ხადის ხეობის მოსახლეობა26 სექტემბერს აქციის გამართვას გეგმავს. ადგილობრივები აპირებენ ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა გააპროტესტონ. სატრანზიტო გზამ ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე უნდა გაიაროს.
ხადელები შიშობენ, რომ 22-კილომეტრიანი გზა, 6 ხიდით და 5 გვირაბით, ხადის ხეობის ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს გაანადგურებს. როგორც ადგილობრივი ზურა ბურდული აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ჩინურმა კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd“-მა ხადაში გზის გაფართოება დაიწყო.
„ხეები და ბუჩქები მოჭრეს. ამოვიდნენ გარემოს დაცვის სამინისტროდან, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ან ქართული, ან რუსული, ან ინგლისური სცოდნოდა“, - ამბობს ზურა ბურდული. - „მოვითხოვთ, ახალმა გზამ გვერდი აუაროს ხადის ხეობას. სხვა მარშრუტი შეიმუშაონ“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის განყოფილების უფროსი დავით ჩიღოშვილი განმარტავს, რომ, თუ კომპანიას ხეების მოჭრაზე ნებართვა არ აღმოაჩნდა, დააჯარიმებენ.
„გუშინ ადგილზე არავინ იყო.დღეს კიდევ გავუშვი ბიჭები და, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ.წვრილი ხეები იყო და ტოტები“, - ამბობს ის.
ახალი გზა ხადის მცხოვრებთა სათიბებსა და ბოსტნებზე გადის. მათ ამ ტერიტორიის სახელმწიფოსთვის მიყიდვა მოუწევთ, მაგრამ მხოლოდ დადგენილ ფასად. ასეთი წესი მოქმედებს იმ მიწასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხადაში სახელმწიფომ მიწის საბაზრო ფასად დაადგინა:
- სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) მიწის ღირებულება 1კვ.მ- 5.6 ლარი;
- საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1კვ.მ - 8.4 ლარი;
- მიწის ნაკვეთები, განთავსებული მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, რომელთაც აქვთ ფრონტაჟი თბილისი-გუდაური-სტაფანწმინდის საავტომობილო მაგისტრალის მიმართ, 1კვ.მ - 65 ლარი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ განზრახ იაფად შეაფასა მიწა, რათა შემდეგ მომგებიან ფასად შეეძინა. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე იხსენებს ანალოგიურ შემთხვევას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, როცა თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაყვანისას მოსახლეობას, მართლაც, არაადეკვატური ფასი შესთავაზეს.
„მაშინ სახელმწიფომ სამხარაულის ბიურო დაიქირავა და დაადგინა ფასები, რომელიც არც სამართლიანი იყო, არც საბაზრო. როცა ექსპროპრიაცია ხდება, კონსტიტუცია ამბობს, რომ ანაზღაურება უნდა იყოს ისეთი, ადამიანმა მსგავსი ფართის შეძენა შეძლოს. მსოფლიო ბანკის სტანდარტით, ამ თანხას კიდევ 20-30 პროცენტი ემატება, რადგან იძულებული ხარ ადგილი შეიცვალო. მაშინ, ჩემი გამოძიებით, მიწის ნაკვეთი 20 -22 ლარი ღირდა, არადა, სამჯერ ნაკლებად შეაფასეს“, - ამბობს გიორგი მგელაძე.
გარდა ამისა, ადგილობრივების პრობლემა არის ისიც, რომ გზის ასაშენებლად სახელმწიფომ მოიზომა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობდნენ, დარეგისტრირებული კი არ ჰქონდათ.
„არ გვირეგისტრირებენ მიწას. საბუთები არ გვაქვს. არადა, ეს ერთადერთი ნაკვეთია, რომელიც ჩემ ქმარს გააჩნია“, - ამბობს ლია ბუჩუკური, სოფელ ბენიანიდან.
საავტომობილო გზების დეპარტამენში კი აცხადებენ, რომ მიწები, რომლებიც არავის საკუთრებაში არ იყო, საჯარო რეესტრში სახელწიფოს სახელზე დარეგისტრირდა, თუმცა, თუ ამ მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივები საკუთრების უფლების დადასტურებას შეძლებენ, მეპატრონე, შესაძლოა, შეიცვალოს.