„საქართველოში ყველას ჰგონია, რომ, თუკი თავის ოცკაციან „პარტიას“ ზვიადის სახელს დაარქმევს, მთელი ერი აუცილებლად მას უნდა გაჰყვეს. ამას დილეტანტები სჩადიან, ისინი, ვისაც არასოდეს უკეთებიათ ჭეშმარიტად ეროვნული საქმენი, ვინც იშვიათად ყოფილა ზვიადის გვერდით და საერთოდ, ვისთვისაც უცხოა ზვიადის „ცხოვრების წესი“, ანუ ჭეშმარიტი ზვიადიზმი“, - წერდა ჯერ კიდევ 19 წლის წინ თემურ ქორიძე, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი და უზენაესი საბჭოს წევრი, რომელმაც ზვიად გამსახურდიას უწოდა XX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ტრაგედიის დრამატურგი, რეჟისორი და მთავარი პროტაგონისტი.
19 წლის წინ, როცა ქვეყნის ე.წ. „პირველი პირი“ ჯერ ისევ ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო მისი მთავარი დასაყრდენი - ჟვანია-სააკაშვილის „მოქკავშირი“, ზვიად გამსახურდიას სახელს მხოლოდ ცალკეული, მარგინალური პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ, „ზვიადისტი“ და „ზვიადიზმი“ ჯერ კიდევ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური კონოტაციის მატარებელი იყო და უკავშირდებოდა დაუსრულებელ მიტინგებს, გავეშებულ „კარვის ქალებს“, დაპირისპირებას და ა.შ. წლების განმავლობაში ვითარება დიამეტრულად შეიცვალა, დღეს ყველა სოლიდური პარტია - მმართველი თუ ოპოზიციური - ცდილობს თავის რიგებში ჰყავდეს ზვიადისტური წარსულის მქონე პოლიტიკოსები; დღეს სიამოვნებით იხსენებენ იმ დროს, როცა გამსახურდიასთან ერთად ებრძოდნენ საბჭოთა რეჟიმს; სიამაყით აქვეყნებენ შესაბამის ფოტოვიდეომასალას და გულწრფელად ნანობენ შეიარაღებული გადატრიალების აქტიური თუ პასიური მხარდაჭერის გამო.
აი, ბიძინა ივანიშვილიც კი, რომელიც აქამდე არ ყოფილა შემჩნეული ზვიად გამსახურდიას თაყვანისცემაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეზე მოსწყდა თავის ბოტანიკურ სამოთხეს, ჩავიდა სოფელ ხიბულაში, ილაპარაკა ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებისა და მუზეუმის მოწყობის აუცილებლობაზე.
ოპონენტებმა შენიშნეს, ივანიშვილი ხიბულაში ჩაიყვანა არჩევნების მოგების სურვილმა და არა ზვიად გამსახურდიას იდეების ერთგულებამო. მართლაც და, ასე რომ არ იყოს, როგორმე აქამდეც გამონახავდა დროს, რომელსაც უშურველად ხარჯავს დენდროლოგიური პარკისათვის გამოსადეგი ხეების შერჩევასა და ტრანსპორტირებაზე. მოკლედ, ჩასვლის მიზეზსა და მოტივებზე კიდევ შეიძლება დავა, მაგრამ, ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლობა და მის ხსოვნაზე ზრუნვა ელექტორალურად მოგებიანი გახდა. საკითხავია, რატომ? როგორია ამ ცვლილების მექანიზმი? რა შეიცვალა, ბოლო ათი თუ ოცი წლის განმავლობაში? რა როლი აქვთ წარსულის გადაფასებაში ისტორიკოსებს?
ვეჭვობ, ისტორიკოსებს ამ მიმართულებით ჯეროვნად არ უმუშავიათ, მათ შორის არ უმუშავიათ ძველი, საბჭოთა პრინციპითაც: შევცვალოთ წარსული უკეთესობისაკენ!
