრძნობა გამოხატა: „ძვირფასო მეგობრებო, პოლონეთის რესპუბლიკის პატივცემულო მოქალაქეებო - მე და რუსეთის ყველა მოქალაქე შეძრულები ვართ საშინელი ტრაგედიით, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლე მარიას და პოლონეთის იმ მოქალაქეების სიკვდილით, რომლებიც დაღუპულ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ" - განაცხადა მან. მედვედევის ბრძანებით ორშაბათი, 12 აპრილი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სამძიმარი გამოხატა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც, რომელიც სწრაფად ჩავიდა კატასტროფის ადგილას.

თვითმფრინავში მყოფი 96 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა.

კაჩინსკის მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.

ლეხ კაჩინსკის დაღუპვის ცნობას ღრმა მწუხარებით გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები. ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ”დიდი გაბედულების, დიდი გულის და პრინციპების“ მქონე ადამიანად გაიხსენა და თქვა, რომ მას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული საქართველოს თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე ”საქართველოს ინტერესების დაცვაში გამოჩენილი გმირობის გამო”. პოლონელ ხალხს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

პოლონეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ეხმაურებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ავიაკატასტროფაში კაჩინსკის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვა უდიდესი დანაკარგია პოლონეთისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც. პუტინი სათავეში ჩაუდგა ავარიის მიზეზების საგამოძიებო კომისიას. მწუხარება გამოთქვეს გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა.
XS
SM
MD
LG