გემოვნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის უგემოვნებოდ “არჩევასთან” დაკავშირებით, გამახსენდა ერთი ეპიზოდი ამერიკელი ჟურნალისტების, კოვაჩის და როზენსტილის წიგნიდან "ჟურნალისტიკის ელემენტები": 1981 წლის დეკემბერში, პოლონეთში იარუზელსკის სამხედრო რეჟიმის დროს, ყოველ საღამოს, რვის ნახევარზე, როცა სახელმწიფო ტელევიზია ახალი ამბების გადაცემას იწყებდა, პატარა ქალაქ შვიდნიკის თითქმის მთელი მოსახლეობა გარეთ გადიოდა და ქალაქის ცენტრში, პატარა პარკში, ძაღლებს ასეირნებდა. გდანსკში ხალხმა ტელევიზორები ფანჯრებთან დადგა – ეკრანებით ქუჩისკენ. შვიდნიკელებიც და გდანსკელებიც ერთმანეთსაც ანიშნებდნენ და მთავრობასაც, ჩვენც უარს ვაცხადებთ ყურებაზე, ჩვენ სიმართლის თქვენეულ ვერსიას არ ვიღებთო.

ახლა კი შეპირებული ბლოგი.

როცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, აქაურმა ექსპერტებმა დაგვამშვიდეს – ეს კრიზისი საქართველოს არ ემუქრებაო. თავიდან გამიხარდა, რომ კრიზისი გვერდს აგვივლიდა. დიდი ჰუმანისტის გულისტკივილით ვადევნებდი თვალყურს სამყაროს გასაჭირს, რომელიც ჩემს სამშობლოს არ ეხებოდა. აი, ამერიკაში “კრაისლერმა” თანამშრომლები დაითხოვა, მაგრამ მაინც გაკოტრდა, გერმანიაში ვიღაცამ თავი მოიკლა, რადგან 54-მილიონიანი ქონება გაუნახევრდა, იაპონიაში “სონიმ” მკვეთრად შეამცირა სნუკერის მოთამაშე რობოტთა წარმოება, ინგლისელები კი – არც დაიჯერებთ! – იძულებულნი არიან, “ჰეროდსის” ნაცვლად, “მარკს ენდ სპენსერში” იარონ საყიდლებზე. მოკლედ, ცივილიზაცია სრულ კოლაფსშია. საქართველოში კი “მაგრა საკაიფოდ” ვართ. ერთადერთი, მე და ორიოდე ჩემნაირს, მაჰათმა განდის დონის კაცთმოყვარეს, გვეკუმშება გულები, როცა წარმოვიდგენთ, როგორ უხდებათ ინგლისელ ჯენტლმენებს სასადილოდ “მაკდონალდსში” სიარული. და კიდევ ერთი რამ –ამის მიუხედავად, ყველას ერთნაირად გვიხარია რუსეთის ეკონომიკის კრახი, რომელსაც შესაშური ინტენსივობით აშუქებს ქართული მედია.

ასე გაგრძელდა რაღაც პერიოდი. მერე ნელ-ნელა შემეცვალა განწყობა. ჯერ ცოტათი გული დამწყდა: რატომ უნდა ჩამორჩენოდა საქართველო საერთაშორისო ეკონომიკურ კარნავალს?! ნუთუ არა ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრები?! ნუთუ ჩვენ არ გვეხება გლობალიზაცია?!

მერე ნერვიულობაც დავიწყე. არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. ლარის კურსის სტაბილურობამ კი საერთოდ გამაცოფა. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, აგვისტოს ომში, გარკვეული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, რუსეთის სასტიკი დამარცხების დადებითი შედეგი ხომ არ არის-მეთქი.

საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა. როცა ხელფასმა ერთი თვით დაიგვიანა, მივხვდი, რომ საქართველოში გლობალიზაციის პირველი ნიშნების თვითმხილველი გავხდი. მეორე თვეშიც რომ ვერ მივიღე კუთვნილი ანაზღაურება, დავრწმუნდი, რომ ჩვენ არა მარტო პირველი, არამედ ნამდვილი ევროპელებიც ვყოფილვართ. წერტილი ყველაფერს მესამე თვის უხელფასობამ დაუსვა. თანაც ამას ერთი ამბავიც დაემთხვა.

სწორედ იმ დღეებში ჩემმა უბნელმა პარიკმახერმა, ედიკამ, როგორც ჟურნალისტს, ერთი ქართული გაზეთი მაჩვენა. სულ მგონია, რომ ასეთი გაზეთების მკითხველი აუდიტორია მხოლოდ ორი ადამიანით – რედაქტორით და კორექტორით შემოიფარგლება ხოლმე. ედიკას გაზეთი აშკარად ერთკაციანი იყო. ყოველ შემთხვევაში, იმ სტატიის მიხედვით, რომელიც მისი დაჟინებული მოთხოვნით წავიკითხე, გაზეთს კორექტორი არ ჰყავდა. სტატია ედიკას შესახებ გამოქვეყნებული იყო რუბრიკით “ჩვენი ქალაქის კოლორიტი” და იქ ედიკა მოხსენიებული იყო არა როგორც დალაქი, არამედ როგორც სტილისტი. მანამდე მეგონა, რომ სტილისტს ჟან-პიერი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ფრანსუა უნდა რქმეოდა. ედიკას სტილისტობამ და ჩემმა ფინანსურმა მდგომარეობამ ცხადად დამანახა, რომ საქართველო ფაქტობრივად ნატოში იყო.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს დამქირავებელს მივაკითხე – ოთხი თვეა ხელფასი არ ამიღია და ხო არ ვიხურებით-მეთქი. არა, არა, რამ გაფიქრებინა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ეტყობა შენ არ გცოდნია - მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისიაო.

გადავწყვიტე, ამ სიტუაციით მეც მესარგებლა და საკუთარი თავისთვის მომეხსნა ოჯახის კეთილდღეობაზე მზრუნველის პასუხისმგებლობა. ოჯახის წევრებს გამოვუცხადე, ისეთი დეპრესია მაქვს, 30-იანი წლების ამერიკა სამოთხე მგონია-მეთქი. იმიჯიც შესაფერისი შევიქმენი: დავსევდიანდი; წვერს ყოველდღე აღარ ვიპარსავდი; იაფფასიანი სიგარეტის მოწევით (მოწევა მავნებელია!) თითები და ტუჩები ჩავიყვითლე; ყასიდად ვინტერესდებოდი ტოტალიზატორის ფსონებით; ნაცნობებს ვეკითხებოდი, ჯობს.გე-ზე შესვლას რამე აზრი თუ აქვს-მეთქი? ქუჩაში დავდიოდი იღლიაში ამოჩრილი გაზეთ “სიტყვა და საქმით”; ვიდექი ფაბრიკა-ქარხნებთან და ნაღვლიანად შევყურებდი აგურით ნაშენ მაღალ საკვამურებს, საიდანაც კვამლი არ ამოდიოდა; მეგობრებს ვუყვებოდი, თუ როგორ მშურდა თვითმფრინავისფერ ნაგვის ურნებში მოფუთფუთე ჩემი თანამემამულეების გამბედაობის; ვრეკავდი 09-ში იმის გასაგებად, თუ სად შეიძლებოდა ბოთლების ჩაბარება ყველაზე მაღალი ტარიფით; დავიწყე ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მოხმარება, ოღონდ ამერიკისგან განსხვავებით, ის სავსებით ლეგალურად იყიდებოდა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში და უკეთეს შემთხვევაში, ბულგარეთში ჩამოსხმულ შოტლანდიურ ვისკის წარმოადგენდა; გაყინული გამომეტყველებით, საათობით ვიჯექი ტელევიზორთან და უაზროდ მივჩერებოდი ღრმააზროვან გადაცემებს.

ერთხელ, ტელევიზორთან ჩვეული თვიგვემის სეანსის დროს, ჩემი ყურადღება ერთმა ამერიკულმა ფილმმა მიიპყრო. “სამი მუშკეტერი” აღმოჩნდა. ეგრევე მიხვდებოდი, როგორი ფილმიც იყო - ამერიკელებს რომ უყვართ ყველაფრის, განსაკუთრებით კი კლასიკური, ევროპული სიუჟეტების თავიანთ ჭკუაზე გადაკეთება. თვითონ ამას კომერციალიზაციას ეძახიან, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ისეთი სიტყვა ჰქვია, რომლის ხმარება საზოგადოებაში, თვით სტადიონებზეც კი, უხერხულია.

ასეთ ფილმებში, როგორც წესი, ისტორია და ისტორიული პირები ფონია ხოლმე ეკრანის ამერიკანიზებული გმირებისათვის, რომლებიც ათას სისულელეს სჩადიან, რომ სინამდვილეს მაქსიმალურად მოსწყდნენ. ისტორიას და ისტორიულ პირებს რეჟისორები ნაკლებად ამახინჯებენ. ამ ფილმში კი აშკარად ზედმეტი მოუვიდათ.

რატომ გადაწყვიტეს ფილმის შემქმნელებმა, რომ მარტინ შინის შვილი, ჩარლი, არამისს ჰგავს, ძნელი სათქმელია. ან რაში დასჭირდათ სიჩლუნგით გამორჩეული პორთოსის “იუმორის” გრძნობით აღჭურვა? მათსავე ნამუსზეა კიფერ საზერლენდის ათოსისთვის ისეთი იერის მიცემა, რომ ფრანგი მუშკეტერი სკანდინაველ პოპ-მუსიკოსად (ABBA-ში მეორე B რომ არის - ბიორნი) აქციეს.

მაგრამ, როგორც ჩემ ახალგაზრდობაში იტყოდნენ, ეს ჟურნალი იყო, კინო ახლა იწყება: მეფე ლუი მეცამეტე და დედოფალი ანა ავსტრიელი რომეოსა და ჯულიეტას თაობის ტინეიჯერები არიან. თავისი დროის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი კარდინალი რიშელიე, მართალია, წითელ ფერებში, მაგრამ მაინც ტიფლისელი კინტოსავით არის გამოწყობილი და, რაც მთავარია, კინტოსავით იქცევა. მეფის მოსაკლავად, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე საზოგადოების წინაშე სპიჩით გამოდის, მან ქილერი დაიქირავა. ქილერს გასკონელი გაუსწორდება. იწყება ჩხუბი, რომლის დროსაც არამისის სიცოცხლეს ისევე იხსნის რკინის ჯვარი, როგორც ჯეიმს ბონდს გულის ჯიბეში ჩადებული პორტსიგარი. საბოლოოდ მეფის და კარდინალის მუშტი-კრივი იმით მთავრდება, რომ მეფე კარდინალს ეფექტური დარტყმით ნავიდან ზღვაში გადააგდებს. მაგრამ ამ ფილმის ერთი ეპიზოდი გამორჩეულად მაღელვებს: დედოფლის სააბაზანოში შესული კარდინალი, კასრში შამპანურის ბოთლივით ჩადგმული ანა ავსტრიელის კითხვაზე, აქ როგორ მოხვდიო, პასუხობს - მეფეს ვეძებო.

მოგეხსენებათ, დიუმა როგორი სიმსუბუქითაც ექცეოდა ისტორიას. ამას დაუმატეთ ფილმის შემქმნელების აულაგმავი ფანტაზია და მიხვდებით, რატომ არასდროს არ იქნება პარიზში ბარაკ ობამას ქუჩა.

P.S.: ამ ფილმით შთაგონებული სხვა დასკვნები ამერიკის შესახებ - შემდეგ ბლოგში.