საფრანგეთი

მასმედიაში ჩემი დებიუტი როკმუსიკასთან იყო დაკავშირებული. კავშირი საკმაოდ მყარი გამოდგა და როცა საზოგადოებასთან ჩემი საურთიერთობო ენის გამრავალფეროვნება გადავწყვიტე, გარკვეული სახის პრობლემებს წავაწყდი. ადვილი არ აღმოჩნდა ქართული როკის კრიტიკოსის იმიჯიდან თავის დაღწევა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ირონიულად ვუყურებდი ჩემს არაფორმალურ ტიტულს - როგორ შეიძლება იმის კრიტიკოსი იყო, რაც ბუნებაში არ არსებობს?!

აი, როცა გამოფენებზე დავიწყე წერა, დაახლოებით ასეთი რამ გამოდიოდა: ვთქვათ, ვწერ გია მირზაშვილის გამოფენაზე. გია ძალიან კარგი მხატვარია და გულწრფელად მომწონს სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მისი ნამუშევრები. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სტატიაშიც მარტო ეს წერია გიას შემოქმედებაზე. დანარჩენი კი არის ის, რომ გამოფენის გახსნაზე მისულ მრავალრიცხოვან დამთვალიერებელთა შორის იყვნენ ლადო ბურდული და ირაკლი ჩარკვიანი. და სტატიაში ეს ფაქტი მომყავდა იმის საილუსტრაციოდ, რომ როკი საქართველოში კლასიკური მოდელით ვითარდება. დასავლეთში როკმუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად ხომ სწორედ მხატვრებთან მეგობრობენ. ასევეა საქართველოშიც. თანაც, გარდა იმისა, რომ დასარტყამ საკრავებზე უკრავს და ირაკლის ჩანაწერებში და კონცერტებზე მონაწილეობს, გია არის სერიოზული ბიტლომანი. და ასე შემდეგ.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ ჩემი გასაჭირი, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ზედიზედ რამდენიმე წელი ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ღირსებებზე აქცენტირებული სტატიები დამეწერა, გაზეთში ამერიკასთან დაკავშირებული როკ-სიმღერების ტექსტებს ვაქვეყნებდი შესაბამისი მინაწერებით. ერთხელ სპრინგსტინის Born in the USA (“აშშ-ში დაბადებული”) დავბეჭდე, რომელიც თავისი განწყობით ნამდვილად არ იყო პატრიოტული. მაგრამ თავის დროზე რონალდ რეიგანმა შეაქო – სამშობლოს სიყვარულის ნიმუშიაო და ეს მთელმა ამერიკამ აიტაცა. ეტყობა მართლა მაგარი პოლიტიკოსი იყო რეიგანი, ასე, ერთი შექებით რომ გააფერმკრთალა სპრინგსტინის მეამბოხური სული.

დაახლოებით ასევე ვიქცეოდი დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას კლასიკური გაგებით ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის, რევოლუციის, განთავისუფლების და ა.შ. დღე არა აქვს (ანდა, საიდან ექნება, როცა მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს თავიანთ ეროვნულ დღესასწაულად ბრიტანეთისგან განთავისუფლების დღე აქვთ გამოცხადებული). ამიტომ ინგლისელები ეროვნულ დღესასწაულს დედოფლის დაბადების დღეზე აღნიშნავენ. დედოფალი გაზაფხულზეა დაბადებული, დაბადების დღეს კი ზაფხულში უხდიან, თანაც ყოველ წელს სხვადასხვა დღეს, თითქოს პრემიერლიგის სეზონის გახსნის თარიღი იყოს. მოკლედ, ასეა თუ ისე, იმ დღეს მკითხველს გარანტირებული ჰქონდა ჯგუფ Queen-ის სიმღერების ტექსტი. მაგრამ მე საიდან ვიცოდი როდის უნდა დამებეჭდა Queen-ის სიმღერები? ყოველ ზაფხულს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს მისი უდიდებულესობის ქვეშევრდომები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ისეთი აღტაცებული ჭიხვინით მეუბნებოდნენ – ამა და ამ დღეს ინგლისის საელჩოში მიღებაა და უფასოდ დაგვალევინებენო, რომ კაცი იფიქრებდა, თითქოს ჩემთან სმის დროს ფულს იხდიდნენ.

რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა სიმღერების ტექსტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და მათი გამოქვეყნებით მკითხველს ვეღარ მიიზიდავდი, გადავწყვიტე ამ ქვეყნებზე ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებშიც, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმული იქნებოდა მათი ტრადიციული ღირებულებები.

დავიწყე ინგლისიდან. თავიდან ჩამოვწერე ამ ქვეყანასთან ასოცირებული რამდენიმე სტერეოტიპი: შთამბეჭდავი კოლონიალური წარსული, როკი, ფეხბურთი, ლიტერატურა, ამინდი, მეცნიერება, მონარქია და ასე შემდეგ. შემდეგ დავიწყე პარალელების გავლება თანამედროვეობასთან და ისეთი სავალალო სურათი დაიხატა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთი, განსაკუთრებით იუმორთან მწყრალად მყოფი მკითხველი მორიდებულად კითხულობდა – იქნებ არ ღირდა დედოფლის დაბადების დღისთვის ამ სტატიის გამოქვეყნებაო. იქ კი დაახლოებით ასე იყო:

თუნდაც უკანასკნელი მონარქის მმართველობის ხანაში გარკვეულ სფეროებში აშკარაა უკუსვლა. რამდენად ღირსეულად შეცვალა “ბითლზი” “ოაზისმა”? ანდა ფეხბურთი ავიღოთ: “ბითლზის” ეპოქაში, 1966 წელს ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დღეს კი შეუძლია “უემბლიზე” წააგოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც 1966-ში არც კი არსებობდნენ. სავალალო მდგომარეობაა ლიტერატურაში, რომლის საუკეთესო წარმომადგენელი დღეს როულინგია. ასევეა ტრადიციებით განთქმულ სამეცნიერო სკოლაში – უკანასკნელი, რითაც ინგლისელმა მეცნიერებმა მსოფლიოს თავი შეახსენეს, გიჟი ძროხების განკურნებაა.

არც ამინდი დავზოგე, იმიტომ რომ, შემოდგომაზეც ვარ ინგლისში ნამყოფი და ზამთარშიც და არც ქარს შევუწუხებივარ, არც ყინვას, არც წვიმას და ნისლი საერთოდ ვერ ვნახე. ასე რომ, ნისლიანი ალბიონი ისეთივე მითია, როგორც ინგლისური სამზარეულო, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

ცხადია, პრინც ჩარლზის მიერ მორყეულ მონარქიულ ინსტიტუტსაც შევეხე და ნახევარი მსოფლიოს მომცველი შთამბეჭდავი იმპერიის ნარჩენებსაც, რომელიც დღეს ორიოდე მოცუცქნული არქიპელაგით არის წარმოდგენილი და თანაც ზღვის მოქცევის დროს წყლით იფარება.

შეიძლება ეს ასეა, მაგრამ ქვეყანამ იცის, რომ სიამოვნებით ვუსმენ თანამედროვე ბრიტპოპს, ძალიან მაღალი აზრის ვარ თანამედროვე ინგლისელ მწერლებზე, მეცნიერებზე და ინჟინრებზე და მიმაჩნია, რომ პრემიერლიგაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ.

ეს ყველაფერი კი იმიტომ დავწერე, რომ სტერეოტიპები დამენგრია; პირველ რიგში კი საკუთარ თავში. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ შევძელი. ვერ გამოვედი როკ-კრიტიკოსის როლიდან. სხვანაირად ვერ ავხსნი, თუ რატომ არ აღვნიშნავდი საფრანგეთის უდიდეს ზეიმს, ბასტილიის აღების დღეს, 14 ივლისს, რომელსაც ამერიკის ეროვნული დღესასწაულიდან მხოლოდ 10 დღე აშორებს. ალბათ იმიტომ, რომ ინგლისისა და ამერიკისგან განსხვავებით, საფრანგეთი არ არის როკის ქვეყანა.

შეიძლება ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა თუ არაფერი, საფრანგეთს ორი ისეთი რამ აქვს, რის გამოც მთელი მსოფლიო ქედს უხრის. ეს არის სიგარეტი “ჟიტანი” (მოწევა მავნებელია!) და ედიტ პიაფი, რომლის მხოლოდ ერთი რომელიმე სიმღერა გადასწონის მთელ ანგლო-საქსურ პოპმუსიკას.

P.S. თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ ამერიკულ სტერეოტიპებზე და თბილისურ სტერეოტიპულ მენტალიტეტზე.