განმართლებულხარ, განბანილხარ, განწმედილხარ,
ნათელღებულხარ, მირონცხებულხარ,
შენ შესაქმის ანბანი ხარ, ხატად ღვთისა,
ტაძრად გებულხარ... - საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტობამდე რელიგიური შინაარსის ასეთ ლექსებს წერდა...
საქართველოს დღეს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც რელიგიურ ლექსების წერაში არც პრეზიდენტობამდე ყოფილა შემჩნეული და არც - პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამიტომ ბევრი გააოცა, როცა რელიგიურ მსვლელობებში მიიღო მონაწილეობა, დაადგა წმინდა ნინოს გზას და ვაზის ჯვრით გაუძღვა მსვლელობას ფოკის მამათა მონასტრიდან მცხეთისკენ.
ცხადია, სალომე ზურაბიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ რელიგიურ რიტუალში, ილოცოს და იპილიგრიმოს, არაფერი დასაძრახი ამაში არაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია ავალდებულებს ასევე იზრუნოს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ზოგადად პრეზიდენტის ფიცშია ჩამოთვლილი:
„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.
საქართველოს პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ნინოს გზის“ გავლით, კეთილსინდისიერად აღასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, რადგანაც, მისივე თქმით: „ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც“.
თუმცა სალომე ზურაბიშვილს არ დაუზუსტებია, როგორ შეიძლება მოიზიდოს ტურისტები და ინვესტიციები პრეზიდენტისა და მეუფის თაოსნობით მოწყობილმა რამდენიმედღიანმა მსვლელობამ და როგორ შეიძლება შეიცვალოს რეგიონის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.
თუ არ ჩავთვლით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს და ერთ-ორ რუსულ ინტერნეტ-გამოცემას, სალომე ზურაბიშვილის პილიგრიმობის ამბით არც არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, არც ერთ ქვეყანასა და კონტინენტზე არ უკითხავთ, რომელია „ქართლის გზაი“ და არც ერთ გლობალურ მედიაში არ „გაჟღერებულა“ სანატრელი პასუხი, „საქართველო არის ესე"...
როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე ამბობს, არც იკითხავდნენ საქართველოს ამბავს და ვერც „გაიჟღერებდა“, რადგანაც ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და მართვას სხვა ცოდნა და სხვანაირად დაგეგმვა სჭირდება.
„ამგვარმა აქტიურობამ შეიძლება მხოლოდ ადგილობრივებზე იმოქმედოს, მაგრამ უცხოელი ტურისტებისთვის რომელიმე ქვეყნის ადგილობრივი პოლიტიკოსის აქტივობა ნაკლებად ღირებული და ნაკლებად საინტერესოა“, - ამბობს მაია სიდამონიძე.
საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე კი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო იშვიათად მოხვდება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი, მით უკეთესი იქნება საქართველოსთვის.
„სალომე ზურაბიშვილის ეს მსვლელობა ეგზოტიკურობას თუ შეგვძენდა მსოფლიოს თვალში“, - ამბობს შარაშენიძე.
სალომე ზურაბიშვილმა, ვიდრე ნინოს გზას დაადგებოდა, „ათორმეტი ასურელი მამის“ გზაც გაიარა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გაკეთებული განცხადებით უკიდურესად დაძაბა ვითარება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაუდგენელ მონაკვეთზე.
„საქართველოს და აზერბაიჯანს ეს პრობლემა ერგოთ მემკვიდრეობით, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით. შესაბამისად, ვითარების გამწვავებას ერიდება ორივე ქვეყანა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ის, რასაც არ გააკეთებდა საერთაშორისო ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტი. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ყოველთვის ცდილობენ არ ჩართონ ისეთი საკითხი, როგორიცაა რელიგია. ამ ქალბატონმა კი, რომელსაც თავი დიდ დიპლომატად მიაჩნია, რელიგიის უფაქიზესი თემა შეიტანა, რითაც უკიდურესად გაამწვავა ვითარება“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
პრეზიდენტის რელიგიური აქტივობით კმაყოფილია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მსვლელობაში არის სიმბოლო იმისა, რომ „წმინდა ნინოს მადლი მოქმედებს როგორც სასულიერო, ისე საერო დასში და ჩვენი ერის წინამძღოლებში“.
„ერის წინამძღოლებს“ კი მართლა სჭირდებათ წმინდა ნინოსა და სხვა სასწაულმოქმედი წმინდანების მადლი თუ მფარველობა. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საქართველოს უმაღლეს პირთა საქმიანობას უარყოფითად უფრო მეტი აფასებს, ვიდრე - დადებითად, და ეს მაშინ, როცა ინსტიტუტებს შორის კვლავინდებურად ლიდერობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს გამოკითხულთა 20 %, კარგად - 41 %, ცუდად კი - 21 %.
აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სხვა სახელისუფლებო შტოები და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ყველანაირად ცდილობენ, ზიარჭურჭლის პრინციპით მიუერთდნენ ყველაზე რეიტინგულ ინსტიტუციას, რათა მისი რეიტინგი და მხარდაჭერა თავიანთ რეიტინგად და მხარდაჭერად გაასაღონ.
ბიძინა ივანიშვილი სამების მოხატვას აფინანსებს, პარლამენტი წილხვდომილობის დღის შემოღებას უჭერს მხარს, სალომე ზურაბიშვილი კი რელიგიურ მსვლელობაში იღებს მონაწილეობას, თუმცა ხელში ვაზის ჯვრით და ფეხზე SKECHERS-ებით ის არც პილიგრიმსა ჰგავს და არც - სეკულარული ქვეყნის მმართველს, ის უფრო მზამზარეული ეთნოგრაფიული სანახაობაა, ერთგვარი პოლიტიკური ბერიკა სხვა ბერიკებს შორის, სადაც ვიღაც მეფობას იჩემებს, ვიღაც - დედოფლობას, ვიღაც - მოსამართლეობას, ვიღაც - ხუცესობას და ა.შ.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაც ასე ნელ-ნელა დაემსგავსება ბერიკაობას - ხმაურიან და შინაარსისგან დაცლილ სანახაობას.