Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მათემატიკა - ჰუმანიტარების ჯოჯოხეთი


14 მარტს, ანუ მე-3 თვის მე-14 დღეს (3.14), მათემატიკის მოყვარულები აღნიშნავენ π რიცხვის დღეს - არაოფიციალურ დღესასწაულს, რომელიც 1987 წელს მოიგონა ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ. ეს დღე საკმარის მიზეზს იძლევა მათემატიკაზე სასაუბროდ, მათემატიკაზე, როგორც კულტურის ნაწილზე, როგორც მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დარგსა და მილიონობით ადამიანის კოშმარზე.

ცნობილი ლექსიკოგრაფი პროფესორი მიხეილ ჭაბაშვილი მოგონებების წიგნში იხსენებს მათემატიკასთან, უფრო ზუსტად, არითმეტიკასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს, რომელიც პირველ კურსზე შეემთხვა აკადემიკოს აკაკი შანიძის ლექციაზე.

„გრამატიკულ რიცხვს გვიხსნიდა, თან წინ და უკან დადიოდა კათედრასა და მერხებს შორის. გაჩერდა ჩემს წინ, სახესთან მომიტანა ორი გაშლილი ხელისგული და მეკითხება: აბა, ჭაბაშვილო, რამდენი თითი მაქვსო. მე ვუპასუხე, ათი-მეთქი. შემდეგ მეკითხება, ათ ხელზე რამდენი თითი იქნებაო. მე გუნებაში გავამრავლე ათი ათზე და ვუპასუხე, ასი-მეთქი. ამან ლექციაზე დიდი მხიარულება გამოიწვია“.

[ასი არა? აბა, რამდენი?]

ასეა, მათემატიკა, უფრო ზუსტად, არითმეტიკა ყოველ ფეხის ნაბიჯზე სდევს ადამიანს, ჯიუტად ახსენებს მათემატიკური ცოდნის საჭიროებას ყოფასა თუ პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ განსაკუთრებული „სისასტიკით“ უწამლავს სიცოხლეს ე.წ. “ჰუმანიტარებს”. არადა, პატარა არითმეტიკული ამოცანა „ვეფხისტყაოსანშიც“ გვხვდება („როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა“), როცა ავთანდილისა და როსტევანის მიერ დახოცილ ირმებს, თხებს, კანჯარებსა და „მაღლად მხტომელ“ ქურციკებს აჯამებენ:

„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია“

[ნეტა, ვინ რამდენი დახოცა?]

ქართველი „ჰუმანიტარები“ ბევრად უარეს დღეში იყვნენ XVIII საუკუნემდე, როცა, ვახტანგ ბაგრატიონს (ვახტანგ VI) რომ დავესესხოთ, “მრავალაგზის მტერთაგან მოოხრებულ ქუეყანასა არღარა დაშთომილ იყო ქართულსა ენასა ზედა სწავლა ესე ფილასოფთა“.

სწორედ ვახტანგ მეექვსემ შექმნა (თარგმნა და ქართული ტერმინოლოგიით გამართა) იმ დროის ცოდნის შესაბამისი სახელმძღვანელოები არითმეტიკაში („ანგარიშის ცოდნა“), გეომეტრიასა და ტრიგონომეტრიაში, სადაც არითმეტიკული მოქმედების შესაბამისი ქართული ეკვივალენტები ლათინურიდან ასე თარგმნა: „გამოსვლა“ - გამოკლება, „კვრა“ - გამრავლება, „გაწილვა“ - გაყოფა. „წინწკალი“ ანუ წერტილი განმარტებულია როგორც „რაც რამ ფერი რომ არ გაიყოფის“. „სიფრიფანა“ (იგივე სივაკე) - სიბრტყეა, „ცქიტი“ - წრის, ანუ „გრაკალიის“, ცენტრია, „კენტორი“ კი - დიამეტრი.

ვახტანგ VI-ის პორტრეტი 1709 წელს ქართულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნიდან (ვიკიპედია).
ვახტანგ VI-ის პორტრეტი 1709 წელს ქართულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნიდან (ვიკიპედია).

ბრუნვის ფიგურებიდან საინტერესოა კონუსისა და ცილინდრის განმარტებები: კონუსი - „მწვეტმრგვალი ძირბრტყელი“, ცილინდრი - მრგვალი თავძირბრტყელი - „ერთი რამ რომ იყოს, თავი და ძირი ბრტყელი ჰქონდეს და ტანი მრგვალი ჰქონდეს, იმას ჰქვიან“.
გეომეტრიის სახელმძღვანელოში ვახტანგ მეექვსეს π-თვის აღებული აქვს არქიმედესეული მიახლოება ,ანუ 22/7 (სხვათა შორის, მათემატიკის ბევრი მოყვარული მე-7 თვის 22-ე რიცხვშიც (22 ივლისს) აღნიშნავს π რიცხვის დღეს“).

ვახტანგ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორის, რაულ ჩაგუნავას, აზრით, მე-18 საუკუნის დასაწყისის საქართველოში წარსულის მათემატიკური მემკვიდრეობიდან ერთ ნიმუშსაც კი არ მოუღწევია, რის გამოც ვახტანგის სახელმძღვანელოები პირველგამკვლევ შრომებად შეიძლება მივიჩნიოთ, ქართული თანამედროვე მათემატიკის ფუძემდებლად კი უდავოდ ითვლება ანდრია რაზმაძე - თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი, უმაღლეს მათემატიკაში ქართულად ლექციის პირველი წამკითხველი, მათემატიკის პირველი ქართველი დოქტორი (სორბონის უნივერსიტეტი), მათემატიკაში საუნივერსიტეტო პირველი სახელმძღვანელოს ავტორი და ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის შემქმნელი.

ანდრია რაზმაძე
ანდრია რაზმაძე

თანამედროვე საქართველოში მათემატიკა ისწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ქართული მათემატიკური სკოლა (პედაგოგები, მეცნიერები) ანგარიშგასაწევ ინეტელქტუალურ ძალად ითვლება რეგიონში, თუმცა, ამის მიუხედავად, მათემატიკა სულ უფრო მეტ ადამიანში იწვევს არა, უბრალოდ, გულგრილ დამოკიდებულებას, არამედ ძლიერ ანტიპათიას. როგორც ირკვევა, ამგვარი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

„რისი ბრალია, რომ მრავალი ადამიანი შეძლებისდაგვარად სწრაფად ივიწყებს მათემატიკას და იხსენებს მას, როგორც ცხოვრების კოშმარს?“ - ამ შეკითხვას სვამს ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნისა „მათემატიკა - ძალიან მოკლე შესავალი“, ტიმოთი გოუერსი, რომელიც თვითონვე ცდილობს კითხვაზე პასუხის გაცემას:

„ალბათ, თვით მათემატიკა როდია დამნაშავე იმაში, რომ არ არის მიმზიდველი საგანი, არამედ ეს მათემატიკის გაკვეთილებიდან გამოტანილი გამოცდილების ბრალია. ეს არც არის გასაკვირი. მათემატიკას უწყვეტი აგებულება აქვს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი შესწავლისას. მაგალითად, თუ კარგად არ იცით ორნიშნა რიცხვების გამრავლება, მაშინ, ალბათ, ინტუიციურად არ გაგიჩნდებათ ნათელი წარმოდგენა დისტრიბუციულობის კანონზე, თუ კარგად არ იცით დისტრიბუციულობის კანონი, კომფორტულად ვერ იგრძნობთ თავს ფრჩხილების გახსნის წესით გამოსახულების გამარტივებისას და ა.შ.“

ინგლისელი მათემატიკოსი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც ადრეული ასაკიდან მათემატიკას კარგი, თავისი საქმის ენთუზიასტი მასწავლებელი შეასწავლის, თანდათან გაუჩნდება მიდრეკილება მათემატიკისადმი. ასეთ ბავშვს კი სასაცილოდ არ ეყოფა ისეთი მარტივი ამოცანა, როგორიც „ვეფხისტყაოსანშია“ მოცემული ანდა როგორიც აკაკი შანიძემ დაუსახა თავის სტუდენტს.

ისე, მაინც რამდენი ნადირი დაახოცინა ავთანდილს რუსთაველმა, როცა დაწერა:

„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრამ ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია“
-ო?

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG