Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხვლეტა ულვაშით


„სად არის ანალიზი, სად არის მედია?“
ბ. ივანიშვილი. 2014 წლის სექტემბერი

შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილს არ აშფოთებდეს ულვაშიანი კაცის წარმატება, ჰიპოთეტურად მაინც არ გრძნობდეს ამ ულვაშის ტოქსიკურობას და სიბასრეს, მისი ჩხვლეტის მომაკვდინებელ ძალას. შეუძლებელია, არ ცდილობდეს მომხდარის გააზრებას და ვინმე "ფსიქოპროექტივით" სანდო ექსპერტისგან არ ისმენდეს ანალიზს ულვაშიანი კაციდან მომდინარე საფრთხეზე - რომ სტალინის შემდეგ ასე გამოკვეთილად ულვაშიანი პოლიტიკური ლიდერი (ზვიადის ზომიერი, ინტელიგენტურად მოკრძალებული ულვაში არ ითვლება) არ გვყოლია და, რომ ულვაშიანობა თავისთავად უკვე ხიფათის შემცველია; რომ (თუ ბოლომდე ჩავყვებით ანალიზში) წვერი ბევრს არაფერს გეუბნება ადამიანზე, რომ წვერს იოლად უშვებენ და იოლად ელევიან მამაკაცები, რომ წვერი სიზარმაცითაც შეიძლება მოუშვას კაცმა, გაუაზრებლად, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ფიქრის გარეშე, მაშინ როცა ულვაშის მოშვებას სხვა ამბავი სჭირდება, სხვა განზრახულობა და, რომ ულვაში, გინდა-არ გინდა ფორმაში ყოფნისკენ, ყურადღების დაძაბვისკენ გიბიძგებს, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც მოგინდომებს:

ულვაშის აწევას
ულვაშის გაპარსვას
ულვაშის შეგინებას
ულვაშის შერცხვენას
ულვაშის მოჭრას

ანალიტიკოსები აუცილებლად აუხსნიან ბატონ ბიძინას, რომ ულვაშიანმა ამ რისკებისგან უნდა დაიცვას თავი, რომ სულ უნდა იფხიზლოს, პრევენციული ზომები მიიღოს, რომ აგრესიული უნდა იყოს, მრისხანე, რათა აზრად არავის მოუვიდეს ულვაშისა და, შესაბამისად, მისი ღირსების ხელყოფა, რომ რაღაცნაირად დაძაგრულმა, შეგუბებული აგრესიით უნდა აბრიალოს თვალები, მალიმალ ისვას ხელი ულვაშზე და იძახოს:

ულვაში ნუ მსხმია
ეს ულვაში მომპარსეთ
ულვაში არა მქონდეს

„სწორედ ეს შეგუბებული აგრესია გამოარჩევს ჭეშმარიტ ულვაშას სხვებისგან! ბატონო ბიძინა, შეხედეთ, როგორი კეთილი გამომეტყველება აქვს დავით უსუფაშვილს ან დავით ბაქრაძეს (პირდაპირ უცინით თვალები), მაშინ, როცა მეორე ტურში გასულ ბატონ ვაშაძეს ხიშტების მთასავით საზარლად აშლია ულვაში“, - ამგვარ ანალიზს, ალბათ, ბევრს მოისმენს ამ დღეებში ბატონი ბიძინა “ფსიქოპროექტში” ჩართული მკვლევარების ან მენცარის აკადემიკოსებისგან. ალბათ, თვითონაც ბევრ დროს დახარჯავს ჩაანალიზებასა და ვითარებიდან გამოსავლის ძებნაში, დრო ხომ არ ითმენს, პოლიტიკურ ოპონენტს ხომ ულვაშებთან ერთად რეიტინგიც ეზრდება?!

ნეტა, რა შეეშალა ბ-ნ ბიძინას, მას ხომ, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, სწორი ანალიზის უნარი აქვს?

