ტელეფონი

ეს წერილი პირველად 10 წლის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ჩემთვის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ამიტომ მსუბუქი ადაპტაცია ჩავუტარე და გადავწყვიტე ბლოგზე დადება. თანაც “გაერთიანებულმა ტელეკომმა” სექტემბრიდან ტელეფონით სარგებლობისთვის ახალი ტარიფები დააწესა. მართალია, ტარიფებს არ შევეხებით, მაგრამ, იმედია, აქ აღწერილი ზოგიერთი სიტუაცია შეგახსენებთ მათი არსებობის შესახებ.

დილაობით ზოგს მაღვიძარა აღვიძებს, ზოგს ბიორითმები, ზოგს შინაური ცხოველი, ზოგს შვილი და ზოგსაც უშვილობა. ჩემთვის ამ ფუნქციას ტელეფონის ზარი ასრულებს. ამიტომ ვერ ვიტან ტელეფონს. იმდენად მძულს, რომ ხშირად მესიზმრება - თითქოს მძინავს და ტელეფონი რეკავს. როგორც წესი, როცა კოშმარულ სიზმარში ისტორია კულმინაციას აღწევს, დამფრთხალს გეღვიძება და გიხარია, რომ მთელი ეს საშინელება მხოლოდ სიზმარი იყო. ჩემთან ყველაფერი უკუღმაა: სიზმარში ტელეფონის ზარით გაწამებული ვიღვიძებ და... ტელეფონი კი აგრძელებს რეკვას.

ამიტომ დღის პირველ ზარს არ ვპასუხობ ხოლმე - ვიცი, ათ წუთში მას მეორეც მოჰყვება. დამრეკი იგივეა. საერთოდ, დილაობით ერთი და იგივე ხალხი რეკავს. დღესაც ასე იყო.

როგორც ყოველთვის, პირველი როკ-მუსიკოსი მირეკავს. მას, ძირითადად, არ ვუსმენ ხოლმე. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, ძილბურანში ვარ, მეორეც - დღის განმავლობაში კიდევ 4-5-ჯერ შემეხმიანება და, გარდა ამისა, ვიცი, რასაც მეტყვის - სხვა სიტყვებით მომიყვება ძველ ამბებს, ანუ როგორ არ ესმით მისი პოტენციურ სპონსორებს და როგორ პარავენ იდეებს კოლეგები. ამიტომ მასთან საუბარში სულ ორიოდე ფრაზას ვხმარობ: “აჰა’’, “ყოჩაღ’’, “კაი ერთი”, “მაგარია’’...

ისევ საწოლში ვწვები, რომ ადგომის წინ ხუთიოდე წუთი ვინებივრო, მაგრამ ვინ გაცლის. ყურმილიდან მესმის ფრაზა, რომელიც ტელეფონზე მეტად მეჯავრება: “ხომ არ გაგაღვიძე?’’, “არა, რას ლაპარაკობ, სულზე მომისწარი, უკვე გავდიოდი’’, უმოწყალოდ ვიტყუები და ვცდილობ ხმას სიმხნევე შევმატო. “საუზმობისას თქვენი გაზეთის კროსვორდს ვავსებდი და ერთი სიტყვა დამრჩა’’. “შვეულად არის თუ თარაზულად?’’, ვეკითხები ყალბი ინტერესით. “შვეულად’’, ვერ ხვდება ირონიას, “კომუნიკაციის საშუალება, პირველი სამი ასო ტელ არის, ბოლოს სამი - ონი’’. “ტელეფონი’’ - ვპასუხობ გაბრაზებული და ყურმილს დაუმშვიდობებლად ვკიდებ’’.

ჩაცმა არ მაქვს დამთავრებული, რომ მირეკავს, ინგლისელი მეგობარი რომელიც საქართველოზე წიგნს წერს და მხოლოდ ორ წუთს დამაკარგვინებს, თუ მოკლე ინფორმაციას მივაწვდი ქართულ როკზე, სპორტსა და ჟურნალისტიკაზე. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ზრდილობიანად მიხდის ბოდიშს და მემშვიდობება. არა, ამ ინგლისელებს ვერ წაართმევ ჯენტლმენობას - თუნდაც დილის 9 საათზე.

ახლა მთავარია, სააბაზანომდე მივაღწიო. ისევ ზარი: ნათესავს მაცივარი გაუფუჭდა და ხელოსნის ტელეფონი უნდა. “რა სჭირს?’’, ვეკითხები უაზროდ და ვხვდები, რომ ფატალური შეცდომა დავუშვი, რადგან შემდეგი 15 წუთის განმავლობაში იძულებული ვარ, ვისმინო ლექცია სამაცივრო დანადგარებზე. გასაგებია, რატომ მელაპარაკებიან როკზე, ჟურნალისტიკასა და სპორტზე, მაგრამ სრულიად აუხსნელია, როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს და მესაუბროს მაცივარ “დნიპროს’’ ტექნიკურ მონაცემებზე, რომელიც ჩემს დაბადებამდეა დამზადებული.

სააბაზანოდან თანამშრომლის ზარმა გამომიყვანა: “შეიძლება ხვალ არ მოვიდე?’’ “შეიძლება, მაგრამ დღეს იქნები?’’ “რა თქმა უნდა’’. “ჰოდა, სამსახურში ვერ მეტყოდი, უთენია რომ არ დაგერეკა?!’’ ვბრაზობ და პირიდან “ბლენდამედის’’ ქაფს ვიცილებ. “რა ვიცი, ვიფიქრე საქმეს წინ წავიგდებ-მეთქი’’.

შემდეგ ზარს ვერ ვცნობ: “დენი გაქვს ახლა?’’ იმ იმედით, რომ გამოვიცნობ, ვინ არის, დროს ვწელავ: “ისე რა’’. “აუჰ, შენ რა მაგრად ხარ!’’, მეზობლის ქალი აღმოჩნდა. საღამომდე ისეთი რაღაცის სესხებას მთხოვს, რაც არ ვიცი, რა არის. “ჩამოვალ და მე თვითონ ვნახავ’’. ბელგიური საჭმლის ზეთი აღმოჩნდა.

ბინიდან თითქმის გასულს, მეგობრის ზარი მაბრუნებს ტელეფონთან. უკვე ისე დამაგვიანდა, რომ მისი ხმა აღარ მაღიზიანებს: “მისმინე, გუშინ აიფონი მაჩუქეს და ჩემ მესამე თაობის “სონი-ერიქსონს” ძალიან იაფად მოგცემ’’. აქ თავს ვეღარ ვიკავებ: “იცი რა - მსოფლიოში ყველანაირი ტელეფონის დედაც მო...’’

როცა სხვადასხვა სიტუაციებს აღვწერ, რათა როგორმე გავამართლო ბლოგებში ასაღები ჰონორარი, გამონაგონს და რეალობას ერთმანეთთან ვაჯერებ. თანაფარდობა მათ შორის, ძირითადად ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. მაგრამ ამ უკანასკნელ ბლოგში ეს ბალანსი ცალსახად დარღვეულია: მოთხრობილ ისტორიებში 99 პროცენტზე მეტით სინამდვილეა.

რაც ჩემთვის სავალალოა, ეს მდგომარეობა დღესაც გრძელდება. ტექნოლოგიების განვითარებას, ბუნებრივია, კომუნიკაციის საშუალებების დახვეწა და გამრავალფეროვნება მოჰყვა. ტელეფონით დაკომპლექსებული, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ტექნიკური ინოვაციების საშუალებით ჩემი სოციალური აქტივობის ზრდას. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ვირტუალურ ურთიერთობებს მსოფლიოს გლობალურ ქსელში არსებული ფორუმების და Facebook-ის ტიპის სოციალური პროექტების მეშვეობით.

რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ წერილს, მან ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმუშავა: გამოქვეყნების შემდეგ წერილის გმირების პროტოტიპები სათითაოდ მირეკავდნენ და აზუსტებდნენ, ისინი ხომ არ მიგულისხმია წერისას. როცა ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი გამონაგონი იყო, კმაყოფილები მადლობას მიხდიდნენ წერილისგან მიღებული სიამოვნების გამო.

წარმოიდგინეთ, მე რა კმაყოფილი ვიქნებოდი ამდენი სატელეფონო საუბრით. თან გაითვალისწინეთ, რომ ბლოგის ვერსიაში ორიოდე სიტუაცია ამოვიღე.