მეცნიერებს ჯეროვნად არ შეუსწავლიათ და არ აუწონიათ ზვიად გამსახურდიას მმართველობის ხანმოკლე პერიოდი: როგორი იყო ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა? როგორი იყო დამოკიდებულება ავტონომიების მიმართ? როგორი იყო ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა? როგორი იყო დემოკრატიის ხარისხი? რამდენად იყო დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? როგორი იყო რეალობა და რა წილი ჰქონდა ამ რეალობაში გამოგონილ ამბებს?
ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდის შეფასებისას, უმეტეს შემთხვევაში, კვლავინდებურად ემოციები სძალავს არგუმენტებს, ემოცია კი ისეთი რამ არის, რაც იოლად ემორჩილება დროის დინებას, კონტექსტის ცვლას. მაშინდელი ოპოზიციის ბრალდებები ბევრს აღარაფერს ნიშნავს, რადგანაც ოპოზიციის მიერ არჩეულმა გზამ - კანონიერი ხელისუფლების დამხობამ, ომმა აფხაზეთში, კრიმინალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებამ, დსთ-ში შესვლამ, კორუფციის აყვავებამ, ქვეყნის გაღატაკებამ და ა.შ. - საფუძველი გამოაცალა მათი არგუმენტების დამაჯერებლობას. შესაბამისად, 1992 წლის იანვარის გადატრიალების შემდეგ მოსული მთავრობა ბევრად უარესი აღმოჩნდა წინამორბედზე. მხოლოდ იმის გამო, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, სახელმწიფო გადატრიალების მომწყობები, ერთ ქართველ მწერალს რომ დავესესხოთ, მცირე დროის განმავლობაში იქცნენ დიუმას გმირ მუშკეტერებად, რომლებიც მალევე დამარცხდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში - დროსთან ჭიდილში და წარმოჩინდნენ თავიანთი ნამდვილი, საზარელი სახით.
ასევე უსახელოდ დაასრულა ლამის 30-წლიანი მმართველობა გამსახურდიას მთავარმა ოპონენტმა, კორუფციაში ჩაფლულმა „კოლექტიურმა შევარდნაძემ“, რომელიც უსისხლოდ (როგორც ძირმომპალი კბილი) გადმოაფურთხა ქართველმა ხალხმა 2003 წელს.
სწორედ 2003 წელი იქცა შემობრუნების წერტილად ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდის გადაფასებაში, სწრედ ამ დროს, როცა „დამთავრდა შევარდნაძე“, მთელი სისავსით დაინახა საზოგადოების კრიტიკულად დიდმა ნაწილმა, რომ გამსახურდიას დევნიდა მასზე უარესი პოლიტიკური ძალა, რომელმაც არც პოლიტიკურად და არც ფიზიკურად არ დაინდო წინამორბედი.
ცხადია, იდეალური არავინაა, მაგრამ აშკარაა, რომ კოლექტიური მეხსიერების საცერში იოლად გადის ლიდერის კეთილი საქმეები, ქატო კი რჩება, და თუ ფქვილი ბევრად მეტია ქატოზე, ამ ქატოს, ისტორიკოსების გარდა, დიდად არც აღარავინ იხსენებს, ისევე როგორც აღარ იხსენებენ დავით აღმაშენებლისას, თამარისას, ილია ჭავჭავაძისას; ცდილობენ, აღარ გაიხსენონ პირველი რესპუბლიკის ლიდერებისა და ა.შ. ეგ კი არა, ბოლო დროს ფასი დაედო ედუარდ შევარდნაძის ფქვილსაც კი, რომელიც ბევრად ნაკლებია მისსავე ქატოზე.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიბრუნებას ზვიად გამსახურდიასკენ და მის ზრუნვას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნაზე. ძლივსმოგებული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი მართლა ეძებს სარგებელს და ცდილობს, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უხვად დაგროვილ თავის ქატოს სხვისი, ამ შემთხვევაში, ზვიად გამსახურდიას გამტკიცული ფქვილი გაურიოს.