იქნებ, შვილმოკლულ ზაზა სარალიძესთან შეეშალა, რომლის თავგანწირული ბრძოლისადმი გულგრილი დარჩა და, რომელსაც ნაციონალებისთვის სამიტინგო ადგილის შემნახველი უწოდა?

იქნებ, შეეშალა მალხაზ მაჩალიკაშვილთან, რომლის ტრაგედია საერთოდ ვერ მოხვდა მის თვალსაწიერში?

იქნებ, არაფორმალურმა მმართველობამ არ გაამართლა? ბიზნესმენებისათვის საქმეების გარჩევამ და თბილისის ისედაც ღრმა სარდაფების კიდევ უფრო გაღრმავებამ?

იქნებ, სოციალური მგრძნობელობის ატროფიის ბრალია? რომ არ სჯერა სიღარიბის ზრდისა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ორჯერ უფრო კარგადაა, უბრალოდ, მედია ამახინჯებს რეალობას? (“დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ”. ბ. ივანიშვილი).

იქნებ, თავისი შესაძლებლობებისა და როლის არაადეკვატური აღქმის ბრალია?

აკი, ჯერ კიდევ 2012 წელს თქვა, „მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაშიო“. საიდან მოიტანა? რაზე დაყრდნობით დაასკვნა?

იქნებ, სულაც არ არის მენეჯმენტი მისი „კანიოკი“, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაში მაინც?

იქნებ, ხალხზე არასწორი წარმოდგენის ბრალია? ის ხომ დარწმუნებულია, რომ „მოქალაქეების უმრავლესობას სწორი ანალიზის უნარი არ აქვს“ ( 2013 წ. ოქტომბერი) და, რომ ყველა ხარბია („ყველას ფული უნდა, ყველა ფულზე ოცნებობს“. 2014 წ. დეკემბერი), არადა, თვითონ დაჰპირდა ამ ხალხს „უფასო ფულს“, გადასახადების შემცირებას, ცხოვრების გაიაფებას, პენსიების გაზრდას საარსებო მინიმუმამდე, სამუშაო ადგილებს და ა.შ.

იქნებ, იმის ბრალია, რომ არ შეეძლება ეგზოტიკური მცენარეებისა და ცხოველების („ზვიგენები საჭიროა არა მხოლოდ ურეკში, არამედ, მაგალითად, კახეთში“. 2014 წ. დეკემბერი) მსგავსად, ადამიანების ვოლუნტარისტული გადატანა მათთვის შეუსაბამო გარემოში? იქნებ, პრინციპულად არასწორი არჩევანი იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების სურვილი?

იქნებ, ამ ყველაფერზე უკვე მართლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი? იქნებ, მართლა ეძებს გამოსავალს? იქნებ, არ გამორიცხავს გარკვეული გადაწყვეტილებების შეცვლას? იქნებ... თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბატონმა ბიძინამ, რომელიც მოჭარბებულად დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში („ნურაფრის გეშინიათ. ყველაფერს ვაკონტროლებ!“ 2013 წ. თებერვალი) თავის თავს უღალატოს, არსებითად შეცვალოს ქცევა, მართვის სტილი. თავის თავში დაიწყოს მიზეზების ძებნა და ყველა არსებული პრობლემა მედიის არასწორი გაშუქებითა და საზოგადოების არასწორი აღქმით არ ახსნას. ბატონ ბიძინას, ალბათ, არ ჰგონია, რომ ექვსი წელიწადი უყაირათოდ გაფლანგა და, რომ ამომრჩეველს ვერ გაუმართლა მოლოდინი და იმედები. სავარაუდოდ ახლა იმას ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ულვაშებიანი კაცია და, რომ, თუ მთლიანად ვერ მოპარსავს ულვაშს, რამენაირად ისე მაინც შეკრიჭოს, რომ ძალიან ჩხვლეტია და სახიფათო არ იყოს.

როგორც გააკეთებს ამას?

პატარა ტრიუკით, ალბათ, ვერ გამოძვრება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG