Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრძოლას აგრძელებენ


„თიბისის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ადვოკატები „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმის დეტალები გააცნეს.

„42-ე მუხლის“ იურისტი დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ საქმის მასალებს დეტალურად შეისწავლიან და შემდეგ გადაწყვეტენ, რა სამართლებლივი მექანიზმი აამუშაონ.

„საქმემ, სიმართლე გითხრათ, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ამ მხარეს საკმარისზე მეტი არგუმენტები აქვს“, - განაცხადა ხაჩიძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ისესხა, გადაიხადა, ისესხა, გადაიხადა...

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ, პროკურატურის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეს საკუთარი ბანკი მოეტყუებინათ და თანხა მიეთვისებინათ. „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ისმეპატრონე ავთანდილ წერეთელს დაუკავშირდნენ, თანხა მისი მეშვეობით აიღეს და სადღაც წაიღეს.

„მაგრამ ფული აღებულია საბანკო გზით... ეს ფული არაკანონიერი გზით არ არის მოპოვებული“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

მისივე თქმით, პროკურატურა სპეციალურად იწყებს საუბარს 2008 წლიდან, მაშინ როცა ამბავი რეალურად 2007 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა „თიბისის“ მოსთხოვა კაპიტალი შეევსო. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ „სამგორისგან“ 7 მილიონი დოლარი ისესხეს და კაპიტალი ამ ფულით გაზარდეს. ამის შემდეგ ფული (30 პროცენტში) ისესხეს უცხოული კომპანიებისგან და „სამგორს“ ვალი გადაუხადეს.

„2008 წელს, როდესაც სესხის გასტუმრების დრო მოვიდა, ისევ „სამგორისგან“ ბადრიმ და მამუკამ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს თანხა. თავის მხრივ, წერეთელმა ეს ფული „თიბისი ბანკიდან“ გამოიტანა. ასე გაისტუმრეს უცხოელების სესხი“, - ამბობს ადოკატი ეკა ეგუტია.

ფულის გათეთრება რომ დაუმტკიცონ, პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რომ ბადრიმ და მამუკამ წინასწარ იცოდნენ მსოფლიო კრიზისის და ომის დაწყების შესახებ.
ზვიად კორძაძე


პარალელურად, „თიბისიმ“ ირლანდიურ ბანკთან დადო ხელშეკრულება, ბანკს „თიბისის“ წილები უნდა ეყიდა.

მიღებული თანხით „სამგორის“ ვალსაც გაისტუმრებდნენ და „თიბისიც“ გადარჩებოდა, მაგრამ ამ დროს მოხდა აგვისტოს ომი და მსოფლიო კრიზისი. ირლანდიური ბანკიც გაკოტრდა, „სამგორიც“ და ბევრი სხვა ქართული ფირმაც... ფულის გათეთრება რომ დაუმტკიცონ, პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს, რომ ბადრიმ და მამუკამ წინასწარ იცოდნენ მსოფლიო კრიზისის და ომის დაწყების შესახებ,“ - ამბობს ზვიად კორძაძე.

მისივე განმარტებით, პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფულის გათეთრება ფულის კონვერტაციისას მოხდა, რადგანაც ფული ჩარიცხვისას ლარში გადაიყვანეს, უცხოელების ვალის გასასტუმრებლად კი - ისევ დოლარში. კორძაძე ასევე ამბობს, რომ იმ ხანებში საქართველოში ლარის გარდა ფულის სხვა ვალუტაში ჩარიცხვა, უბრალოდ, აკრძალული იყო:

ზვიად კორძაძე: „ახლა მათი ანგარიშები დაყადაღებულია. მამუკას, ბადრის და მათი ოჯახის წევრებს „თიბისი ბანკში“ ნებისმიერი ტრანსაქციის გაკეთება აეკრძალათ. კრედიტსაც ვერ აიღებენ. „თიბისი“ ბანკმა შეწყვიტა დავა, მაგრამ მამუკამ და ბადრიმ ეს დავა გააგრძელეს. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი უფლებები არ ირღვეოდა და საქმე შეწყვიტა“.

ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ამჯერად საქმე სააპელაციო სასამართლოშია და თუ იქაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, სტრასბურგში გადაიტანენ.

წერილი ანაბეჭდებით

ზვიად კორძაძემ ილაპარაკა მუქარის წერილზეც, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, მას მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მისწერა. ბრიტანეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა. ამჯერად გამოძიებამ ეს ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებს უნდა შეადაროს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი


„გახსოვთ, გიორგი გახარია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევის გამოძიებას დაგვპირდა. მაშინ, ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე ჩააბარეს „თიბისის“ შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო ორგანოებს. ამის მიუხედავად, ამას არ იძიებენ. წარმოიდგინეთ, იმას არ იძიებენ, რაზეც ყველაფერი ცნობილია. ამიტომ, ბუნებრივია, ამ წერილზე გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს.

იმდენად მძიმე ბრალდება წაუყენა ხაზარაძემ მაშინდელ შს მინისტრს და ახლანდელ პრემიერს, რომ ჯანსაღ სიტუაციაში თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც გამოძიების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს, ფაქტობრივად, არის დანაშაულის ირიბი აღიარება“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება პირს, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა:

„შუამავლის დასახელება ჩემი პრეროგატივა არ არის. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, როდის დაასახელოს შუამავალი. ამ მტკიცებულების შემდეგ, ვინაობის დასახელება აზრს კარგავს. გამორიცხული არ არის, შუამავლის ანაბეჭდიც იყოს წერილზე“, - თქვა ზვიად კორძაძემ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ წერილთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამოძიება შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა წერილის ორიგინალი და არც შუამავალი დაასახელა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG