Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 წიგნების ვირტუალური ფესტივალი და სხვა შესაძლებლობები ლიტერატორებისთვის


ახალი კორონავირუსის გამო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2020 წელს ვირტუალურად ჩატარდება. გამომცემლობები 12-მილიონიან ზარალზე ლაპარაკობენ და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ელოდებიან.

საიტზე ვირტუალური „სტენდები“ ვირტუალურ პავილიონშია განთავსებული. წიგნის შესაძენად გამომცემლობის ლოგოს ქვეშ დატანილი ორი ბმულით უნდა ისარგებლოთ. პირველი ბმულის საშუალებით კატალოგს დაათვალიერებთ, მეორეთი - იყიდით. მიწოდების სერვისი ყველა გამომცემლობას განსხვავებული აქვს და პირობებიც იქვე წერია. წელს ზოგიერთი გამომცემლობა ნაყიდ წიგნებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც მიიტანს.

ასეთია წიგნების ბაზრობა პანდემიის ჟამს, რომელიც 30-31 მაისს იმართება. გამომცემლობები მსურველებს წიგნების ფასდაკლებით შეძენას სთავაზობენ.

რაც შეეხება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამას, ის ფეისბუკგვერდზე გაიმართება.

„გამომცემლობებმა მაინც მოახერხეს საფესტივალოდ ახალი წიგნები ჰქონოდათ, ამ წიგნებსაც წარვადგენთ“, - ამბობს გვანცა ჯობავა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ფესტივალი, რომელიც უკვე რეალურ სივრცეში გაიმართება, 24-27 სექტემბრისთვის გადაიდო.

გამომცემლობების ზარალი, წინასწარი გათვლებით, 12 მილიონ ლარს აღწევს, - აცხადებენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში. ვირტუალური ბაზრობის ჩატარება ამის გამოც გადაწყდა.

ფრანკფურტის ბაზრობა ისევ ტარდება

ამასობაში გაირკვა, რომ წელს გადაიდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და შემოდგომაზე, ოქტომბერში, ჩატარდება.

„ამბობენ, რომ ამერიკიდან ვერ მოახერხებენ ჩასვლას და წელს ეს ფესტივალი უფრო ევროპული იქნება. ღონისძიებების ნაწილი უფრო მეტად ქალაქში (სხვადასხვა ადგილას) გადაინაცვლებს, რომ ხალხის მასა დაიქსაქსოს“, - ამბობს გვანცა ჯობავა.

როგორ ვებრძოლოთ ზარალს?

საგამომცემლო სექტორი ჯერ წიგნების მაღაზიების დახურვამ დააზარალა, შემდეგ ონლაინგაყიდვების აკრძალვამ. ახლა მაღაზიები ისევ გახსნილია, მაგრამ, როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი, ზვიად კვარაცხელია, ამბობს: „ადრე თუ ათ წიგნს ყიდულობდნენ, ახლა ერთს ყიდულობენ“.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგინა. გეგმაში ძირითადად საგადასახადო და საბანკო შეღავათებსა და ლიტერატურის სფეროში გრანტების გამოცხადების აუცილებლობაზეა საუბარი.

ამის პასუხად, კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამინისტროს გამოცხადებული აქვს მცირეგრანტიანი კონკურსი „ახალი ქართული წიგნი“ და სხვა პროექტებზეც ფიქრობს.

მწერალთა სახლის დირექტორი კი, ნატაშა ლომაური, ამბობს, რომ ძველ პროგრამებს წელს ორი ახალი გრანტი დაემატა: „რაც ადრე არ გვქონია, არის ის, რომ ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოვაცხადეთ - ცალკე ავტორებისთვის, ცალკე მთარგმნელებისთვის. დანარჩენი ჩვენი ლიტერატურული კონკურსები ყველა ძალაშია“.

ეს და სხვა პროგრამები, რომლებიც მწერალთა სახლმა ლიტერატორებისთვის გამოაცხადა, ორგანიზაციის ვებსაიტზეა განთავსებული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG